ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პარაპლანი – საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით – 115 კგ-ს, ხოლო მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს და საწვავის ავზის მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს, ხოლო საფრენი კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტია პარაშუტი;

ბ) პარაგლაიდინგი – სპორტის ექსტრემალური სახეობა, რომლის დროსაც მფრინავი აღმავალი თბილი ჰაერის ნაკადების ან ძრავის დახმარებით ახორციელებს პარაპლანით ფრენებს;

გ) სათადარიგო პარაშუტი –  პარაპლანით ფრენისას ავარიულად დაშვების საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრთის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების, ავტოროტაციის, მართვის კონტროლის დაკარგვისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც სტანდარტული ფრენა შეუძლებელია;

დ) საფრენი ადგილის ოპერატორი (შემდგომში - ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ – ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს უფლებამოსილი პირის  მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებასა და ზედამხედველობას უწევს ფრენების წარმოებას საფრენ ადგილზე;

ე) საფრენი ადგილი – შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასტარტო-დასაჯდომი მოედნებისა და პარაპლანით ფრენისთვის გამოყოფილი საჰაერო სივრცის ერთობლიობა, რომლის საფრენად ვარგისიანობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულია დასკვნა;

ვ) სასტარტო მოედანი – საფრენ ადგილზე განთავსებული ასაფრენი მოედანი, საიდანაც პარაპლანი უნდა აფრინდეს;

ზ) დასაჯდომი მოედანი – საფრენ ადგილზე განთავსებული სასტარტო მოედანი ან სხვა მოედანი, რომელიც გამოიყენება პარაპლანის დასაჯდომად;

თ) მფრინავის კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორია (შემდეგ – კატეგორია) – მართვის უფლება, რომელსაც ფლობს მფრინავი და რომელიც განსაზღვრავს მისთვის დაშვებული საფრენი აპარატის კლასსა და ფრენის სახეობებს;

ი) პარაპლანის მფრინავის მოწმობა – მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საფრენი აპარატის კლასი და კატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მფრინავს და რომელიც გაცემულია ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით უფლებამოსილი პირის მიერ; ელექტრონული ფორმის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

კ) საფრენი აღჭურვილობა და საკუთვნოები – ფრენისთვის სავალდებულო აღჭურვილობა და მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც პარაპლანთან ერთად იძლევა ფრენის შესაძლებლობას;

ლ) ელექტრონული რეესტრი –  სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც დაცული ელექტრონული მონაცემები საჯარო და უტყუარია;

მ) სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფი – ოპერატორის მიერ სათანადო კომპეტენციის კადრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების წარმოების სახმელეთო მხარდაჭერას;

ნ) კომერციული ფრენა – ანაზღაურების სანაცვლოდ, ორადგილიანი პარაპლანით განხორციელებული ფრენა;

ო) არაკომერციული ფრენა – კომერციული ფრენებისგან განსხვავებული, ამ წესით განსაზღვრული ყველა სხვა ერთადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა;

პ) საკონტროლო ბარათები –  ამ წესის №1 დანართში მოცემული „ფრენების აღრიცხვის ფორმა“ და კომერციული ფრენებისას მგზავრის საინფორმაციო თანხმობის ბარათი;

ჟ) მფრინავი – სათანადო კატეგორიისა და კლასის პარაპლანის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მართავს პარაპლანს;

რ) საფრენოსნო ექსპლუატაცია – პარაპლანის საფრენი აღჭურვილობისა და საკუთვნოების გამოყენება ფრენების წარმოებისთვის;

ს) ელექტრონული კაბინეტი – სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის დახმარებით ოპერატორი აღწერს ფრენებს და თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ წინამდებარე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ტ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური) – რადიოკავშირის დამყარების საშუალება, რომელსაც აქვს UHF-სიხშირეებზე მიღება-გადაცემის რეჟიმით ფუნქციონირების უნარი;

უ) საფრენი ინციდენტი – მოვლენა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საფრენი აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, მესამე პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას ან/და გამოიწვია ამგვარი ზიანი;

ფ) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა – ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობ