1. პირი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოვალეობის შესრულების, საავიაციო უშიშროების სამსახურში დასაქმების,  ავიასაწარმოს  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში გამცილებლის გარეშე გადაადგილების უფლების მინიჭების  მიზნით, ექვემდებარება ანკეტური მონაცემების შემოწმებას, რომელიც ითვალისწინებს, მისი კრიმინალური წარსულის გამორიცხვასა და სხვა პირადი მონაცემების დადგენას/იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პირთა ანკეტური მონაცემები მოწმდება  სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ.

3. პირის ანკეტური მონაცემების შემოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანკეტური მონაცემების  შემოწმების ორგანიზებას, რომელიც მოიცავს ანკეტური მონაცემების შემოწმების დაგეგმვას, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, გადაგზავნას შესაბამის უწყებასთან, უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი.

4. დაუშვებელია ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პირის გამცილებლის გარეშე დაშვება, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი პიროვნების მუდმივი და დროებითი საშვის გაცემა, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალად დასაქმება, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის  მოვალეობის შესრულება ვიდრე პირის ანკეტური მონაცემები არ იქნება დადასტურებული ან თუ ანკეტური მონაცემების შემოწმების შედეგად იქნა გამოვლენილი, რომ პირი ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ნარკოტიკული საშუალებასთან, მის ანალოგთან ან პრეკურსორთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, ან  ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან/და ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით  გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლეობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა:

ა) ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა,  გასაღებას ან მოხმარებას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით;

გ) დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ;

დ) დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ;

ე) ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა;

ვ) ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვას, მითვისება ან გაფლანგვა;

ზ) სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება;

თ) კრიმინალური დაჯგუფების წევრობა.

5. გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, მისცეს პირს ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება, თუ განმცხადებელი ნასამართლევია/ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ჩადენისთვის, ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს/ითვლება ადმინისტრაციულად სახდელდაუდებლად და მიიჩნევა, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ პროგრამის საფუძველზე განხორციელებული ანკეტური შემოწმების შედეგის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს/პირს უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს.

7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართოს საშვის გამცემ უფებამოსილ უწყებას/ავიასაწარმოს კონკრეტულ პირზე გაცემული პიროვნების საშვის გაუქმების ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

8. შემოწმებასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურული საკითხები, მათ შორის, შემოწმებაზე უფლებამოსილი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი, ასევე იმ პირთა კატეგორია, რომლებიც არ ექვემდებარებიან საშვის გაცემისას ანკეტური მონაცემების შემოწმებას, განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანები