1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) მდგომარეობის შესახებ შეტყობინება (RCR) – სტანდარტიზებული დეტალური შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობებს და მათ გავლენას თვითმფრინავის დაფრენის და აფრენის მახასიათებლებზე, გამოსახული ადზ-ს მდგომარეობის ამსახველი კოდის საშუალებით;
ბ) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები – აეროდრომით სარგებლობის შეზღუდვები:
ბ.ა) აფრენისას, გამოსახული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით (RVR) და/ან ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის ჭერით;
ბ.ბ) დასაფრენად არაზუსტი (2D) სახელსაწყო შესვლისას გამოსახული ხილვადობით და/ან RVR-ით, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და საჭიროებისას, ღრუბლებს ქვედა საზღვრის სიმაღლით;
ბ.გ) დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლისას, გამოსახული ხილვადობით და/ან RVR-ით, ასევე, ექსპლუატაციის ტიპის და/ან კატეგორიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H).
გ) არახელსაყრელი გარემო-პირობები – გულისხმობს:
გ.ა) არეს, სადაც სრულდება რომელიმე შემდეგი პირობა:
გ.ა.ა) შეუძლებელია იძულებითი დაფრენის უსაფრთხოდ განხორციელება, შესაფერისი ზედაპირის არარსებობის გამო;
გ.ა.ბ) შეუძლებელია შვეულმფრენის ბორტზე არსებული პირები სათანადოდ იყვნენ დაცული გარემო-პირობების ზემოქმედებისაგან;
გ.ა.გ) არ არის უზრუნველყოფილი ძებნა-შველის საპასუხო მოქმედებები/შესაძლებლობა, რომელიც მოსალოდნელი ზემოქმედების თანაზომიერია;
გ.ა.დ) არსებობს ხმელეთზე ადამიანებისა და ქონებისათვის ზიანის მიყენების რისკი.
გ.ბ) შემდეგ არეებს:
გ.ბ.ა) წყლის ზედაპირის თავზე ექსპლუატაციისას, ღია ზღვის არე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით 45°N პარალელისა და სამხრეთით 45°S პარალელის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებისმიერი ასეთი არეს ნაწილი განსაზღვრულია, როგორც „ხელსაყრელი“, იმ სახელმწიფოს პასუხისმგებელი ხელისუფლების მიერ, სადაც ხორციელდება ექსპლუატაცია; და
გ.ბ.ბ) მჭიდროდ დასახლებული რაიონების იმ ნაწილებს, სადაც არ არის ხელმისაწვდომი უსაფრთხო იძულებითი დაფრენისათვის გამოსადეგი არეები;
დ) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ხილვადობის სიშორე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული მარკირების ნიშნები ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი სანათები;
ე) ასაფრენი მასა – მასა, რომელიც შვეულმფრენს აქვს აფრენის, ხოლო თვითმფრინავს – გაქანების დაწყების მომენტში, მასზე არსებული ყველა პირის და დატვირთვის ჩათვლით;
ვ) გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური სიმაღლე (DA) ან გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) – დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლისას განსაზღვრული აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, საიდანაც უნდა განხორციელდეს შეწყვეტილი დასაფრენად შესვლის ინიცირება, იმ შემთხვევაში, თუ დასაფრენად შესვლის გასაგრძელებლად ვერ დამყარდა ორიენტირებთან საჭირო ვიზუალური კონტაქტი;
ზ) გამოსადეგი აეროდრომი – აეროდრომი, რომელზეც შესაძლებელია სხ-ის ექსპლუატაცია, სხ-ის შესაბამისი საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნებისა და ადზ-ის მახასიათებლების გათვალისწინებით;
თ) გაცნობითი ფრენა – ფრენა, რომელიც ხორციელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მიერ, შემდეგი პირობების დაცვით:
თ.ა) სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება ორგანიზაციის მიერ საკუთრების ან მშრალი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე;
თ.ბ) ფრენა არ იძლევა მოგებას; და
თ.გ) ასეთი ფრენები წარმოადგენს ორგანიზაციის არაძირითად (ძირითად საქმიანობასთან შედარებით უმნიშვნელო რაოდენობა) აქტივობას;
ი) დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება (CDFA) – დასაფრენად სტაბილიზებული შესვლის პროცედურის შესაბამისი, დასაფრენად არაზუსტი სახელსაწყო შესვლის (NPA) პროცედურის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის სეგმენტზე (FAS) ფრენის ტექნიკა, რომელიც ხორციელდება ჰორიზონტალური გასწორების გარეშე უწყვეტი დაშვებით, ისეთი აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის (FAF) აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის ტოლი ან მეტია:
ი.ა) პირდაპირი ტრაექტორიით დასაფრენად შესვლისათვის, ისეთ წერტილამდე, რომელიც მდებარეობს დასაფრენი ადზ-ის ზღურბლიდან დაახლოებით 15 მ-ის (50 ფტ) სიმაღლეზე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის სხ დაფრენისას გასწორების მანევრს იწყებს; ან
ი.ბ) წრიდან დასაფრენად შესვლისათვის, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის (MDA/H) ან ვიზუალური ფრენის მანევრის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის მიღწევის წერტილამდე;
კ) დაბრკოლების გადაფრენის აბსოლუტური (OCA) ან დაბრკოლების გადაფრენის ფარდობითი (OCH) სიმაღლე – მინიმალური აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე შესაბამისი ადზ-ის ზღურბლის შემაღლების ან აეროდრომის შემაღლების თავზე, როგორც ეს დადგენილია და გამოიყენება დაბრკოლების გადაფრენის შესაბამისი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად;
ლ) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა (IAP) – ფრენის ხელსაწყოებზე დაყრდნობით წინასწარ განსაზღვრული მანევრების მიმდევრობა, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი დაბრკოლებებიდან დაცვა დასაფრენად შესვლის საწყისი წერტილიდან (IAF) ან სადაც შესაბამისია, განსაზღვრული მიფრენის მარშრუტის დასაწყისიდან იმ წერტილამდე, საიდანაც დაფრენა შეიძლება შესრულდეს და შემდგომ, თუ არ სრულდება დაფრენა, იმ წერტილამდე, სადაც მოცდის ზონის ან მარშრუტზე დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმები ვრცელდება. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურები კლასიფიცირდება შემდეგი სახით:
ლ.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლის (NPA) პროცედურა – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც შემუშავებულია დასაფრენად არაზუსტი (2D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ექსპლუატაციებისათვის;
ლ.ბ) დასაფრენად შესვლის პროცედურა ვერტიკალური მიმართვით (APV) – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის (PBN) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც შემუშავებულია დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ექსპლუატაციებისათვის;
ლ.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლის (PA) პროცედურა – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც ეფუძნება სანაოსნო სისტემებს და შემუშავებულია დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ან „Type B“ ექსპლუატაციებისათვის;
მ) დასაფრენად სტაბილიზებული შესვლა (SAp) – დასაფრენად შესვლა, რომელიც ხორციელდება კონტროლირებადი და დადგენილი წესით, კონფიგურაციის, ენერგიის და ფრენის ტრაექტორიის კონტროლის თვალსაზრისით, წინასწარ განსაზღვრული წერტილიდან ან აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან ადზ-ის ზღურბლის თავზე 50 ფტ სიმაღლის წერტილამდე ან იმ წერტილამდე, საიდანაც სხ გამოსწორების მანევრს იწყებს, თუ მოცემული წერტილი უფრო მაღლა მდებარეობს;
ნ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის და აფრენის არე (FATO) – შვეულმფრენის ექსპლუატაციისათვის განსაზღვრული არე, რომლის თავზეც სრულდება დასაფრენად შესვლიდან ჰაერში დაკიდების რეჟიმში გადასვლის მანევრის დასკვნითი ფაზა ან დაფრენა, და საიდანაც იწყება აფრენის მანევრი;
ო) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის სეგმენტი (FAS) – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის (IAP) სეგმენტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება დაფრენის მიმართულებით გასწორება და დასაფრენად დაშვება;
პ) დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან დაშვების მინიმალური ფარდობითი (MDH) სიმაღლე – განსაზღვრული აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე დასაფრენად არაზუსტი (2D) სახელსაწყო შესვლის ან წრიდან დასაფრენად შესვლისას, რომლის ქვემოთ არ უნდა განხორციელდეს დაშვება ორიენტირებთან საჭირო ვიზუალური კონტაქტის გარეშე;
ჟ) ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა (EFB) – ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, რომელიც შედგება საფრენოსნო ეკიპაჟისთვის განკუთვნილი აღჭურვილობისა და პროგრამებისგან, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის ფუნქციებთან დაკავშირებული მონაცემების შენახვას, განახლებას, ჩვენებას და დამუშავებას საფრენოსნო ექსპლუატაციის ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მოვალეობების შესრულების მხარდაჭერის მიზნით;
რ) ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ძრავიანი არაკომპლექსური სხ-ის არაკომერციულ ექსპლუატაციას;
ს) ექსპლუატაცია დაბალი ხილვადობის პირობებში – დასაფრენად შესვლა ან აფრენა ადზ-ზე/დან, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორე (RVR) 550 მ-ზე ნაკლებია ან გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) 200 ფტ-ზე ნაკლებია;
ტ) ექსპლუატაცია დასაფრენად სახელსაწყო შესვლით – დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სანაოსნო მიმართვას დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის მიხედვით. არსებობს დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ორი მეთოდი:
ტ.ა) დასაფრენად ორგანზომილებიანი (2D ფორმატში) სახელსაწყო შესვლა მხოლოდ განივი (ჰორიზონტალური) სანაოსნო მიმართვის გამოყენებით; და
ტ.ბ) დასაფრენად სამგანზომილებიანი (3D ფორმატში) სახელსაწყო შესვლა, როგორც განივი, ისე ვერტიკალური სანაოსნო მიმართვის გამოყენებით;
უ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:
უ.ა) თვითმფრინავი:
უ.ა.ა) 5700 კგ-ზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
უ.ა.ბ) 19 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაციით; ან
უ.ა.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისთვის მინიმუმ ორი პილოტით; ან
უ.ა.დ) აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით;
უ.ბ) შვეულმფრენი:
უ.ბ.ა) 3175 კგ-ზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
უ.ბ.ბ) 9-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაციით; ან
უ.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისთვის მინიმუმ ორი პილოტით.
უ.გ) სხ დახრადი ხრახნით;
ფ) მეორე წრეზე წასვლა – დასაფრენად შესვლის რეჟიმიდან სიმაღლეზე ასვლის სტაბილიზებულ რეჟიმში გადასვლა. აღნიშნული მოიცავს დაშვების მინიმალურ აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე (MDA/H) ან მასზე მაღლა, ან გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე (DA/H) ან მასზე მაღლა, ან გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე (DA/H) დაბლა განხორციელებულ მანევრებს (Baulked landings);
ქ) მჭიდროდ დასახლებული რაიონი – დიდი ქალაქი, ქალაქი ან დასახლებული პუნქტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან რეკრეაციული მიზნებისათვის;
ღ) ნაოსნობის საჭირო მახასიათებლების (RNP) სპეციფიკაცია – ნაოსნობის სპეციფიკაცია PBN ექსპლუატაციებისთვის, რომელიც მოიცავს სხ-ის ბორტზე მახასიათებლების მონიტორინგის და გაფრთხილების შეტყობინების მოთხოვნებს;
ყ) ოფშორული (ნაპირსმიღმა) მდებარეობა – ხმელეთიდან მოშორებით წყალში მდებარე უძრავ ან მოძრავ კონსტრუქციაზე ან მცურავ საშუალებაზე (გემზე) არსებული ნაგებობა, რომელიც გამოყენება შვეულმფრენის ექსპლუატაციისათვის;
შ) პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა (PED) – ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობა, რაც, როგორც წესი, არ შემოიფარგლება მხოლოდ სამომხმარებლო ელექტრონიკით, რომელიც სხ-ის ბორტზე შეტანილია ეკიპაჟის წევრების ან მგზავრების მიერ ან ტვირთის შემადგენელი ნაწილის სახით და არ წარმოადგენს სერტიფიცირებული სხ-ის კონფიგურაციის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული მოიცავს ყველა მოწყობილობას, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას. ელექტროენერგია შესაძლებელია მიწოდებული იქნეს როგორც შიდა წყაროებით, როგორიცაა აკუმულატორი (დამუხტვადი ან ერთჯერადი მოხმარების ტიპის), ასევე მოწყობილობა შესაძლოა დაუკავშირდეს სხ-ზე არსებულ ელექტროენერგიის სპეციალურ წყაროს;
ჩ) პორტატიული EFB – EFB-ის საბაზო პლატფორმა, რომელიც გამოიყენება საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში და არ წარმოადგენს სერტიფიცირებული სხ-ის კონფიგურაციის შემადგენელ ნაწილს;
ც) სათადარიგო აეროდრომი – გამოსადეგი აეროდრომი, რომლისკენაც სხ-მა შესაძლოა, განაგრძოს ფრენა, სადაც ხელმისაწვდომია საჭირო მომსახურება და შენობა-ნაგებობები, შეესაბამება სხ-ის საფრენოსნო მახასიათებლების მოთხოვნებს და მოქმედია აეროდრომის გამოყენების მოსალოდნელი დროისათვის, მაშინ, როდესაც შეუძლებელი ან არაგონივრულია ფრენის გაგრძელება ან დაფრენა დანიშნულების აეროდრომზე. სათადარიგო აეროდრომებია:
ც.ა) აფრენის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;
ც.ბ) მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი (ERA) – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტიდან გადახვევის საჭიროება წარმოიქმნება მარშრუტზე ფრენის განმავლობაში;
ც.გ) საწვავით/ენერგიით გასამართი მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი (Fuel/energy ERA) – მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი, რომელიც საჭიროა ფრენის დაგეგმვის ეტაპზე და გამოიყენება საწვავის/ენერგიის გამოთვლისათვის;
ც.დ) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, თუ შეუძლებელია ან არაგონივრულია დაფრენის აეროდრომზე დაფრენა;
ძ) საექსპლუატაციო კრედიტი – კრედიტი, რომელიც იძლევა გაუმჯობესებული სისტემებით აღჭურვილი სხ-ით, ექსპლუატანტის მიერ საბაზო სხ-ისთვის ჩვეულებრივ დადგენილზე უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმით ფრენის შესაძლებლობას, რომელიც ხორციელდება სხ-ის გაუმჯობესებული სისტემების მახასიათებლების საფუძველზე და გამოიყენებს ხელმისაწვდომ გარე ინფრასტრუქტურას. უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმები შესაძლოა მოიცავდეს უფრო დაბალ გადაწყვეტილების მიღების ფარდობით/აბსოლუტურ სიმაღლეს ან დაშვების მინიმალურ ფარდობით/აბსოლუტურ სიმაღლეს, ხილვადობის შემცირებულ მოთხოვნებს ან ნაკლებ მიწისზედა (სახმელეთო) საშუალებებს ან მათ კომბინაციას;
წ) საექსპლუატაციო მართვა – ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ფრენის დაწყებაზე, გაგრძელებაზე, დასრულებაზე ან მარშრუტიდან გადახვევაზე პასუხისმგებლობა;
ჭ) საფრენი მოედანი – ხმელეთის ან წყლის გარკვეული ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია სხ-ის მიღებისა და გაშვებისათვის და რომელსაც შესაძლებელია არ გააჩნდეს ხელოვნურსაფარიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
ხ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელსაც სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში სხ-ის ექსპლუატაციის განხორციელებად მნიშვნელოვანი მოვალეობები აკისრია;
ჯ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტი-ების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში, ან კლასიფიცირებულია იმავე ინსტრუქციებით;
ჰ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტი – საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც მოჰყვა პირის გარდაცვალება ან სხეულის სერიოზული დაზიანება ან ქონების მნიშვნელოვანი დაზიანება;
ჰ1) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმერი საავიაციო მოვლენა (ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) რომელმაც გამოიწვია ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანება, ქონების ზარალი, გარემოს დაზიანება, ხანძარი, ტვირთის დაზიანება, დაბნევა, სითხის ან რადიაციის გაჟონვა და სხვა მოვლენები, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებული დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს;
ჰ2) სახმელეთო თვითმფრინავი – უძრავფრთიანი სხ, რომელიც შემუშავებულია ხმელეთის ზედაპირიდან/ზე აფრენისათვის და დაფრენისათვის და მოიცავს თვითმფრინავ-ამფიბიას, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება სახმელეთო თვითმფრინავის მსგავსად;
ჰ3) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები – იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა (Doc-9284-AN 905), რომლითაც განისაზღვრება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესი. როგორც წესი, ტი-ების ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ;
ჰ4) საჰაერო ხომალდი (სხ) – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით;
ჰ5) სხ-ის მეთაური – სხ-ის მეთაურად დანიშნული პილოტი, რომელიც პასუხისმგებელია ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაზე;
ჰ6) სერტიფიცირების სპეციფიკაცია (CS) – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ მიღებული ტექნიკური სტანდარტი, რომელიც მიუთითებს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისობის დადგენის საშუალებებს, და რომელიც ორგანიზაციის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სერტიფიცირების მიზნებისათვის;
ჰ7) უსაფრთხო დაფრენა – საწვავის/ენერგიის მოხმარების პოლიტიკასთან ან საწვავის/ენერგიის მოხმარების სქემებთან მიმართებაში, გულისხმობს გამოსადეგ აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე დაფრენას, ბორტზე არანაკლებ საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვის შენარჩუნებით და მოქმედ საექსპლუატაციო პროცედურებთან და აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებთან შესაბამისობით;
ჰ8) ფრენის დრო – არის:
ჰ8.ა) თვითმფრინავებისთვის, სრული დრო თვითმფრინავის მოძრაობის დაწყებიდან, აფრენის მიზნით, ფრენის დასრულებისას მის სრულ გაჩერებამდე;
ჰ8.ბ) შვეულმფრენებისთვის, საერთო დრო შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან, აფრენის მიზნით, ფრენის დასრულებისას შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე;
ჰ9) ფრენის კრიტიკული ფაზა – თვითმფრინავების შემთხვევაში გულისხმობს ფრენის შემდეგ ფაზებს: აფრენის მიზნით გაქანება, ასაფრენი ტრაექტორიით ფრენა, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპი, შეწყვეტილი დასაფრენად შესვლა, დაფრენა, დაფრენის გარბენის ჩათვლით, და ფრენის ნებისმიერი სხვა ფაზა სხ-ის მეთაურის გადაწყვეტილებით;
ჰ10) ფრენის კრიტიკული ფაზა – შვეულმფრენების შემთხვევაში გულისხმობს ფრენის შემდეგ ფაზებს: მიმოსვლა, ჰაერში დაკიდება, აფრენა, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპი, შეწყვეტილი დასაფრენად შესვლა, დაფრენა და ფრენის ნებისმიერი სხვა ფაზა სხ-ის მეთაურის გადაწყვეტილებით;
ჰ11) ფსიქოაქტიური ნივთიერებები – „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში, ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია;
ჰ12) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დასრულებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე ან მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის სხვა ისეთი მონაკვეთი, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ჰ13) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი (ფარდობითი სიმაღლე) ხმელეთის ან წყლის ზედაპირსა და ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვარს შორის, რომელიც მდებარეობს 6000 მ-ზე (20 000 ფტ) დაბლა და ფარავს ცის ნახევარზე მეტს;
ჰ14) ღრუბლის ქვედა საზღვარი – აეროდრომის ან საფრენი მოედნის უშუალო სიახლოვეს ან განსაზღვრული არეს ფარგლებში არსებული ხილვადი ან პროგნოზირებული ღრუბლის ყველაზე დაბლა მდებარე ელემენტის ქვედა საზღვრის სიმაღლე, რომელიც, ჩვეულებრივ, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან ან, ოფშორული (ნაპირსმიღმა) ფრენების შემთხვევაში, ზღვის საშუალო დონიდან;
ჰ15) წრიული ფრენა – წრიდან დასაფრენად შესვლის ვიზუალური ფაზა;
ჰ16) წრიდან დასაფრენად შესვლა – „Type A“ დასაფრენად სახელსაწყო შესვლა, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება სხ-ის ადზ-ზე/FATO-ზე დაფრენისათვის საჭირო პოზიციაში მოყვანა, როდესაც მათი ადგილმდებარეობა არ იძლევა პირდაპირი ტრაექტორიით დასაფრენად შესვლის (Straight-in approach) განხორციელების შესაძლებლობას;
ჰ17) ხილვადობა (VIS) – სააერნაოსნო მიზნებისათვის ხილვადობა არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი:
ჰ17.ა) უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული, სათანადო ზომების მქონე შავი ფერის ობიექტის ამოცნობა; და
ჰ17.ბ) უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული დაახლოებით 1000 კანდელა სინათლის ძალის მქონე მაშუქის შემჩნევა და ამოცნობა;
ჰ18) ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების მქონე აეროდრომი – გამოსადეგი აეროდრომი, სადაც არსებული მეტეოროლოგიური შეტყობინებები ან პროგნოზები ან მათი ნებისმიერი კომბინაცია მიუთითებს, რომ გამოყენების მოსალოდნელი დროისათვის მეტეოროლოგიური პირობები იქნება აეროდრომის საჭირო საექსპლუატაციო მინიმუმების ტოლი ან მეტი და ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის შესახებ შეტყობინებები მიუთითებს უსაფრთხო დაფრენის განხორციელების შესაძლებლობას;
ჰ19) ჰიდროთვითმფრინავი – უძრავფრთიანი სხ, რომელიც შემუშავებულია წყლის ზედაპირიდან აფრენისა და დაფრენისათვის და მოიცავს თვითმფრინავ-ამფიბიას, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ჰიდროთვითმფრინავის მსგავსად;
ჰ20) ELA1 ტიპის საჰაერო ხომალდი – მართვადი (პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი სხ:
ჰ20.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასით (MTOM), რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური სხ;
ჰ20.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები MTOM-ით;
ჰ20.გ) აეროსტატი, რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა სითბური აეროსტატის შემთხვევაში – 3400 მ3-ს, გაზის აეროსტატის შემთხვევაში – 1050 მ3-ს, ხოლო გაზის დაბმული აეროსტატის შემთხვევაში – 300 მ3-ს არ აღემატება;
ჰ21) ELA2 ტიპის საჰაერო ხომალდი – მართვადი (პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი სხ:
ჰ21.ა) თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასით (MTOM), რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც კომპლექსური ძრავის მქონე სხ;
ჰ21.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები MTOM-ით;
ჰ21.გ) საჰაერო ბურთი;
ჰ21.დ) არაუმეტეს 600 კგ MTOM-ის მქონე ხრახნფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელსაც გააჩნია მარტივი კონსტრუქცია, შემუშავებულია არაუმეტეს ორი პირის გადასაყვანად და არ არის აღჭურვილი ტურბინული და/ან რაკეტული ძრავებით, ხოლო ექსპლუატაცია დასაშვებია მხოლოდ დღისით ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში;
ჰ22) GBAS დასაფრენი სისტემა (GLS) – დასაფრენად შესვლის/დაფრენის სისტემა, რომელიც იყენებს გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის ინფორმაციის მაკორექტირებელ სახმელეთო სისტემას (GNSS/GBAS), რათა უზრუნველყოს სხ-ის განივი (ჰორიზონტალური) და ვერტიკალური მიმართვა GNSS პოზიციის საფუძველზე. სისტემა იყენებს აბსოლუტური გეომეტრული სიმაღლის ნიშნულს დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის დახრილობის განსასაზღვრად;
ჰ23) „Type A“ დასაფრენად სახელსაწყო შესვლა – დასაფრენად სახელსაწყო შესვლა, როდესაც დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH) ან გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) – 250 ფტ ან მეტია;
ჰ23) „Type B“ დასაფრენად სახელსაწყო შესვლა – ექსპლუატაცია ისეთ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლის მნიშვნელობა 250 ფტ-ზე ნაკლებია. Type B დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ექსპლუატაცია იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ჰ23.ა) კატეგორია I (CAT I): გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე არანაკლებ 200 ფტ და ხილვადობა არანაკლებ 800 მ ან RVR არანაკლებ 550 მ;
ჰ23.ბ) კატეგორია II (CAT II): გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 200 ფტ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 100 ფტ და RVR არანაკლებ 300 მ;
ჰ23.გ) კატეგორია III (CAT III): გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 100 ფტ-ზე ნაკლები ან DH-ის გარეშე და RVR არანაკლებ 300 მ ან RVR შეზღუდვების გარეშე.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ABAS – საბორტო მაკორექტირებელი სისტემა;
ბ) ACAS – ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა;
ბ) AFM – სხ-ის ფრენის შესრულების სახელმძღვანელო;
გ) AOC – სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატი;
დ) APV – ვერტიკალური სანაოსნო მიმართვით დასაფრენად შესვლის პროცედურა;
ე) ATC – საჰაერო მოძრაობის მართვა;
ვ) ATS – საჰაერო მოძრაობის მომსახურება;
ზ) AVGAS – საავიაციო ბენზინი;
თ) Baro-VNAV – ბარომეტრული VNAV;
ი) CDFA – დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება;
კ) CDL – კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალი;
ლ) CG – სიმძიმის ცენტრი;
მ) CofA – ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;
ნ) CS – სერტიფიცირების სპეციფიკაცია;
ო) DA – გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური სიმაღლე;
პ) DA/H – გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე;
ჟ) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე;
რ) DME – მანძილსაზომი მოწყობილობა;
ს) EFB – ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა;
ტ) ELT – საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემი;
უ) ELT(S) – საავარიო-სამაშველო მიმყვანი რადიოგადამცემი;
ფ) FATO – დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის და აფრენის არე;
ქ) GBAS – სახმელეთო მაკორექტირებელი სისტემა;
ღ) GLS – GBAS დასაფრენი სისტემა;
ყ) GNSS – გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა;
შ) IFR – სახელსაწყო ფრენის წესები;
ჩ) ILS – სახელსაწყო დაფრენის სისტემა;
ც) IMC – სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები;
ძ) LNAV – ჰორიზონტალური ნაოსნობა;
წ) LOC – საკურსო რადიოშუქურა;
ჭ) LP – საკურსო რადიოშუქურის მახასიათებლები;
ხ) LPV – საკურსო რადიოშუქურის მახასიათებლები ვერტიკალური სანაოსნო მიმართვით;
ჯ) LVO – ექსპლუატაცია დაბალი ხილვადობის პირობებში;
ჰ) MDA – დაშვების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე;
ჰ1) MDH – დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე;
ჰ2) MEL – მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი;
ჰ3) MLS – მიკროტალღური დაფრენის სისტემა;
ჰ4) MMEL – მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი;
ჰ5) N – ჩრდილოეთი;
ჰ6) NCO – არაკომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდით არაკომერციული ექსპლუატაცია;
ჰ7) NM – საზღვაო მილი;
ჰ8) NPA – დასაფრენად არაზუსტი შესვლა;
ჰ9) OCH – დაბრკოლების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე;
ჰ10) PBN – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა;
ჰ11) PED – პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა;
ჰ12) PLB – პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურა;
ჰ13) RVR – ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ხილვადობის სიშორე;
ჰ14) S – სამხრეთი;
ჰ15) SBAS – თანამგზავრული მაკორექტირებელი სისტემა;
ჰ16) SRA – მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი;
ჰ17) SSR – მეორადი რადიოლოკატორი;
ჰ18) TAWS – ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემა;
ჰ19) VDF – VHF რადიოპელენგატორი;
ჰ20) VFR – ვიზუალური ფრენის წესები;
ჰ21) VHF – ძალზე მაღალი სიხშირე;
ჰ22) VIS – ხილვადობა;
ჰ23) VMC – ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები;
ჰ24) VNAV – ვერტიკალური ნაოსნობა;
ჰ25) VOR – ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა;
ჰ26) იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ჰ27) მ – მეტრი;
ჰ28) მჰც – მეგაჰერცი;
ჰ29) ფტ – ფუტი;
ჰ30) ტი – ტექნიკური ინსტრუქციებ