1. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №8 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც მისოსთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.
4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.
5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.
6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).
7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.
8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებსა და აუქციონის მომწყობ პირებს.
9. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
10. ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.
11. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.
12. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
13. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
14. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.
15. ანგარიშგების ფორმა №8-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
16. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.
17. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
18. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.
19. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
20. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).
21. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.
22. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.
23. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა მიერ განხორციელებული ოპერაციების ოდენობა (გარდა სესხისა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მეტია ან ტოლია 500 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის.
24. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.
25. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
26. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე, მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).
28. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
29. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ, ასევე იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან.
30. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.
31. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.
32. ანგარიშგების ფორმა №8-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა ბანკს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.
33. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც მისომ საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ბრუნვის მოცულობაში აისახება, აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა.
34. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.
35. ანგარიშგების ფორმა №8-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.
36. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №8-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც მისოს შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
37. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 36-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.
38. მისოს მიერ ანგარიშგების ფორმა №8-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვ.) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ამავე ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგა