1. ოპერატორის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. ერთ საფრენ ადგილზე  დაიშვება მხოლოდ ერთი ოპერატორი.

3. ერთი ოპერატორი შესაძლებელია ერთდროულად ოპერირებდეს რამდენიმე საფრენ ადგილზე.

4. ოპერატორს უნდა ჰყავდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალი, სულ მცირე, შემდეგი შემადგენლობით:

ა) ფრენის ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ფლობდეს PGT კატეგორიაში მინიმუმ T ქვეკატეგორიას, უფლებამოსილ პირთან  ან  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პარაპლანის მფრინავისთვის განკუთვნილი  აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირთან  (შემდეგში – სასწავლო დაწესებულება) გავლილი ჰქონდეს ფრენების მართვის სპეციალური კურსი და ჰქონდეს სწავლების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. ერთი ფრენის ხელმძღვანელი უნდა ოპერირებდეს მხოლოდ ერთ საფრენ ადგილზე;

ბ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე დასაჯდომ მოედანზე (ასეთი თანამშრომლის ყოფნა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაჯდომი მოედანი არ ხვდება სასტარტო მოედნის მხედველობის არეალში. დამხმარე თანამშრომლების რაოდენობა დამოკიდებულია დასაჯდომი მოედნების რაოდენობაზე;

გ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე სასტარტო მოედანზე. ოპერირების პროცესში გამოყენებულ თითოეულ სასტარტო მოედანზე სავალდებულოა ორი დამხმარე, რომლებსაც უფლებამოსილ პირთან ან სასწავლო დაწესებულებაში გავლილი უნდა ჰქონდეთ ფრენების ხელმძღვანელის დამხმარის შესაბამისი კურსი.

დ) მძღოლი;

ე) პირი, რომელსაც წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ.

5. ოპერატორი უნდა ფლობდეს სულ მცირე შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს:

ა) სატრანსპორტო საშუალება;

ბ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური). ამ საშუალებების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ოპერირების პროცესში ჩართული პირების ოდენობას. ოპერატორი დამატებით უნდა ფლობდეს მინიმუმ ერთ სარეზერვო რადიოსადგურს;

გ) ერთი რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური), რომელსაც აქვს საუბრის ჩაწერის ფუნქცია;

დ) პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი საშუალებები:

დ.ა) UIAA სტანდარტის სტატიკური სამაშველო თოკი, რომლის პარამეტრებიც დამოკიდებულია საფრენი ადგილის რელიეფის სპეციფიკაზე;

დ.ბ) კისრის/მოტეხილი კიდურის ფიქსატორი;

დ.გ) სამაშველო დაფა;

დ.დ) სადეზინფექციო საშუალებები;

დ.ე) ტკივილგამაყუჩებელი აბები;

დ.ვ) სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები;

დ.ზ) ბინტი/დოლბანდი;

დ.თ) ბამბა;

დ.ი) წნევისა და სიცხის საზომი საშუალებები.

ე) ქარის სიჩქარის მზომი ხელის ინსტრუმენტი;

ვ) კავშირის დამატებითი საშუალება (მობილური ტელეფონი);

ზ) ინტერნეტქსელში ჩართული, მინიმუმ, ერთი ელექტრონული მოწყობილობა (მაგალითად, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ), რომლითაც შესაძლებელი იქნება რეალურ დროში უფლებამოსილი პირის ელექტრულ ბაზებზე წვდომა და მონაცემთა გადამოწმება;

თ) პორტატიული დამტენი (Power Bank) მობილური ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისთვის;

ი) ალკოტესტი და ნარკოტესტი.

6. ოპერატორმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს არაკომერციული და კომერციული ფრენების წარმოებას იმ საფრენ ადგილზე, რომელზეც მოიპოვა სერტიფიკატი.

7. ოპერატორმა ფრენების წარმოებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის №2 დანართში მოყვანილი ფრენის წარმოების ზოგადი წესებით.

შენიშვნა: ფრენის ხელმძღვანელის სასწავლო პროგრამა მოცემულია ამ წესის №5 დანართში