1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს განცხადება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

ბ) მიწის აზომვითი ნახაზი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

გ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში –  ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) იმ მიწის მესაკუთრე პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება, ან თანხმობის გამომხატველი სხვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

ე) საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. უფლებამოსილი პირს შეუძლია, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, დამატებით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენა.

4. უფლებამოსილი პირი განცხადების წარმოებაში მიღების, განხილვისა და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის მოთხოვნების მიხედვით.

5. განცხადების განხილვისას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე უფლებამოსილმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს არანაკლებ 5 სამუშაო დღე. ასეთ შემთხვევაში ვადის დენა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრამდე.

6. ხარვეზის აღმოსაფხვრელად უფლებამოსილი პირის  მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების ან ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უარი უნდა ეთქვას საფრენი ადგილის ვარგისიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობოს წერილობით.

7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, უფლებამოსილი პირის  მიერ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმიდან 15 კალენდარულ დღეში განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ პირს  ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზე.

8. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საფრენ ადგილზე გაგზავნის მიზნით, უფლებამოსილმა პირმა უნდა შექმნას სპეციალური ექსპედიცია. ექსპედიციამ უნდა შეისწავლოს ადგილის შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან, შეაფასოს საერთო საფრენი მოცემულობა და მოამზადოს დასკვნა დაინტერესებული პირის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოების არსებობისას აღნიშნული ერთთვიანი ვადა უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს განსაზღვრული დროით, იმგვარად, რომ განცხადების მიღებიდან დასკვნის მომზადებისთვის განკუთვნილი საერთო ვადა არ აღემატებოდეს სამ თვეს.

9. საექსპედიციო ჯგუფის შექმნისას უფლებამოსილი პირს შეუძლია, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯგუფში მოიწვიოს შესაბამისი კომპეტენციის პირები.

10. აუცილებელია, შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდეს ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი.

11. შესაბამისი რუკების, საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის, ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის ან სხვა საშუალებების გამოყენებით საექსპედიციო ჯგუფის წევრები განიხილავენ მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რელიეფს, რის საფუძველზეც უნდა შეისწავლონ აღნიშნულ ადგილზე ძირითადი და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები.

12. მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შექმნილ ჯგუფსა და განმცხადებელთან შეთანხმებით, იგეგმება საფრენ ადგილზე ექსპედიციის გასვლის თარიღი.

13. საექსპედიციო ჯგუფი ადგილზე აფასებს მდგომარეობას საცდელი ფრენების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე.

14. საცდელი ფრენების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ასაფრენი, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნები.

15. საცდელი ფრენების განხორციელებამდე უნდა განისაზღვროს ფრენის ძირითადი მარშრუტები, ფრენისთვის აკრძალული და სავარაუდო სახიფათო ზონები, უსაფრთხო ფრენებისთვის ხელის შემშლელი პოტენციური საფრთხეები და დაბრკოლებები.

16. საცდელი ფრენები საექსპედიციო ჯგუფმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა კლასის საფრენი აპარატებით.

17. საცდელ ფრენებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს ფრენების ანალიზი, რომელშიც დეტალურად განიხილება და შეფასდება პირველადი და არსებული მონაცემები. ამ შეფასების მიხედვით უნდა შეიქმნას საერთო წარმოდგენა ზოგადი საფრენი მოცემულობის შესახებ.

18. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, საექსპედიციო ჯგუფმა საცდელი ფრენები დაგეგმოს დამატებით.

19. დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე საექსპედიციო ჯგუფი განსაზღვრავს მოედნის საექსპლუატაციოდ ვარგისიანობისათვის დამატებით ჩასატარებელ სამუშაოებს და მოედნის აუცილებელ ტექნიკურ აღჭურვილობას.

20. საექსპედიციო ჯგუფმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა, რომელშიც აისახება ჩატარებული სამუშაოები, გაცემული რეკომენდაციები, საფრენი ზონის ნახაზი ძირითადი საფრენი და სახიფათო მიმართულებების მითითებით.

21. მომზადებული დასკვნა უნდა წარედგინოს უფლებამოსილ პირს.

22. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოიპოვოს საფრენი ადგილის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23. უფლებამოსილი პირი ადგილის საფრენად ვარგისიანობის დასადგენად საექსპედიციო დასკვნის გაცნობის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საფრენი ადგილის დათვალიერების შესახებ.

24. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის, ექსპედიციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშისა და ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი პირი განიხილავს ადგილის საფრენად ვარგისიანობის საკითხს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სერტიფიკატის სამი წლის ვადით გაცემის თაობაზე.

25. საფრენი ადგილის სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს, უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მსურველისთვის.

26. ელექტრონული რეესტრი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ჩანაწერებს:

ა) საფრენი ადგილის დასახელება;

ბ) საფრენი ადგილის  ადგილმდებარეობა, რეგიონისა და ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით;

გ) პარაპლანით ფრენისათვის ნებადართული სივრცის საზღვრები და არეალი;

დ) დაშვებული საფრენი აქტივობების სახეობები;

ე) სასტარტო, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნების სქემატური აღწერა;

ვ) ძირითადი მეტეოროლოგიური მახასიათებლები, სეზონის მიხედვით;

ზ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

თ) საფრენ ადგილზე არსებული სასტარტო/დასაჯდომი მოედნებისა და სხვა ობიექტების მესაკუთრის/მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია.

27. უფლებამოსილი პირი საფრენი ადგილის სერტიფიცირების მთელი პროცესის განმავლობაში და შემდეგაც საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს განმცხადებელს.

28. საფრენი ადგილის სერტიფიცირების შესახებ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს უნდა ეცნობოს წერილობით.

29. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია,  უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 30 კალენდარულ დღეში განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ პირს  ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზ