1. პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები წესრიგდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით.
2. ხანგრძლივი შრომისუუნარობის შემთხვევაში, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა 60 კალენდარულ დღეს აღემატება, სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიას პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის დასკვნის გამოტანის მიზნით. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამედიცინო საექსპერტო კომისიამ ცნო სამსახურისათვის შეუსაბამოდ, სამსახურიდან დათხოვნილნი იქნებიან შესაბამისი საფუძვლით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილნი იქნებიან როგორც სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისი, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათხოვნილნი იქნებიან რეზერვში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვა არ არის საჭირო, თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით.
4. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებები, გარდა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი ცალკეული შეზღუდვებისა.
5. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი), ამ წესისა და შრომითი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა შეადგენს თვეში დარიცხულ 200 ლარს, რომლის გაანგარიშება წარმოებს ნამუშევარი დღეების პროპორციულად, სუბიექტის მიერ წარმოებული და სააგენტოსთვის მიწოდებული ტაბელის შესაბამისად.
7. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის სამუშაო ადგილზე დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირი ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს არაუგვიანეს 10 დღისა, იმ დღიდან, როდესაც დასაქმების ხელშეკრულების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაცია ამ პირისთვის გახდა ცნობილი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა შეჩერდება დასაქმების ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. აღნიშნული ვადა განახლდება ამ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა სუბიექტთან გაგრძელების მომენტიდან.
9. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნულის გარდა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის პირობით პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება დამატებით მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;
ბ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა მისი ოჯახი.
10. იმ შემთხვევაში, თუ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი ვერ ახერხებს სამსახურის გავლის ადგილას გამოცხადებას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სუბიექტს, ხოლო 30 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებ