1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრულ ვადებში. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართ №5-ში მოცემულ ინფორმაციას.

2. სხ-ის ახალი ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს  დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა მის მიმართ ამ წესის გავრცელებიდან სამი თვის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით.

3. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა დასამტკიცებლად ხელახლა წარუდგინოს იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში შემავალ ინფორმაციაში შედის არსებითი ცვლილება. ამგვარ არსებით ცვლილებად ჩაითვლება  გეგმაში წარმოდგენილი ინფორმაციის ისეთი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სხ-ის ექსპლუატანტის უფლებამოსილებაზე გამოიყენოს მონიტორინგის კონკრეტული მეთოდი,  ან რომელიც სხვაგვარად გავლენას ახდენს სააგენტოს შეფასებაზე იმის თაობაზე, აკმაყოფილებს თუ არა სხ-ის ექსპლუატანტი მონიტორინგის მოთხოვნებს.

4. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც გავლენა შეიძლება მოახდინოს სააგენტოს მიერ ამ წესის ფარგლებში ზედამხედველობის განხორციელებაზე, როგორიცაა კორპორატიული დასახელების ან მისამართის შეცვლა, მაშინაც კი, თუ აღნიშნული ცვლილება არ არის არსებითი ხასიათის.

შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის და მასში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების  სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).

5. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად მის მიმართ ამ წესის გავრცელებიდან სამი თვის განმავლობაში. სააგენტო ამგვარ გეგმას ამტკიცებს მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

6. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა კალენდარული წლის (y) ბოლოს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სხ-ის ექსპლუატანტს დაუწესოს ამ წესით დადგენილისგან განსხვავებული ვადები გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის წარდგენისა და ვერიფიკაციის პროცესის დასრულებისთვის.

7. სხ-ის ექსპლუატანტი სამეწარმეო საზოგადოების შერწყმის ან გაყოფის, შვილობილი სამეწარმეო საზოგადოების (სხ-ის ექსპლუატანტი) წარმოქმნის და პირველად საერთაშორისო ფრენებზე ოპერირების დაწყების წინ ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შემუშავების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილება იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) მის მიმართ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გავრცელება