1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს:

ა) მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლის და მოწმის ახსნა-განმარტებები;

ბ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი;

გ) ნივთიერი მტკიცებულება;

დ) ექსპერტის დასკვნა;

ე) სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი რაიმე გარემოების ან ქმედების აღმწერი წერილობითი, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი (მათ შორის, ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი), ადგილზე შემოწმების ოქმი და სხვა);

ვ) სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

ზ)  სამართალდამრღვევის აღიარება;

თ) ფაქტების კონსტატაციის მასალები;

ი) აუდიოჩანაწერი;

კ) ვიდეოჩანაწერი;

ლ) ფოტო;

მ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი;

ნ) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი;

ო) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი;

პ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის.

2. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი:

ა) მონაცემთა სუბიექტისთვის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის, სპეციალური წარმომადგენლისა და მოწმისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა;

ბ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტის გამოთხოვა ან/და დათვალიერება;

გ) ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერება;

დ) ექსპერტიზის დანიშვნა;

ე) ექსპერიმენტის ჩატარება;

ვ) ადგილზე შემოწმება;

ზ) ზეპირი განხილვა.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება სამსახურის თანამშრომელს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლაში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ჩასატარებლად კონკრეტული მტკიცებულებ(ებ)ის მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდ(ებ)ის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეო-აუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის თანამშრომელი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას, სამსახურის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანი, მოცულობა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა.

5. მტკიცებულებების მოპოვების უშუალოდ დაწყებამდე, მიზანშეწონილია დადგინდეს ზოგადი ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ (მათ შორის, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, ფუნქცია-მოვალეობები და ა.შ.