1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მისოს მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება მისოს მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც მისო მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.

5. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია მისოს მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე, ჯარიმების, საურავების და თამასუქზე დარიცხული სარგებლის (გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის თამასუქზე პროცენტის დარიცხვისა) შესახებ.

6. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა.

7. ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკების/მიკრობანკების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში. გამონაკლისს წარმოადგენს ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8. მისოს კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.

9. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (მისოს არსებული კლიენტის) ოპერაციების ჭრილში.

10. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც განახორციელეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, ასევე საყოფაცხოვრებო გადახდები.

11. ანგარიშგებაში მიკროლიზინგისა და ფაქტორინგის შესახებ აისახება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების თანხების ოდენობა, ხოლო სესხების გაცემის და მოზიდული სახსრების შემთხვევაში მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია.

12. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.

13. ვალუტის როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) ოპერაციების შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტისაგან მიღებული თანხის ოდენობა.

14. ვალუტის ყიდვა-გაყიდვისას, თუ ერთ-ერთი მხარის მიერ მაინც ხორციელდება ოპერაცია ნაღდი ფულით, ასეთი ტიპის ოპერაციები მისომ უნდა აღრიცხოს, როგორც ნაღდი ფორმით განხორციელებული კონვერტაცია.

15. მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ განხორციელებული ერთჯერადი ოპერაციები აისახება აღნიშნული პირის მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებთან ერთად.

16. ფორმებში არ აისახება ინფორმაცია ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა გაუქმებაც (უკან დაბრუნებაც) მოხდა მათი მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში, მათ განაღდებამდე (გამგზავნისათვის თანხის უკან დაბრუნებით).

17. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.

18. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, ფორმაში აისახება თანხის ის მოცულობა, რომელიც დარჩა კლიენტს ძველი სესხის ნაშთის გადაფარვის შემდგომ.

19. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 36-ე და 37-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

20. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხი