1. დაწესებულებაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. დაწესებულების კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. დაწესებულების საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის მ.შ.-ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორის მ.შ. ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (შემდგომში – დეკანის მ.შ.) წარდგინებით. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.
4. დაწესებულების საარჩევნო კომისიაში შეიყვანება დაწესებულებაში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის არა უმეტეს 2 წარმომადგენელი, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რაოდენობის ფარგლებში.
5. დაწესებულების საარჩევნო კომისია უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
6. დაწესებულების საარჩევნო კომისიას ეკისრება ვალდებულება არჩევნების ამ დებულებით დადგენილი წესით ჩატარებაზე.
7. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
8. დაწესებულების საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლვს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას