1. აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო მისი წერილობითი დადასტურება ფორმდება არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
3. თუ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა სამსახურის თანამშრომლისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმში.
4. კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის მიერ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელი ადგენს წერილობით ოქმს.
5. სამსახურის თანამშრომლის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებულ უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა).
6. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე და შესაბამისად აუდიო ან ვიდეო-აუდიო ჩაწერაზე;
ბ) იმ მოქმედების ან/და კომუნიკაციის შინაარსს, რომელზეც დგება ოქმი.
7. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის წერილობითი დადასტურება უნდა შეიცავდეს:
ა) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლისა და კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
ბ) აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენის დროს და ადგილს;
გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი;
დ) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი;
ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია.
8. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამსახურის დასახელებას;
ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს;
გ) საქმის დასახელებას, რომელზეც შედგა ოქმი;
დ) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი;
ე) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლისა და კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას;
ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია;
ზ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით;
თ) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლის ხელმოწერას და სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის ხელმოწერას, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოქმედების განხორციელებაში მონაწილეობს იგი;
ი) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის ხელმოწერას ან წერილობითი ფორმით გამოხატულ დასტურს ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ შესაბამისი მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.
9. მხარის ახსნა-განმარტებასთან, მოწმის ჩვენებასთან, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ექსპერიმენტის ჩატარებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ განხილვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, სამსახურის თანამშრომლის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს სამსახურის თანამშრომლის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით ან წერილობითი ფორმით. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
10. ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის, თუ კომუნიკაციის დროს გაცხადებული ინფორმაცია მხარის, დაინტერესებული პირის ან მესამე პირის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტურა