1. ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის - საჰაერო კოდექსით დადგენილი საჰაერო სივრცის გამოყენებასა და პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
2. ოპერატორი ხელმძღვანელობს და მკაცრად ემორჩილება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ოპერატორი საქმიანობისას ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებით.
4. ოპერატორმა ფრენების დაწყებამდე უნდა შეისწავლოს მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. ფრენების დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეტეოროლოგიური პირობებისა და სასტარტო-დასაჯდომი მოედნების ვარგისიანობის შემოწმებისას განსაზღვრულ, უსაფრთხო ფრენებისთვის დაშვებულ მახასიათებლებზე დაყრდნობით.
5. ოპერატორმა არ უნდა დანიშნოს ან უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ფრენები, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ არის ხელსაყრელი უსაფრთხოდ ფრენისთვის.
6. ოპერატორმა თავის ოპერირებად ადგილზე საფრენად უნდა დაუშვას ყველა მოქმედი მოწმობის მქონე მფრინავი. საფრენად არ დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან არ აქვთ გადახდილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტარტო მოედნით სარგებლობის საფასური. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატორმა უნდა დააფიქსიროს უფლებამოსილი პირის მიერ მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ელექტრონულ კაბინეტში.
7. ოპერატორი ვალდებულია, ფრენის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მეშვეობით ადგილზე შეამოწმოს მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე.
8. ოპერატორი ვალდებულია, არ დაუშვას მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის რომელიმე წევრი საფრენ ადგილზე და არ მისცეს ფრენის უფლება, თუ დადგინდა, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ახალი ფსიქოაქტიური ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
9. ალკოჰოლურ სიმთვრალედ მიიჩნევა მდგომარეობა, როცა სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.3 პრომილზე მეტია.
10. ოპერატორი ვალდებულია, საფრენ ადგილზე არ დაუშვას პარაპლანით ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია შესაბამისი მოქმედი დაზღვევის პოლისი.
11. ოპერატორმა საფრენად არ უნდა დაუშვას ის პარაპლანი, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ არ არის აღრიცხული ელექტრონულ რეესტრში ან არ აქვს სტატუსი – „საფრენად ვარგისია“.
12. ოპერატორი ვალდებულია, ფრენების განხორციელების პერიოდში სათანადო კომპეტენციის პერსონალი წარმოდგენილი ჰყავდეს სრული შემადგენლობით, ხოლო ოპერირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ადგილზე ჰქონდეს გამართულ მდგომარეობაში.
13. ოპერატორი ვალდებულია, ფრენებისთვის უზრუნველყოს სასტარტო მოედნის გამართულობა და უსაფრთხოება. მუდმივად აკონტროლოს მისი მდგომარეობა და მიიღოს ყველა გონივრული ზომა შემაფერხებელი გარემოებებისა და ფაქტორების აღმოსაფხვრელად.
14. ოპერატორის ვალდებულებაა, მფრინავებისა და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს:
ა) საკონტროლო ბარათები;
ბ) დეტალური ინფორმაცია იმ არეალის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს პარაპლანით ფრენები;
გ) კომერციული ფრენისას საინფორმაციო-თანხმობის ბარათი რისკების მითითებით, რომელსაც უნდა გაეცნოს მგზავრი და მოაწეროს ხელი.
15. ოპერატორმა ფრენების წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ზრუნვისას განუხრელად უნდა დაიცვას ამ წესის მოთხოვნები.
16. ოპერატორი ვალდებულია საფრენ ადგილზე არ დაუშვას მომსახურების განსხვავებული პირობები მფრინავების მიმართ.
17. ოპერატორი ვალდებულია, ნებისმიერი საფრენი ინციდენტის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა აცნობოს უფლებამოსილ პირს დადგენილი ფორმი