1. პირმა ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის შესაბამისად.

2. დაინტერესებულმა პირმა სერტიფიცირების მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარადგინოს არაერთხელ.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ინდივიდუალური მეწარმეა, განცხადებას უნდა დაერთოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სასტარტო მოედნის მფლობელი პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობის გამომხატველი იურიდიული ძალის მქონე სხვა დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის მიერ შედგენილი ოპერირების პირობები, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

დ.ა) საფრენი აქტივობის ტიპების ჩამონათვალსა და მათი წარმოების პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ.ბ) თანამშრომელთა რაოდენობას, მათ კომპეტენციებსა და თანამდებობებს, უფლება-მოვალეობებს;

დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ფრენის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გაცემულ:

დ.გ.ა) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;

დ.გ.ბ) ცნობას ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;

დ.დ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს;

დ.ე) სასტარტო მოედნით სარგებლობისა და ფრენის ტექნიკური უზრუნველყოფის საფასურის ოდენობას;

დ.ვ) სერტიფიცირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

4.  უფლებამოსილი პირი, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, უფლებამოსილია დამატებით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენაც.

5. განცხადების მიღების შემდეგ უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს, სრულად წარმოადგინა თუ არა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამასთან:

ა) უნდა დარწმუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაში;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ამ წესთან შესაბამისობაში;

გ) ამ წესით მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფლობის დადასტურების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვს დამატებით დოკუმენტებს;

დ) უფლებამოსილია, ოპერატორს მოსთხოვოს პერსონალისთვის ამ წესით დადგენილი კომპეტენციის განმსაზღვრელი სერტიფიკატების წარმოდგენა.

6. უფლებამოსილმა პირმა განცხადების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან უნდა განიხილოს მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით, რაც, სავალდებულოა, წერილობით ეცნობოს განმცხადებელს.

7. უფლებამოსილმა პირმა განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს.

8. თუ განცხადების განხილვისას გამოვლინდა ხარვეზი, უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ პირს უნდა აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად.

9. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო ვადით.

10. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ დაინტერესებულმა პირმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა გაუშვა ან მის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და დოკუმენტები ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამოა. უფლებამოსილმა პირმა მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

11. უარის მიღებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს უფლებამოსილ პირს სერტიფიცირების მოთხოვნით და წინამდებარე მუხლში აღწერილი პროცედურა გაიაროს თავიდან.

12. ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოპერატორის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.

13. ოპერატორის სერტიფიკატი ვადიანია და გაიცემა ერთი წლით.

14. სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მონაცემების მითითებით:

ა) ოპერატორის იურიდიული დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო მონაცემები;

დ) საფრენი ადგილები, სადაც ოპერატორი ოპერირებს;

ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ნომერი;

ვ) ოპერირების სტატუსი საფრენ ადგილზე.

15. ამობეჭდილ სერტიფიკატს არ აქვს იურიდიული ძალა, თუ ელექტრონულ რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, ან ჩანაწერს აქვს სტატუსი: „სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია“ ან „გაუქმებულია