განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ან დელეგირების ფარგლებში მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი;
გ) სააგენტო − სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ სამსახურს;
დ) სახელმწიფო კომისია − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია;
ე) სახელმწიფო კომისიის დასკვნა − სახელმწიფო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის საფუძველზედაც მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას;
ვ) გამწვევი კომისია − თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი გამწვევი კომისია;
ზ) პირი − საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას;
თ) სუბიექტი − ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილის შემქმნელი დაწესებულება, რომელთანაც პირს შეუძლია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა;
ი) ოჯახის წევრი − პირის შვილი, ნაშვილები, მეუღლე, დედა, მამა, მშვილებელი, და, ძმა;
კ) უპატრონოდ დარჩენილი პირი − პირი, რომელსაც ესაჭიროება მომვლელი და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა;
ლ) ტაბელი − სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებული პირის სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველდღიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მონაცემებს პირის მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ;
მ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმა − აღნიშნულ ფორმაში აღირიცხება მონაცემები არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის შესახებ ამ სამსახურში გაწვევის, სამსახურის დაწყების, სამსახურის გავლის მსვლელობისა და სამსახურის დასრულების შესახებ. აღრიცხვის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ნ) ახლო ნათესავი − გერი, პაპა, ბებია, მეუღლის დედა, მეუღლის მამა, მეუღლის პაპა, მეუღლის ბებია, მეუღლის და, მეუღლის ძმა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრულ