1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კასტოდიანი ბანკი – ბანკი, რომელიც ახორციელებს კასტოდიანურ მომსახურებას;

ბ) კასტოდიანური მომსახურება – „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №171/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კასტოდიანური მომსახურება;

გ) ნოსტრო აგენტი – კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, რომლის მეშვეობით სისტემის სხვა მონაწილე ახორციელებს ანგარიშსწორებას;

დ) საბჭო – სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორატი, თუ სისტემის ოპერატორს სამეთვალყურეო საბჭო არ ჰყავს;

ე) აღმასრულებელი დირექტორები – დირექტორატის წევრები, რომლებიც სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაზე არიან პასუხისმგებელი;

ვ) ცალმხრივი გადახდები – გადახდა, რომელიც მოიცავს მხოლოდ ერთ გადახდის ოპერაციას ერთ ვალუტაში;

ზ) ორმხრივი გადახდები – გადახდა, რომელიც მოიცავს ორ გადახდის ოპერაციას სხვადასხვა ვალუტებში;

თ) სამართლებრივი რისკი – რისკი, რომელიც წარმოიშობა კანონმდებლობის მოქმედების შედეგად, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგი;

ი) საკრედიტო რისკი – რისკი, რომ გარიგების მეორე მხარე, მათ შორის, სისტემის მონაწილე ან სხვა პირი, ვერ შეძლებს სრულად შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები მათი შესრულების ვადის დადგომისას და ვერც მომავალში ნებისმიერ დროს;

კ) ლიკვიდურობის რისკი – რისკი, რომ გარიგების მეორე მხარეს, მათ შორის, სისტემის მონაწილეს ან სხვა პირს, არ ექნება საკმარისი თანხა ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, მათი შესრულების ვადის დადგომისას, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს საკმარისი თანხა ამისათვის მომავალში;

ლ) კორელაციის რისკი – რისკი, რომელიც წარმოიშობა მონაწილის და ემიტენტის მხრიდან, როდესაც ამ მონაწილის მიერ წარდგენილი ან ემიტენტის მიერ გამოშვებული გირავნობის საგანი ძლიერ არის კორელირებული ამ მონაწილის საკრედიტო რისკთან;

მ) შესრულების რისკი – რისკი, რომ გარიგების მონაწილე ერთ-ერთი მხარე დაკარგავს ტრანზაქციის მთელ ღირებულებას, კერძოდ, ფინანსური აქტივის გამყიდველი მიაწვდის აქტივს, რომლის უკან გამოთხოვა დაუშვებელია, მაგრამ არ მიიღებს გადახდას, ან ფინანსური აქტივის მყიდველი განახორციელებს გადახდას, რომლის უკან გამოთხოვა დაუშვებელია, მაგრამ არ მიიღებს აქტივს;

ნ) ზოგადი ბიზნესრისკი – სისტემის ფინანსური მდგომარეობის ნებისმიერი პოტენციური გაუარესება, რომლის დროსაც ნეგატიური ფულადი ნაკადების ან მოულოდნელი და მეტისმეტად მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო შემოსავლები ვერ ფარავს ხარჯებს და ზარალი საკუთარი კაპიტალით იფარება;

ო) საოპერაციო რისკი – რისკი, რომ საინფორმაციო სისტემების ან შიდა პროცედურების არსებული ნაკლოვანებების, ადამიანური ან მენეჯმენტის შეცდომის, გარე ფაქტორებით ან მომსახურების აუთსორსინგით გამოწვეული შეფერხებების გამო, გაუარესდება ან საერთოდ შეჩერდება სისტემის ფუნქციონირება ან შემცირდება განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა;

პ) კასტოდიანური რისკი – კასტოდიანის ან ქვეკასტოდიანის გაკოტრების, დაუდევრობის, თაღლითობის, არაადეკვატური მმართველობის ან არადამაკმაყოფილებელი აღრიცხვის გამო შენახული აქტივის დაკარგვის რისკი;

ჟ) საინვესტიციო რისკი – დანაკარგის რისკი, რომელსაც განიცდის სისტემის ოპერატორი ან მონაწილე, თუ სისტემის ოპერატორი საკუთარ ან მონაწილის აქტივებს (მათ შორის, გირავნობის საგანი) სხვაგან განათავსებს;

რ) საბაზრო რისკი – საბალანსო და გარესაბალანსო პოზიციებში დანაკარგების წარმოშობის რისკი, რაც გამოწვეულია საბაზრო ფასების ცვლილებებით;

ს) ექსტრემალური, მაგრამ შესაძლო საბაზრო სიტუაცია – ისტორიული ან ჰიპოთეტური პირობების ამომწურავი სიმრავლე იმ ბაზარზე არსებული ყველაზე მერყევი პერიოდების ჩათვლით, სადაც მოქმედებს სისტემა;

ტ) საკრედიტო ზეგავლენა – რისკის ქვეშ მყოფი თანხა ან ღირებულება, რომლითაც მონაწილე ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორების შესრულებას, ვერც ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას და ვერც მომავალში ნებისმიერ დროს;

უ) ტრანსსასაზღვრო გირავნობის საგანი – გირავნობის საგანი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:

უ.ა) დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში;

უ.ბ) აქტივი ინახება უცხოეთში;

უ.გ) ემიტენტი არის უცხოური კომპანია;

ფ) პირდაპირი მონაწილე – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა სისტემის ოპერატორთან, მისთვის სავალდებულოა შესაბამისი სისტემის წესების შესრულება, უფლება აქვს გააგზავნოს ტრანსფერორდერები ამ სისტემაში და შეუძლია მიიღოს ტრანსფერორდერები ამ სისტემიდან;

ქ) არაპირდაპირი მონაწილე – იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს უშუალო წვდომა საგადახდო სისტემის მომსახურებაზე, როგორც წესი, მასზე უშუალოდ არ ვრცელდება შესაბამისი სისტემის წესები და მისი ტრანსფერორდერების კლირინგი, ანგარიშსწორება სისტემის მიერ ხორციელდება პირდაპირი მონაწილის მეშვეობით. არაპირდაპირ მონაწილეს სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს პირდაპირ მონაწილესთან;

ღ) დაინტერესებული მხარეები – მონაწილეები, ანგრიშსწორების აგენტები, ლიკვიდობის მიმწოდებლები, კასტოდიანები, ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის რისკებზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ბაზრის სხვა მონაწილეებიც;

ყ) ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა – მონაწილეებს (მათ შორის, სისტემის ოპერატორს) შორის გადახდების, ფასიანი ქაღალდების, დერივატების და ფინანსური ტრანზაქციების კლირინგის, ანგარიშსწორებისა ან/და აღრიცხვის მრავალმხრივი სისტემა;

შ) საქმიანობის შეწყვეტის გეგმა – სისტემის ოპერატორის მიერ საგადახდო სისტემის საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტის გეგმა;

ჩ) არსებითი – რისკის, ურთიერთდამოკიდებულების ან/და ცვლილების ისეთი სახე, ხარისხი ან სიდიდე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პირის უნარზე ისე შეასრულოს ან უზრუნველყოს მომსახურება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო;

ც) დამოუკიდებელი წევრი – სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წევრი ან დირექტორატის არააღმასრულებელი წევრი, რომელსაც არ აქვს საქმიანი, ოჯახური ან სხვა ურთიერთობა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს სისტემასთან ან საგადახდო სისტემის ოპერატორთან, მათ მაკონტროლებელ აქციონერებთან, მათ მენეჯმენტთან ან სისტემის მონაწილეებთან და ამავე დროს, ამ პირს არ ჰქონია ასეთი ურთიერთობა სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექტორატში მისი წევრობის წინა ორი წლის განმავლობაში;

ძ) დაკავშირებული პირი – იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს სისტემის მონაწილეს ან კონტროლდება სისტემის მონაწილის მიერ. კონტროლი გულისხმობს ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევას:

ძ.ა) კომპანიის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 20%-ის ან მეტის საკუთრებაში ქონას, კონტროლს ან ფლობას;

ძ.ბ) კომპანიების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას;

წ) საგანგებო ვითარება – მოვლენა ან გარემოება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სისტემის ოპერაციების, მომსახურების ან ფუნქციების დაკარგვა ან არსებითი შეფერხება, მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა ან არსებითი შეფერხება;

ჭ) ფინანსური ვალდებულებები – ვალდებულებები, რომლებიც წარმოიქმნება სისტემის ფარგლებში, მონაწილეებს შორის ან მონაწილეებს და სისტემის ოპერატორს შორის, ამ სისტემაში ტრანსფერორდერების გადაცემის შედეგად;

ხ) სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია და პასუხისმგებელია სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერირებაზე და სისტემის წესების შემუშავებაზე;

ჯ) გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია და პასუხისმგებელია გამორჩულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერირებაზე და სისტემის წესების შემუშავებაზე;

ჰ) გადახდა გადახდის სანაცვლოდ – ანგარიშსწორების მექანიზმი, რომლის დროსაც ერთ ვალუტაში ფულადი სახსრების საბოლოო ტრანსფერი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება მეორე ვალუტაში ფულადი სახსრების საბოლოო ტრანსფერი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობ