ტექნიკური რეგლამენტის – პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №331 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
დანართი.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი – პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
„ტექნიკური რეგლამენტი − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესი“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ეტიკეტირებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნებს.
ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება იმ პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერების მიმართ, რომელიც ერთდება ელექტროჩამრთველში და ასევე მოიცავს საკვები პროდუქტების და ცხოველების საკვების გაცივების მიზნით გამოსაყენებელ მოწყობილობებს.
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
ა) პროფესიულ სამაცივრო-შესანახ კამერაზე, რომლის ძირითადი კვების წყარო არის სხვა სახის ენერგია, გარდა ელექტრულისა;
ბ) პროფესიულ სამაცივრო-შესანახ კამერაზე, რომელიც მუშაობს დისტანციური კონდენსაციის ერთეულით;
გ) ღია კამერაზე, სადაც ღიაობა მისი ფუნქციონირების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს;
დ) კამერაზე, რომელიც შექმნილია სპეციალურად საკვების გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ კამერა შექმნილია სპეციალურად საკვების გადასამუშავებლად და გააჩნია მხოლოდ ერთი განყოფილება, რომლის სალდო მოცულობა კამერის მთლიანი სალდო მოცულობის 20%-ზე ნაკლების ეკვივალენტურია, გამონაკლისი არ ვრცელდება;
ე) კამერაზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია მხოლოდ გაყინული საკვები პროდუქტების კონტროლირებადი გალღობის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კამერას გააჩნია მხოლოდ ერთი განყოფილება, რომელიც სპეციალურად შექმნილია გაყინული საკვები პროდუქტის კონტროლირებადი გალღობისთვის, გამონაკლისი არ ვრცელდება;
ვ) მაცივარ ვიტრაჟზე;
ზ) დახლზე მომსახურების და სხვა მსგავსი ფორმის კამერებზე, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია საკვები პროდუქტების საჩვენებლად და გასაყიდად, მათი გაცივებისა და შენახვის ფუნქციასთან ერთად;
თ) კამერაზე, ორთქლის კომპრესიული გაცივების ციკლის გარეშე;
ი) შეკვეთით დამზადებულ პროფესიულ სამაცივრო-შესანახ კამერაზე, რომელიც დამზადებულია ერთჯერადად, მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად და არ არის ეკვივალენტური სხვა პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერებისა, როგორც ეს განმარტებულია მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში;
კ) მაცივარ-საყინულეზე;
ლ) სტატიკურ საჰაერო კამერაზე;
მ) ჩასაშენებელ კამერაზე;
ნ) გადასაადგილებელ და გამჭოლ კამერაზე;
ო) საყინულე ყუთზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა − განცალკევებული სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ერთ ან მეტ განყოფილებას ერთი ან მეტი კარის ან უჯრის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს საკვები პროდუქტის ტემპერატურა დადგენილ ზღვრებში გაცივებულ ან გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე, ორთქლის კომპრესიული ციკლის გამოყენებით და განკუთვნილია საკვები პროდუქტების შესანახად არასაყოფაცხოვრებო გარემოში, მაგრამ არა მოხმარებლისთვის საჩვენებლად ან ხელმისაწვდომად;
ბ) საკვები პროდუქტი − საკვები, ინგრედიენტები, სასმელი, მათ შორის, ღვინო და სხვა პროდუქტები, რომლებიც პირველადად განკუთვნილია მოხმარებისთვის და გარკვეულ ტემპერატურებზე გაცივებას საჭიროებს;
გ) ჩასაშენებელი კამერა − ფიქსირებული განცალკევებული სამაცივრე მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია კამერაში, კედელში გაკეთებულ ნიშაში ან მსგავს ადგილას დასამონტაჟებლად და საჭიროებს ავეჯის დამუშავებას;
დ) გადასაადგილებელი კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელიც მოიცავს ერთ უნიკალურ განყოფილებას, რომელიც იძლევა პროდუქტისთვის განკუთვნილი გორგოლაჭიანი თაროების შეგორების შესაძლებლობას;
ე) გამჭოლი კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელიც ორივე მხრიდან არის ხელმისაწვდომი;
ვ) სტატიკური საჰაერო კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა შიდა ჰაერის იძულებითი ცირკულაციის გარეშე, რომელიც სპეციალურად შექმნილია მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესანახად ან დალუქული შეფუთვის გარეშე შენახული საკვები პროდუქტების გამოშრობის ეფექტის თავიდან ასაცილებლად. კამერის შიგნით ერთი სტატიკური ჰაერის განყოფილება არ არის საკმარისი კამერის სტატიკურ საჰაერო კამერად დაკვალიფიცირებისთვის;
ზ) ღია კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომლის სამაცივრო დახურული სივრცე გარედან ხელმისაწვდომია კარის ან უჯრის გამოღების გარეშე. მხოლოდ ერთი განყოფილების არსებობა, რომელიც შეიძლება გარედან ხელმისაწვდომი იყოს კარის ან უჯრის გამოღების გარეშე, როდესაც კამერის სალდო მოცულობა მისი მთლიანი სალდო მოცულობის 20%-ზე ნაკლების ეკვივალენტური, არ არის საკმარისი კამერის ღია კამერად დაკვალიფიცირებისთვის;
თ) მაცივარი ვიტრაჟი − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელსაც აქვს ერთი ან მეტი კარი ან უჯრა წინა მხარეს ვერტიკალურ სიბრტყეზე, ასევე ზემოთ გააჩნია ჭრები, რომელშიც შესაძლებელია დროებითი შესანახი სათავსების ჩასმა საკვები პროდუქტის ადვილად შესანახად, როგორიცაა პიცის დანამატები ან სალათის შემადგენელი ნაწილები და არა მხოლოდ;
ი) კომბინირებული კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელიც საკვები პროდუქტის გასაცივებლად და შესანახად მოიცავს ორ ან ორზე მეტ განყოფილებას განსხვავებული ტემპერატურით;
კ) მაცივარი-საყინულე − კომბინირებული კამერის ტიპი, რომელიც მოიცავს სულ მცირე ერთ განყოფილებას ექსკლუზიურად გაციებულ სამუშაო ტემპერატურაზე ფუნქციონირებისთვის და ერთ განყოფილებას − ექსკლუზიურად გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე მუშაობისთვის;
ლ) საყინულე ყუთი − საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილ საყინულე, რომელშიც განყოფილებასთან (განყოფილებებთან) წვდომა ხდება მოწყობილობის ზედა მხრიდან, ან რომელსაც აქვს როგორც ზემოდან გასახსნელი ტიპის, ასევე ვერტიკალური ტიპის განყოფილებები, რა შემთხვევაშიც ზემოდან გასახსნელი ტიპის განყოფილებ(ებ)ის სრული მოცულობა აჭარბებს მოწყობილობის საერთო სრული მოცულობის 75%-ს;
მ) სალდო მოცულობა − მოცულობა, რომელიც საკვებ პროდუქტს ინახავს დატვირთვის ზღვრებში;
ნ) გაცივებული სამუშაო ტემპერატურა − ტემპერატურა, რომელზეც საკვები პროდუქტი ინახება კამერაში მუდმივად შენარჩუნებულია − 1 ° C-სა და 5 ° C-ს შორის ტემპერატურაზე;
ო) გაყინული სამუშაო ტემპერატურა − ტემპერატურა, რომელზეც საკვები პროდუქტი ინახება კამერაში მუდმივად შენარჩუნებულია − 15 ° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, რაც მიჩნეულია ყველაზე თბილი შეფუთვის გამოცდის უმაღლეს ტემპერატურად;
პ) მრავალჯერადი გამოყენების კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ან იმავე კამერის ცალკეული განყოფილების შესაძლებლობა, დაყენებულ იქნეს განსხვავებულ ტემპერატურაზე გაცივებული ან გაყინული საკვები პროდუქტებისთვის;
ჟ) ვერტიკალური კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომლის საერთო სიმაღლე არის 1050 მმ ან მეტი და აქვს ერთი ან მეტი ისეთი წინა კარი ან უჯრა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ერთსა და იმავე განყოფილებაზე;
რ) დახლის კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომლის საერთო სიმაღლე ნაკლებია 1050 მმ-ზე და აქვს ერთი ან მეტი ისეთი წინა კარი ან უჯრა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ერთსა და იმავე განყოფილებაზე;
ს) მსუბუქი რეჟიმის კამერა, ასევე ცნობილი, როგორც „ნახევრად პროფესიული კამერა“ პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელსაც შეუძლია უწყვეტად შეინარჩუნოს გაცივებული ან გაყინული სამუშაო ტემპერატურა მის ყველა განყოფილებაში იმ გარემო პირობებში, რომელიც შეესაბამება კლიმატის მე-3 კლასს, ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად. თუკი კამერას შეუძლია შეინარჩუნოს ტემპერატურა იმ გარემო პირობებში რომლებიც შეესაბამება კლიმატის მე-4 კლასს, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსუბუქი რეჟიმის კამერად;
ტ) რთული რეჟიმის კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელსაც შეუძლია უწყვეტად შეინარჩუნოს გაცივებული ან გაყინული სამუშაო ტემპერატურა მის ყველა განყოფილებაში იმ გარემო პირობებში, რომლებიც შეესაბამება კლიმატის მე-5 კლასს, ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
უ) ეკვივალენტური პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა − პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე იმავე სალდო მოცულობით, ტექნიკური მახასიათებლებით, ენერგოეფექტურობით, განყოფილების ტიპებით და მოცულობით, როგორც სხვა პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია იმავე მწარმოებლის მიერ სხვა კომერციული კოდით;
ფ) საჩვენებელი მოწყობილობა − ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის სენსორული ეკრანი ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის ინტერნეტკონტენტის საჩვენებლად;
ქ) ჩასმული ეკრანი − ვიზუალური ინტერფეისი, რა შემთხვევაშიც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;
ღ) სენსორული ეკრანი − ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;
ყ) ალტერნატიული ტექსტი − გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება არაგრაფიკული ფორმით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული გამოსახულების გახსნა საჩვენებლ მოწყობილობაზე შეუძლებელია. ის ასევე ნიშნავს ხელმისაწვდომობისთვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებას, მაგალითად როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იმავე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს პროფესიულ სამაცივრო-შესანახ კამერას ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად;
ბ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის თითოეული მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი იყოს ხელმისაწვდომი;
დ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის თითოეული მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებულ პროდუქტის შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ მითითებას.
მუხლი 4. დილერის ვალდებულებები
1. პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის დილერი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეულ პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ერთეულს, რომელიც წარმოდგენილია გაყიდვის პუნქტში, დატანილი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწყობილობის გარე წინა ან ზედა ნაწილში, ისე რომ ნათლად ჩანდეს;
ბ) „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ერთეული შეთავაზებული იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართის შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის დებულებები;
გ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ერთეულის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამა მოიცავდეს მითითებას მისი კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასის შესახებ, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
დ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ერთეულის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავდეს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.
მუხლი 5. გაზომვა და გაანგარიშება
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სარწმუნო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის პროცედურების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად.
მუხლი 6. ბაზარზე ზედამხედველობა
ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.
უფლებამოსილი პირი დეკლარირებულ ენერგოეფექტურობის კლასთან შესაბამისობის, წლიური ენერგიის მოხმარების და მოცულობების შეფასებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებულ პროცედურას.
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის კონკრეტული მოდელის ონლაინვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასი
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) საფუძველზე, ცხრილი 1-ის შესაბამისად.
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეფექტურობის ინდექსი განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად.
ცხრილი 1
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეფექტურობის კლასი
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) |
|---|---|
| A+++ | EEI < 5 |
| A ++ | 5 ≤ EEI < 10 |
| A+ | 10 ≤ EEI < 15 |
| A | 15 ≤ EEI < 25 |
| B | 25 ≤ EEI < 35 |
| C | 35 ≤ EEI < 50 |
| D | 50 ≤ EEI < 75 |
| E | 75 ≤ EEI < 85 |
| F | 85 ≤ EEI < 95 |
| G | 95 ≤ EEI < 115 |
დანართი II. ეტიკეტი
1. A-დან G-ს ჩათვლით ენერგოეფექტურობის კლასებად დაყოფილი პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერების ეტიკეტი

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I − მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
II − მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;
III − ენერგოეფექტურობის კლასი I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი;
IV − წლიური ელექტროენერგიის მოხმარება კვტსთ-ში, წელიწადში საბოლოო ენერგიის მოხმარებასთან მიმართებით, რომელიც გამოითვლება VIII დანართის შესაბამისად, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
V − სალდო მოცულობის ჯამი, გამოხატული ლიტრებში, ყველა გაცივებული განყოფილებისთვის, რომელიც ფუნქციონირებს გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე; თუკი არ არის განყოფილება, რომელიც ფუნქციონირებს გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე, მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს „- L“ შესაბამისი მნიშვნელობის ნაცვლად;
VI − სალდო მოცულობის ჯამი, გამოხატული ლიტრებში, ყველა განყოფილებისთვის, რომელიც ფუნქციონირებს გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე; თუკი არ არის განყოფილება, რომელიც ფუნქციონირებს გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე, მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს „- L“ შესაბამისი მნიშვნელობის ნაცვლად;
VII − კლიმატის კლასი (მე-3, მე-4 ან მე-5), შესაბამის მშრალი ნათურის ტემპერატურასთან (° C-ში) და ფარდობით ტენიანობასთან (%-ში) ერთად, VIII დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ბ) ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-3 პუნქტს.
2. A+++-დან G-ს ჩათვლით ენერგოეფექტურობის კლასებად დაყოფილი პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერების ეტიკეტი

ა) A+++-დან G-ს ჩათვლით ენერგოეფექტურობის კლასებად დაყოფილი პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერების ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ ინფორმაციას;
ბ) ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისი.
3.პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან,
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 110 მმ-ის სიგანის და 220 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს − ფირუზისფერი, მეწამული , ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):
❶ ეტიკეტის კიდეები: კიდე: 5 pt– ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❷ ენერგიის ლოგო: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები: ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 92 მმ X სიმაღლე: 17 მმ.
❸ ქველოგოების კიდე: 1 pt − ფერი: ფირუზისფერი 100% − სიგრძე: 92.5 მმ.
❹ ენერგიის კლასების სკალა
ისარი − სიმაღლე: 7 მმ, დაშორება: 0.75 მმ − ფერები:
უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
მეორე კლასი: 70-00-X-00,
მესამე კლასი 30-00-X-00,
მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
ბოლო კლასები: 00- X − X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 19 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 13 pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 26 მმ X სიმაღლე 14 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 29pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 18 pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;
❻ ენერგია
ტექსტი: „Calibri“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 11pt, 100% შავი.
❼ წლიური ენერგიის მოხმარება
კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 32 pt, 100% შავი.
მეორე ხაზი: Calibri“, ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 14 pt, 100% შავი.
❽ იმ განყოფილებების სალდო მოცულობის ჯამი, რომლებიც ფუნქციონირებენ გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე
კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 25 pt, 100% შავი; Calibri“, ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 17 pt, 100% შავი;
❾ კლიმატის კლასი, მშრალი ნათურის ტემპერატურასთან და ფარდობით ტენიანობასთან ერთად
კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 25pt, 100% შავი.
მეორე ხაზი: Calibri“, ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 14pt, 100% შავი.
❿ იმ განყოფილებების სალდო მოცულობის ჯამი, რომლებიც ფუნქციონირებენ გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე
კიდე: 2pt– ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 25pt, 100% შავი; Calibri“, ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 17pt, 100% შავი;
⓫ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი.
⓬ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
⓭ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 90 X 15 მმ-ის ფორმატში ქართულ ენაზე.
⓮ რეგლამენტის ნომერი: ტექსტი: „Calibri“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 11pt.
დანართი III. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში მითითებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით და ის ასევე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის ბროშურაში ან პროდუქტთან ერთად მოწოდებულ სხვა საინფორმაციო ლიტერატურაში ქართულ ენაზე:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
ბ) მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
გ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელის კატეგორია მე-2 მუხლით გათვალისწინებული განმარტებების შესაბამისად;
დ) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის ინდექსი დანართი I-ის შესაბამისად;
ე) კამერის ენერგიის მოხმარება 24 საათის მანძილზე (E24h) და ენერგიის წლიური მოხმარება, კვტსთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, რომელიც გამოითვლება დანართი VIII-ის შესაბამისად;
ვ) თითოეული განყოფილების სალდო მოცულობა;
ზ) კლიმატის კლასი დანართი VIII-ის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
თ) მსუბუქი რეჟიმის კამერისთვის, შემდეგი წინადადება: „ეს მოწყობილობა განკუთვნილია 25 °C-მდე გარემოს ტემპერატურაზე გამოსაყენებლად და შესაბამისად, არ არის ვარგისი ცხელ პროფესიონალურ სამზარეულოში გამოსაყენებლად“;
ი) რთული რეჟიმის კამერისთვის, შემდეგი წინადადება: „ეს მოწყობილობა განკუთვნილია 40 °C-მდე გარემოს ტემპერატურაზე გამოსაყენებლად“.
პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება მოიცავდეს ერთისა და იმავე მიმწოდებლის პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის რამდენიმე მოდელს.
ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, შესაძლოა მოცემული იყოს ეტიკეტის ფერადი ან შავ-თეთრი ასლის ფორმით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ეტიკეტზე არ არის ნაჩვენები, ასევე უნდა იქნეს წარდგენილი.
დანართი IV. ტექნიკური დოკუმენტაცია
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი;
ბ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
გ) მითითება სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამოყენებული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მითითება სხვა გამოყენებული ტექნიკური სტანდარტებისა და სპეციფიკაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ხელმოწერა;
ვ) VIII დანართით გათვალისწინებული ტექნიკური შემოწმების და გამოთვლის შედეგები.
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის რომელიმე მოდელისთვის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია მოპოვებულია ეკვივალენტური პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელის საფუძველზე გაკეთებული გამოანგარიშების შედეგად, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ასეთი გამოთვლების დეტალებს, ასევე იმ გამოცდის დეტალებს, რომლებსაც მიმწოდებლები ატარებენ გამოთვლების სისწორის შესამოწმებლად. ტექნიკური ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს ყველა სხვა ეკვივალენტური პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელის ჩამონათვალს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოპოვებულ იქნა ზემოაღნიშნული პრინციპით.
დანართი V. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი პროდუქტის დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით ქართულ ენაზე:
ა) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი I-ის შესაბამისად;
ბ) ენერგიის წლიური მოხმარება კვტსთ-ში წელიწადში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, რომელიც გამოითვლება VIII დანართის შესაბამისად;
გ) თითოეული განყოფილების სალდო მოცულობა;
დ) კლიმატის კლასი დანართი VIII-ის შესაბამისად.
თუ ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე მოცემულია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, ის წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული ფორმატითა და თანმიმდევრობით.
ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართის შესაბამისად წარმოსადგენი ყველა ინფორმაციის ზომა და შრიფტი, ბეჭდური თუ საჩვენებელი ვერსიის შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
დანართი VI. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობის ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოების შემთხვევაში.
ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;
ბ) პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს თეთრ ფერში შრიფტის იმავე ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული; და
გ) გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს:

ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს;
ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს;
გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;
დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;
ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორულ ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;
ვ) ეტიკეტი უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით;
ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იმავე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი იყოს ვიზუალურად მკაფიოდ აღქმადი და შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას − „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“ ქართულ ენაზე. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.
დანართი VII. პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეფექტურობის ინდექსის გამოსათვლელი მეთოდოლოგია
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის მოდელის ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) გამოსათვლელად უნდა მოხდეს კამერის წლიური ენერგიის მოხმარების შედარება მის სტანდარტულ წლიური ენერგიის მოხმარებასთან.
EEI გამოითვლება შემდეგნაირად:
EEI=(AEC/SAEC) x 100,
სადაც:
AEC=E24h x af x 365
AEC = კამერის წლიური ენერგიის მოხმარება გამოხატული კვტსთ/წელ-ში
E24h = კამერის ენერგიის მოხმარება 24 საათის მანძილზე
af = შესწორების მაჩვენებელი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მსუბუქი მოხმარების კამერაზე, რაც მოცემულია VIII დანართის მიხედვით.
SAEC = M x Vn + N
SAEC = კამერის სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარება კვტსთ/წელ-ში
Vn = მოწყობილობის სალდო მოცულობა, რაც კამერის ყველა განყოფილების სალდო მოცულობის ჯამია, გამოხატული ლიტრებში.
M და N მნიშვნელობები მოცემულია მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2
M და N კოეფიციენტის მაჩვენებლები
| კატეგორია | M მნიშვნელობა | N მნიშვნელობა |
|---|---|---|
| ვერტიკალური გაცივება | 1,643 | 609 |
| ვერტიკალური გაყინვა | 4,928 | 1 472 |
| დახლზე გაცივება | 2,555 | 1 790 |
| დახლზე გაყინვა | 5,840 | 2 380 |
დანართი VIII. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი
ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და ტექნიკური შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სტანდარტებს, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან დაეყრდნობა სხვა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და რომელთა შედეგები მიჩნეულია სარწმუნოდ. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დანართით დადგენილ ტექნიკურ განმარტებებს, პირობებს, განტოლებებსა და პარამეტრებს.
პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის წლიური ენერგიის მოხმარებისა და ენერგოეფექტურობის ინდექსის მნიშვნელობების დადგენის მიზნით მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) გაცივებული კამერისთვის სატესტო შეფუთვების ტემპერატურა უნდა იყოს − 1 ° C-სა და 5 ° C-ს შორის, ხოლო გაყინული კამერისთვის − 15 ° C-ზე დაბალი;
ბ) გარემო პირობები უნდა შეესაბამებოდეს მე-3 ცხრილით გათვალისწინებულ კლიმატის მე-4 კლასს, გარდა მსუბუქი რეჟიმის კამერებისა, რომელთა გამოცდა უნდა მოხდეს მე-3 კლასით დადგენილ გარემო პირობებში. მსუბუქი რეჟიმის კამერისთვის დადგენილი გამოცდის შედეგების მიმართ გამოიყენება მსუბუქი რეჟიმის კამერის 1,2-ის შესწორების მაჩვენებელი გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე და 1,1-ის შესწორების მაჩვენებელი გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე;
გ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის გამოცდა უნდა მოხდეს შემდეგი პირობებით:
გ.ა) კომბინირებული კამერის გამოცდა, რომელსაც გააჩნია სულ მცირე ერთი განყოფილება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე ოპერირებისთვის, უნდა მოხდეს გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე;
გ.ბ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის გამოცდა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ერთი განყოფილება, რომელიც განკუთვნილია გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე ოპერირებისთვის, უნდა მოხდეს გაცივებულ სამუშაო ტემპერატურაზე;
გ.გ) ყველა სხვა შემთხვევაში გამოცდა უნდა მოხდეს გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე.
კლიმატის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის გარემო პირობები გათვალისწინებულია მე-3 ცხრილში.
ცხრილი 3
კლიმატის მე-3, მე-4 და მე-5 კლასების გარემო პირობები
გამოცდის ადგილი კლიმატის კლასი |
მშრალი ნათურის ტემპერატურა, ° C |
ფარდობითი ტენიანობა, % | დნობის ტემპერატურა, ° C | წყლის ორთქლის მასა მშრალ ჰაერში, გ/კგ |
|---|---|---|---|---|
| 3 | 25 | 60 | 16,7 | 12,0 |
| 4 | 30 | 55 | 20,0 | 14,8 |
| 5 | 40 | 40 | 23,9 | 18,8 |
დანართი IX. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა
1. ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას უფლებამოსილი პირის მიერ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მიმწოდებლის მიერ როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა. ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები და კლასები არ უნდა იყოს მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:
ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;
ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:
ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე გამოცდის ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და
ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და
ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება მე-4 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;
ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის მე-4 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის, მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს VII და VIII დანართებით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.
4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ მე-4 ცხრილში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.
ცხრილი 4
დასაშვები გადახრა
| გაზომილი პარამეტრები | დასაშვები გადახრები |
|---|---|
| სალდო მოცულობა | გაზომილ მნიშვნელობასა და ნომინალურ მნიშვნელობას შორის ცდომილება არ უნდა აჭარბებდეს 3%-ს. |
| ენერგიის მოხმარება (E24h) | გაზომილი მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურ მნიშვნელობას 10%-ზე მეტით. |