1. დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დოკუმენტური მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაციას. დოკუმენტურ მტკიცებულებად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა, დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება;
ბ) მოიპოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (მათ შორის, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიდან, ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან, საჯარო განცხადებებიდან დასხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან) ან ისეთი წყაროებიდან, რომელზე წვდომაც სამსახურის თანამშრომელს აქვს კანონიერად.
3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია მოთხოვილი დოკუმენტი/ინფორმაცია სამსახურის თანამშრომელს მიაწოდოს დროულად და სრულად. სამსახურის თანამშრომლისთვის დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდებაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან/და არაჯეროვანი შესრულება (მათ შორის არასაპატიო მიზეზით ვადის დარღვევა) უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის 86-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
4. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ან/და ნებისმიერ სხვა პირს დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვოს წერილობით ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით. სამსახურის თანამშრომელი, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვასთან ერთად, აწვდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. სამსახურის თანამშრომელს დოკუმენტი/ინფორმაცია უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით (მატერიალურად), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემას ელექტრონული ფორმით ან თუ სამსახურის თანამშრომელთან წინასწარ შეთანხმებულია დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა ფორმით წარდგენა.
6. სამსახურის თანამშრომელი, განცხადების განხილვის ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისას, ინფორმაციის წარმოდგენისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ან/და ნებისმიერ სხვა პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის ათვლა დაიწყება წერილობითი მოთხოვნის ჩაბარების ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. სამსახურის თანამშრომლის მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელება დასაშვებია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ან/და ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა კანონის 65-ე მუხლითა და ამ წესის 36-ე მუხლით განსაზღვრული ვადები.
7. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვისას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ან/და ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია სამსახურის თანამშრომელს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა საჭიროებს:
ა) დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.
8. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ან/და ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა კანონის 65-ე მუხლითა და ამ წესის 36-ე მუხლით განსაზღვრული ვადები.
9. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს შესაბამისი საჯარო წყაროსა და დოკუმენტის/ინფორმაციის დათვალიერებას და მათი შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაფიქსირებას (ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო).
10. დოკუმენტის/ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან ისეთი წყაროებიდან მოპოვებისას, რომელზე წვდომაც სამსახურის თანამშრომელს აქვს კანონიერად, ასევე დოკუმენტის/ინფორმაციის ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოთხოვისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ