1. სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტირებული მიზნები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სისტემის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საკითხებს. სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის მიზნები მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის, ღია და ეფექტიანი ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებას, ხოლო გამორჩეულად მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის მიზნები მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.
2. სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტირებული მმართველობითი სტრუქტურა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები. დოკუმენტირებული მმართველობითი სტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, სისტემის მფლობელებისა და მონაწილეებისათვის. სისტემის ოპერატორი ვალდებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მართველობითი სტრუქტურის შემოკლებული ვერსია.
3. საბჭოს ფუნქციები და პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) სისტემისათვის მკაფიო სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა;
ბ) სისტემის ფუნქციონირების დოკუმენტირებული პროცედურების შექმნა/დანერგვა, მათ შორის, საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების პროცედურები;
გ) აღმასრულებელი დირექტორების ეფექტური შერჩევის, საქმიანობის მონიტორინგის და საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობიდან განთავისუფლების უზრუნველყოფა;
დ) შრომის ანაზღაურების სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და ფოკუსირებულია გრძელვადიან მიღწევებზე.
4. საბჭომ სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა განიხილოს მთლიანად საბჭოს, ასევე მისი ცალკეული წევრის საქმიანობის შედეგები ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
5. საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური უნარები, სისტემასა და ზოგადად ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება, რაც საბჭოს საშუალებას მისცემს შეასრულოს თავისი ფუნქციები და ვალდებულებები. სასურველია საბჭოს შემადგენლობაში იყოს სულ მცირე ერთი დამოუკიდებელი წევრი.
6. აღმასრულებელი დირექტორების ფუნქციები, ვალდებულებები და ანგარიშვალდებულების საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დოკუმენტირებული. აღმასრულებელ დირექტორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური უნარები, სისტემისა და ზოგადად ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღმასრულებელი დირექტორების მიერ სისტემის ოპერირებასთან და შესაბამისი რისკების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. აღმასრულებელი დირექტორების პასუხისმგებლობები უნდა შეთანხმდეს საბჭოსთან და მოიცავდეს შემდეგს:
ა) სისტემის ოპერატორის საქმიანობის მიზნებთან, სტრატეგიასთან და რისკების აპეტიტთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
ბ) შიდა კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შექმნას, სათანადო იმპლემენტაციას და კონტროლს, რათა ხელი შეეწყოს სისტემის ოპერატორის მიზნების მიღწევას;
გ) რისკის მართვისა და შიდა აუდიტის მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ შიდა კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარულ შემოწმებასა და ტესტირებას;
დ) რისკების კონტროლის პროცესში აქტიურ მონაწილეობას;
ე) სისტემის რისკების მართვისათვის საკმარისი რესურსებით მობილიზებას.
7. საბჭომ უნდა შეიმუშაოს რიკების მართვის ჩარჩო და აკონტროლოს მისი შესრულება. რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს:
ა) სისტემის ოპერატორის რისკების აპეტიტის განსაზღვრის პოლიტიკას;
ბ) რისკებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განაწილებას;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესს კრიზისულ და საგანგებო ვითარებაში;
დ) შიდა კონტროლის ფუნქციის არსებობას.
8. საბჭომ უნდა უზრუნველყოს დაცვის სამი მკაფიო და ეფექტური ხაზის არსებობა (ოპერაციები, რისკების მართვა და შიდა აუდიტი), რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია და გააჩნია სათანადო უფლებამოსილება, დამოუკიდებლობა, რესურსები და საბჭოსათვის პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა.
9. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის რისკის პროფილზე ან რისკების მართვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც არეგულირებს საგადახდო სისტემის საქმიანობას, მიიღება საბჭოს მიერ. საბჭომ უნდა დაამტკიცოს და სულ მცირე ყოველწლიურად გადახედოს ამ წესით განსაზღვრულ რისკის მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკის ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესის უწყვეტობის გეგმას, საქმიანობის აღდგენისა და საქმიანობის შეწყვეტის გეგმებს და კაპიტალის გეგმას, საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკის ჩარჩოებს, გირავნობის საგნის მართვის ჩარჩოს, საინვესტიციო სტრატეგიას და კიბერმდგრადობის ჩარჩოს.
10. საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის ტექნიკურ და ფუნქციურ მოწყობაზე, წესებსა და საერთო სტრატეგიაზე (განსაკუთრებით კლირინგისა და ანგარიშსწორების მოდელებზე, მართვის სტრუქტურაზე, სისტემის პროდუქტებზე) და ასევე, გამოყენებული ტექნოლოგია და პროცედურები, სათანადოდ ასახავდეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმურ ინტერესებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარ უნდა გაიმართოს კონსულტაციები, მათ შორის, თუ ეს აუცილებელია, საჯარო კონსულტაციებ