1. იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, გამოგონების პატენტის ან სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადა შეადგენს 31 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან.

2. ეროვნული ფაზის დაწყებისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება პატენტის გაცემის თაობაზე ან სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის თაობაზე. რეკომენდებულია საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმების გამოყენება.

3. ეროვნული ფაზის დაწყებიდან 2 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო განაცხადის თავდაპირველი რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც მოიცავს აღწერილობას, გამოგონების ფორმულას, ნახაზებს (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) და რეფერატს, ან თუ საერთაშორისო ფაზაში საგანაცხადო მასალებში შევიდა ცვლილება და განმცხადებელს სურს საქპატენტში ექსპერტიზა ჩატარდეს განაცხადის შეცვლილ მასალებზე, მაშინ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო განაცხადის შეცვლილი რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც მოიცავს აღწერილობას, გამოგონების ფორმულას, ნახაზებს და რეფერატს.

4. ეროვნული ფაზის დაწყებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური. გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.

5. ეროვნულ ფაზაში შესულ საერთაშორისო განაცხადზე ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს საპატენტო კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

6. ეროვნულ ფაზაში შესული საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი.

7. ეროვნულ ფაზაში შესული საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება ხდება ქართულ ენაზე თარგმანის წარდგენის შემდგომ უახლოეს ბიულეტენში, თუ პრიორიტეტის თარიღიდან გასულია 18 თვე და თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური.

თავი VI

ხელახალი ექსპერტიზა, პატენტის ბათილად ცნო