ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) აეროდრომების წყვილი – ორი აეროდრომისგან შემდგარი წყვილი, რომელშიც შედის გამგზავრების და დანიშნულების აეროდრომები;

გ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;

დ) თვითმფრინავის მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია თვითმფრინავის რეგისტრაციის სერტიფიკატით;

ე) ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – სხ-ის ექსპლუატანტის მიერ სხ-ის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;

ვ) გარდაქმნის პროცესი- ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ნედლეულისგან საავიაციო საწვავის მისაღებად;

ზ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავი – CORSIA-ს შესაბამისი მდგრადი საავიაციო საწვავი ან CORSIA-ს შესაბამისი დაბალნახშირორჟანგიანი საავიაციო საწვავი, რომელიც სხ-ის ექსპლუატანტს შეუძლია გამოიყენოს საკომპენსაციო ვალდებულების შესამცირებლად;

თ) CORSIA-ს დაბალნახშირორჟანგიანი საავიაციო საწვავი – წიაღისეული საავიაციო საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომში („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) მოცემულ CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;

ი) CORSIA-ს მდგრადი საავიაციო საწვავი – განახლებადი ან ნარჩენებისგან წარმოებული საავიაციო საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომში („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) მოცემულ CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;

კ) ნედლეული – გადაუმუშავებელი ნედლი მასალა, რომელიც გამოიყენება საავიაციო საწვავის წარმოებისთვის;

ლ) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის წარდგენილი სათანადო ინფორმაცია სხ-ის მოსალოდნელი ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;

მ) ჩასხმული საწვავი – საწვავის ოდენობა, რომელსაც საწვავის მიმწოდებელი თითოეული ფრენისთვის ანგარიშობს და უთითებს (ლიტრში) ჩაბარების აქტში ან ანგარიშ-ფაქტურაში;

ნ) დიდი წრის რკალის მანძილი – უმოკლესი მანძილი გამგზავრების და დანიშნულების აეროდრომებს შორის, დამრგვალებული უახლოეს კილომეტრამდე და  გაზომილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც მოდელირებულია 1984 წლის მსოფლიო გეოდეზიური სისტემის შესაბამისად   (WGS84);

შენიშვნა: აეროდრომების გრძედი და განედი კოორდინატები მოცემულია იკაოს ადგილმდებარეობის  აღმნიშვნელების  ბაზაში.

ო) ეროვნული აკრედიტაციის ორგანო – შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაადასტუროს ვერიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობა კონკრეტული სავერიფიკაციო მომსახურების გასაწევად.

პ) ახალი ექსპლუატანტი –  სხ-ის ექსპლუატანტი, რომელსაც დაწყებული აქვს ამ წესით გათვალისწინებულ საავიაციო საქმიანობა 2019 წლის 1 იანვრის შემდგომ და რომლის საქმიანობა  მთლიანად ან  ნაწილობრივ არ არის სხ-ის სხვა ექსპლუატანტის მიერ აღნიშნულ ვადამდე შესრულებული საავიაციო საქმიანობის გაგრძელება;

ჟ) სხ-ის ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;

რ) ანგარიშგების პერიოდი – პერიოდი, რომელიც იწყება წლის 1 იანვარს და სრულდება 31 დეკემბერს და რომლის განმავლობაშიც სხ-ის ექსპლუატანტი სააგენტოში წარადგენს ამ წესით მოთხოვნილ ინფორმაციას.

შენიშვნა: ფრენის გამგზავრების დროით (UTC) განისაზღვრება თუ ანგარიშგების რომელ პერიოდს მიეკუთვნება ფრენა;

ს) სახელმწიფოთა წყვილი – ორი სახელმწიფოსგან შემდგარი წყვილი, რომელშიც შედის გამგზავრების სახელმწიფო ან მისი ტერიტორიები და დანიშნულების სახელმწიფო ან მისი ტერიტორიები;

ტ) ვერიფიკაციის ორგანო – მიუკერძოებელი აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციას;

უ) ანგარიშის ვერიფიკაცია – CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის დამოუკიდებელი, რეგულარული და დოკუმენტირებული შეფასების პროცესი;

ფ) ვერიფიკაციის ანგარიში – ვერიფიკაციის ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ვერიფიკაციის დასკვნას და სხვა დამხმარე ინფორმაციას;

ქ) ვერიფიკაციის ჯგუფი – ვერიფიკაციის ორგანოში შემავალი ვერიფიკატორების ჯგუფი, ან ცალკეული ვერიფიკატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს ჯგუფის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია, და რომელიც ახორციელებს CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციას;

შენიშვნა: შესაძლებელია, რომ ჯგუფს დახმარება გაუწიოს ტექნიკურმა ექსპერტ(ებ)მა.

ღ) საერთაშორისო ფრენა – სხ-ის ფრენა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

შენიშვნა: შესრულებული ფრენის  საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს იკაოს ოფიციალური დოკუმენტის Doc 7910-ის („ადგილმდებარეობის აღმნიშვნელები“) მიხედვით, რომელშიც მოცემულია აეროდრომების და შესაბამისი სახელმწიფოების ჩამონათვალი. დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს Doc 9501 IV ტომში (“საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“);

ყ) ადგილობრივი ფრენა – სხ-ის ფრენა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

შ) საანგარიშო პერიოდი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ წესით გათვალისწინებულია შემდეგი საანგარიშო პერიოდები:

ა) 2024-2026

ბ) 2027-2029

გ) 2030-2032

დ) 2033-2035

ჩ) მონაცემთა ხარვეზი – სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ფრენებზე გამოყენებული საწვავის შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაციის არარსებობა. მონაცემთა ხარვეზი შესაძლოა გახდეს გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანოს მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების მიზეზი. მონაცემთა ხარვეზი შესაძლოა აგრეთვე გამოვლენილ იქნეს სააგენტოს მიერ ვერიფიცირებული გამონაბოლქვის ანგარიშის განხილვის პროცესში;

ც) „მატერიალური ზღვარი“ – გამონაბოლქვის ანგარიშში ასახულ ინფორმაციაში დაფიქსირებული შეუსაბამობების დასაშვები ოდენობა, რომელიც გავლენას არ ახდენს ანგარიშში წარმოდგენილ CO2-ის გამონაბოლქვის საბოლოო რაოდენობრივ სისწორეზე. გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ორგანოს მიერ „მატერიალური ზღვრის“ გამოყენების წესს ადგენს ISO 14064-3:2019 სტანდარტ