1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს, კერძოდ, შემოწმების ოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების, ავიაგადამზიდველის ფოსტის შემოწმებას, გავლილი უნდა ჰქონდეთ საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ სწავლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სახიფათო ტვირთების შესახებ სწავლებას ექვემდებარებიან ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ცვლის უფროსები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ავიასაწარმოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ოპერატორების ხელმძღვანელობას.

3. ავიასაწარმოს არა აქვს უფლება, დაავალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პირს, თუ მას არა აქვს გავლილი საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ სასწავლო კურსი.

4. ავიასაწარმომ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის, უნდა შეიმუშაოს საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული, მომზადებისა და შეფასების პროგრამა (პროგრამები).

შენიშვნა: საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული მომზადების პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებისა“ (Doc 9284) და „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოს“ (Doc 10147) მოთხოვნებს.

5. პროგრამა მტკიცდება  ავიასაწარმოს მიერ და თანხმდება სააგენტოსთან.

6. პერიოდული მომზადების ფარგლებში სახიფათო ტვირთების სწავლება უნდა განხორციელდეს 24 თვეში ერთხელ.

7. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულად აღრიცხვა და შენახვა 3 წლის განმავლობაში.

8. პირები, რომლებმაც  სახიფათო ტვირთების  სწავლებით გათვალისწინებული საკითხები გაიარეს საავიაციო უშიშროების სპეციალიზირებული მომზადების ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ სწავლებას აღარ საჭიროებენ.

9. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სწავლებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით