1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პატენტის ბათილად ცნობის მიზნით.

2. ხელახალი ექსპერტიზა არ ტარდება, თუ მიმდინარეობს სასამართლო დავა.

3. განცხადებას პატენტის ხელახალი ექსპერტიზის შესახებ უნდა ერთოდეს კანონის 421 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.

4. თუ განცხადება პატენტის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, მას უნდა ერთოდეს განმცხადებლის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საქპატენტის თავმჯდომარე, კანონის 421 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საქპატენტის მიერ წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ბრძანებით ქმნის საექსპერტო კოლეგიას (შემდეგში – კოლეგია) ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად.

6. კოლეგია შედგება სამი წევრისგან, რომელთაგან ორი გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის თანამშრომელია. კოლეგიაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ან მას დაინტერესებულ მხარესთან აკავშირებს საერთო უფლებები ან ვალდებულებები, ან მონაწილეობდა განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში, ან დაინტერესებული მხარის ან/და მისი წარმომადგენლის ნათესავია.

7. კოლეგიას ჰყავს მდივანი, რომელიც ინიშნება საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელთაგან. კოლეგიის მდივანი უზრუნველყოფს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის, ასევე, კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის მხარეებთან გაგზავნას.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას საქპატენტი მიღებისთანავე უგზავნის პატენტის მფლობელს და პასუხის წარმოსადგენად განუსაზღვრავს 2-თვიან ვადას, რომელიც აითვლება განცხადების საქპატენტში წარდგენის მომენტიდან.

9. კოლეგია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში ატარებს ხელახალ ექსპერტიზას.

10. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, კოლეგია საქპატენტის სახელით იღებს გადაწყვეტილებას პატენტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ან პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

11. მონაცემები პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში და რეგისტრირდება რეესტრში. თუ საქპატენტის გადაწყვეტილება პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის ან პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ცნობას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ხოლო რეესტრში აკეთებს მითითებას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქპატენტი მონაცემებს გამოაქვეყნებს ბიულეტენშ