ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2024 ბოლო ცვლილება 14.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№329
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024724
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329 

2024 წლის 3 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესი“.

 

მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამ ტექნიკურ რეგლამენტში ქართულ ენაზე წარმოსადგენი ინფორმაციისა.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
danarti.docx

ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

  1. ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტირებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნებს.

  2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება მოწყობილობაზე, რომელიც:

ა) არის ცალმხრივი ერთეული (ჰაერის ევაკუაციის ან შემოდინების ფუნქციით), რომლის ელექტროენერგიის შემავალი სიმძლავრე 30 ვტ-ზე ნაკლებია;

ბ) განკუთვნილია პოტენციურად ფეთქებად ატმოსფეროში გამოსაყენებლად, როგორც ეს განსაზღვრულია 2020 წლის 6 თებერვლის საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

გ) განკუთვნილია დროის მოკლე პერიოდში გადაუდებელი გამოყენებისათვის და შეესაბამება სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ხანძრის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს;

დ) მითითებულია, რომ ფუნქციონირებს შემდეგ პირობებში:

დ.ა) მოძრავი ჰაერის ტემპერატურა აღემატება 100˚C-ს;

დ.ბ) იმ ძრავის სამუშაო გარემო ტემპერატურა, რომელიც ამუშავებს ვენტილატორს და განთავსებულია ჰაერის ნაკადის გარეთ, 65˚C-ზე მეტია;

დ.გ) მოძრავი ჰაერის ტემპერატურა ან ძრავის სამუშაო გარემო ტემპერატურა, როდესაც ის განთავსებულია ჰაერის ნაკადის გარეთ, -40˚C-ზე ნაკლებია;

დ.დ) მიწოდების ძაბვა აღემატება AC 1000 ვოლტს ან DC 1500 ვოლტს;

დ.ე) ტოქსიკურ, მომეტებულ კოროზიულ ან აალებად გარემოში ან აბრაზიული ნივთიერებების მქონე გარემოში;

ე) მოიცავს სითბოს გადამყვანსა და თბურ ტუმბოს სითბოს აღსადგენად, ან სითბოს აღდგენის სისტემასთან ერთად დამატებით იძლევა სითბოს გადაცემის ან გამოდევნის შესაძლებლობას, გარდა სითბოს გადაცემისა ყინვისგან დასაცავად ან გალღობისათვის;

ვ) კლასიფიცირდება, როგორც ჰაერის გამწოვი „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სავენტილაციო ერთეული (VU) – ელექტრომოწყობილობა, რომელსაც გააჩნია სულ მცირე ერთი ფრთა, ერთი ძრავა და გარსაცმი და განკუთვნილია შენობაში ან შენობის ნაწილში გამოყენებული ჰაერის გარე ჰაერით შესაცვლელად;

ბ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეული (RVU) – სავენტილაციო ერთეული, რომლის:

ბ.ა) ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 250 მ3/სთ-ს;

ბ.ბ) ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე არის 250 და 1 000 მ3/სთ-ს შორის და მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, ის განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის სახით გამოსაყენებლად;

გ) ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე – სავენტილაციო ერთეულისთვის დადგენილი ჰაერის მოცულობის/ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე, რომლის მიღწევა შესაძლებელია ინტეგრირებული ან დამატებითი მართვის სისტემის მეშვეობით სტანდარტულ საჰაერო პირობებში (20 ˚C; 101325 პასკალი), იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა დამონტაჟებულია სრულად (მაგალითად, სუფთა ფილტრების ჩათვლით) და მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც აღჭურვილია მილით, მაქსიმალური ნაკადი დაკავშირებულია ჰაერის ნაკადთან 100 პასკალზე გარე სტატიკური დიფერენციალური წნევის დროს. ხოლო სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით, მაქსიმალური ნაკადი დაკავშირებულია ჰაერის ნაკადთან მისაღწევად შესაძლებელ საერთო დიფერენციალური წნევის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, რომლის არჩევა ხდება შემდეგი მნიშვნელობებიდან: 10 (მინიმალური)-20-50-100-150-200-250 პასკალი. ირჩევა ის, რომელი მათგანიც გაზომილი დიფერენციალური წნევის მაჩვენებელის ტოლია ან ნაკლებია მასზე;

დ) ცალმხრივი სავენტილაციო ერთეული (UVU) – სავენტილაციო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით, ან შიგნიდან გარეთ (ჰაერის გამოშვება) ან გარედან შიგნით (მიწოდება), როდესაც მექანიკურად წარმოებული ჰაერის დინება დაბალანსებულია ჰაერის ბუნებრივი მიწოდებით ან ევაკუაციით;

ე) ორმხრივი სავენტილაციო ერთეული (BVU) – სავენტილაციო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას შიგნით და გარეთ და აღჭურვილია როგორც ჰაერის გამოშვების, ასევე ჰაერის მიწოდების ვენტილატორებით;

ვ) სავენტილაციო ერთეულის ეკვივალენტური მოდელი – სავენტილაციო ერთეულის მოდელი, რომელსაც აქვს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ იმავე მწარმოებლის, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ ბაზარზე განთავსებულია როგორც სავენტილაციო ერთეულის განსხვავებული მოდელი;

ზ) კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) (გამოხატული კვტსთ/(მ2.წელი)-ში – კოეფიციენტი, რომელიც გამოხატავს საცხოვრებელი სახლის ან შენობის გამთბარი სივრცის თითოეულ მ2-ზე ვენტილაციისთვის მოხმარებულ ენერგიას, რომელიც საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულისთვის გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად;

თ) ხმის სიმძლავრის დონე (Lwa) – გარსაცმიდან გამოყოფილი A-შეწონილი ხმის სიმძლავრის დონე, რომელიც იზომება დეციბელში (dB) ერთი პიკოვატ (1 pW) ხმის სიმძლავრესთან მიმართებით, რომელიც ჰაერში გადაეცემა განსაზღვრულ ნაკადზე;

ი) მრავალსიჩქარიანი ამძრავი – ვენტილატორის ძრავა, რომელიც შეიძლება ოპერირებდეს სამ ან მეტ ფიქსირებულ სიჩქარეზე დამატებული ნული („გამორთვა“);

კ) ცვლადი სიჩქარის ამძრავი (VSD) – ელექტრორეგულატორი, რომელიც ინტეგრირებულია ან ფუნქციონირებს როგორც ერთიანი სისტემა ან ფუნქციონირებს როგორც ძრავის ან ვენტილატორის დანამატი, რომელიც მუდმივად ცვლის ძრავისთვის მიწოდებულ ელექტრულენერგიას ნაკადის დინების რეგულირების მიზნით;

ლ) სითბოს აღმდგენი სისტემა (HRS) – ორმხრივი სავენტილაციო ერთეულის ნაწილი, რომელიც აღჭურვილია სითბოს გადამყვანით და შექმნილია გამავალი ჰაერის ნაკადში (დაბინძურებული) არსებული სითბოს ენერგიის მისაწოდებელ (სუფთა) ჰაერში გადასაცემად;

მ) საყოფაცხოვრებო სითბოს აღმდგენი სისტემის (HRS) თერმული ეფექტურობა (ηt) – შემომავალი ჰაერის ტემპერატურის ნამატსა და გამონაბოლქვი ჰაერის ტემპერატურის დანაკარგს შორის თანაფარდობა, როდესაც ორივე მათგანი დაკავშირებულია გარე ტემპერატურასთან და იზომება სითბოს აღმდგენი სისტემის მშრალ პირობებში და ჰაერის სტანდარტულ პირობებში, რომლის ფარგლებშიც დაბალანსებულია მასების დინება ჰაერის ნაკადის საბაზისო მაჩვენებლისთვის, შიდა და გარე ტემპერატურის სხვაობა არის 13 K, და არ ხდება ვენტილატორის ძრავისგან გამომდინარე თერმული ნამატის კორექტირება;

ნ) შიდა გაჟონვის მაჩვენებელი – სითბოს აღმდგენი სისტემის (HRS) მქონე სავენტილაციო ერთეულში შემომავალი ჰაერის გაწოვილი წილი, რაც შეფუთვის შიგნით გამავალი და შემომავალი ჰაერის ნაკადებს შორის გაჟონვის შედეგია, მოწყობილობის სტანდარტული ნაკადის მაჩვენებელზე ფუნქციონირების დროს. ის იზომება მილში, სადაც გამოცდა უნდა შესრულდეს 100 პასკალზე.

ო) გადატანა – გამონაბოლქვი ჰაერის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც რეგენერაციული სითბოს გადამყვანისთვის ჰაერის ნაკადის საბაზისო მაჩვენებლის შესაბამისად უბრუნდება შემომავალ ჰაერს;

პ) გარე გაჟონვის მაჩვენებელი – სტანდარტული ნაკადის მაჩვენებლის წილი, რომელიც გამოდის მოწყობილობის შეფუთვიდან მისი წნევის გამოცდის დროს. გამოცდა უნდა შესრულდეს 250 პასკალზე, როგორც წნევის ქვეშ ისე ზედმეტი წნევით;

ჟ) შერევა - დაუყოვნებლივი რეცირკულაცია ან ჰაერის ნაკადის მოკლე ჩართვა გასასვლელსა და შესასვლელს შორის როგორც გარე, ისე შიდა ნაწილებზე, ისე რომ მათ წვლილი არ შეაქვთ შენობის სივრცის ეფექტურ ვენტილაციაში, მოწყობილობის ჰაერის მოცულობის საბაზისო მაჩვენებელზე მუშაობის დროს;

რ) შერევის მაჩვენებელი – გამონაბოლქვი ჰაერის წილი, რომელიც ჰაერის განსაზღვრული სერთო მოცულობის ნაწილია. ის რეცირკულირებს გასასვლელსა და შესასვლელს შორის როგორც გარე ისე შიდა ნაწილებზე და შესაბამისად, არ შეაქვს წვლილი შენობის სივრცის ეფექტურ ვენტილაციაში, მოწყობილობის ჰაერის მოცულობის საბაზისო მაჩვენებელზე მუშაობის დროს (იზომება შიდა მიწოდების მილიდან 1 მეტრის დისტანციით), როდესაც შიდა გაჟონვის მაჩვენებელის დონე ნაკლებია;

ს) ეფექტური შემავალი სიმძლავრე (გამოხატული ვტ-ში) – ჰაერის ნაკადის საბაზისო მაჩვენებელზე ელექტროენერგიის შემავალ სიმძლავრესა და შესაბამის საერთო გარე წნევას შორის სხვაობა, რომელიც მოიცავს ძრავის, მართვის, მათ შორის დისტანციური მართვის, და თბური ტუმბის (იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირებულია) მოთხოვნას ელექტროენერგიაზე;

ტ) სპეციფიკური შემავალი სიმძლავრე (SPI) (გამოხატული ვტ/(მ3/სთ)) – ეფექტურ შემავალ სიმძლავრესა (ვტ-ში) და ჰაერის ნაკადის საბაზისო მაჩვენებლს შორის თანაფარდობა (მ3/სთ-ში);

უ) ნაკადის მაჩვენებელი/წნევის დიაგრამა – ნაკადის მაჩვენებლის მრუდი (ჰორიზონტალური ღერძი) და ცალმხრივი საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ან ორმხრივი საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის შემავალი მხარის დიფერენციალური წნევა, რა შემთხვევაშიც თითოეული მრუდი წარმოადგენს ერთი ვენტილატორის სიჩქარეს, სულ მცირე რვა თანაბრად დაშორებული ტესტირების წერტილით და მრუდების რაოდენობა განისაზღვრება ვენტილატორის სიჩქარის დისკრეტული ვარიანტებით (ერთი, ორი ან სამი), ან ვენტილატორის ცვლადი სიჩქარის ამძრავის შემთხვევაში, მოიცავს სულ მცირე მინიმალურ, მაქსიმალურ და შესაბამის შუალედურ მრუდს, რომელიც ახლოსაა ჰაერის განსაზღვრულ მოცულობასთან და სპეციფიკური შემავალი სიმძლავრის გამოცდისთვის დიფერენციალურ წნევასთან;

ფ) ნაკადის საბაზისო მაჩვენებელი (გამოხატული მ3/წმ-ში) – აბსცისა კოორდინატი ნაკადის მაჩვენებლის/წნევის დიაგრამის მრუდზე, რომელიც მილით აღჭურვილი მოწყობილობებისთვის, ემთხვევა ან ყველაზე ახლოსაა ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის სულ მცირე 70%-იანი მაჩვენებლისა და 50 პასკალის შესაბამის კოორდინატთან. ხოლო მოწყობილობებისთვის, რომლებიც არ არის აღჭურვილი მილით, ემთხვევა ან ყველაზე ახლოსაა ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის სულ მცირე 70%-იანი მაჩვენებლისა და მინიმალური წნევის შესაბამის კოორდინატთან. ორმხრივი სავენტილაციო ერთეულის შემთხვევაში, ჰაერის ნაკადის მოცულობის საბაზისო მაჩვენებელი გამოიყენება ჰაერის გასასვლელისთვის;

ქ) მართვის ელემენტი (CTRL) – კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) გაანგარიშების კორექციის ელემენტი, რაც დამოკიდებულია მართვის ტიპზე და წარმოადგენს სავენტილაციო ერთეულის ნაწილს, ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად;

ღ) მართვის პარამეტრი – გაზომვადი პარამეტრი ან გაზომვადი პარამეტრების ერთობლიობა, რომლებიც ვენტილაციაზე მოთხოვნის გამომხატველია, მაგალითად, ფარდობითი ტენიანობის დონე (RH), ნახშირორჟანგი (CO2), არასტაბილური ორგანული ნაერთები (VOC) ან სხვა აირები, ინფრაწითელი სხეულის სითბოდან ან ულტრაბგერითი ტალღების ანარეკლიდან არსებობის, მოძრაობის ან დაუფლების გამოვლენა, მომხმარებლის მიერ სანათების ან მოწყობილობის გამოყენების შედეგად მიღებული ელექტრული სიგნალები;

ყ) მექანიკური მართვა – მართვის ნებისმიერი ტიპი, რომელიც არ გულისხმობს მოთხოვნის კონტროლს;

შ) მოთხოვნის მართვა – მოწყობილობა ან მოწყობილობების ერთობლიობა, რომლებიც ინტეგრირებულია ან ცალკე არის მიწოდებული და ახორციელებს მართვის პარამეტრების გაზომვას, ხოლო შედეგს იყენებს მოწყობილობის ჰაერის ნაკადის ან/და მილებში ჰაერის ნაკადის ავტომატური რეგულირებისთვის;

ჩ) საათობრივი მართვა – მომხმარებლისთვის გაკუთვნილი ქრონომეტრაჟული (დღისით რეგულირებადი) ინტერფეისი, რომელიც მართავს სავენტილაციო ერთეულის ვენტილატორის სიჩქარეს/ჰაერის ნაკადს. ის აღჭურვილია სულ მცირე კვირაში შვიდი დღის მანძილზე რეგულირებადი ჰაერის ნაკადის ხელით მართვის სისტემით სულ მცირე ორი რევერსული პერიოდისთვის, რაც მოიცავს პერიოდებს, როდესაც მოქმედებს შემცირებული ჰაერის ნაკადი ან საერთოდ არ მოქმედებს ის;

ც) სავენტილაციო ერთეული მოთხოვნის მართვით (DCV) – სავენტილაციო ერთეული, რომელიც იყენებს მოთხოვნის მართვის მეთოდს;

ძ) სავენტილაციო ერთეული, რომელიც აღჭურვილია მილით – სავენტილაციო ერთეული, რომელიც განკუთვნილია შენობაში ერთი ან მეტი ოთახის ან დახურული სივრცის ვენტილაციისთვის საჰაერო მილების გამოყენებით, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ აღიჭურვოს მილების დამაკავშირებლებით;

წ) სავენტილაციო ერთეული მილის გარეშე – სავენტილაციო ერთეული, რომელიც განკუთვნილია შენობაში ერთი ოთახის ან დახურული სივრცის ვენტილაციისთვის და არ არის გამიზნული იმისთვის, რომ აღიჭურვოს მილების დამაკავშირებლებით;

ჭ) მოთხოვნის ცენტრალური მართვა – მილით აღჭურვილი სავენტილაციო ერთეულის მოთხოვნის მართვა, რომელიც უწყვეტად არეგულირებს ვენტილატორის სიჩქარე(ებ)ს და ჰაერის ნაკადს ერთი სენსორის მეშვეობით, მთელი შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის ცენტრალურ დონეზე;

ხ) მოთხოვნის ადგილობრივი მართვა – იმ სავენტილაციო ერთეულის მოთხოვნის მართვა, რომელიც მუდმივად არეგულირებს ვენტილატორის სიჩქარეს და ჰაერის ნაკადს ერთზე მეტი სენსორის მეშვეობით, თუ სავენტილაციო ერთეული აღჭურვილია მილით ან ერთი სენსორით თუ სავენტილაციო ერთეული არ არის აღჭურვილი მილით;

ჯ) სტატიკური წნევა (Psf) – მთლიან წნევას გამოკლებული ვენტილატორის დინამიკური წნევა;

ჰ) მთლიანი წნევა (Pf) –- სხვაობა ვენტილატორის გამოსასვლელი მხარის ინერტულ წნევასა და ვენტილატორის შესასვლელი მხარის წნევას შორის;

1) ინერტული წნევა – წნევა, რომელიც იზომება აირის ნაკადის ერთ წერტილში, სადაც ის უნდა გაჩერდეს ისენტროპიული პროცესის დახმარებით;

2) დინამიკური წნევა – წნევა, რომლის გაანგარიშება ხდება მასების ნაკადის მაჩვენებლიდან და გასასვლელსა და მოწყობილობის გასასვლელ არეალში არსებული აირის საშუალო სიმკვრივის მაჩვენებლებიდან;

3) რეკუპერაციული სითბოს გადამყვანი – სითბოს გადამყვანი, რომლის მიზანია თერმული ენერგიის გადატანა ჰაერის ერთი ნაკადიდან მეორეში ნაწილების გადაადგილების გარეშე, როგორიცაა ფირფიტა ან მილაკოვანი სითბოს გადამყვანი პარალელური დინებით, ურთიერთდინებით ან უკუდინებით, ან მათი კომბინაციით, ან ფირფიტა ან მილაკოვანი სითბოს გადამყვანი ორთქლის დიფუზიით;

4) რეგენერაციული სითბოს გადამყვანი – მბრუნავი სითბოს გადამყვანი, რომელშიც დამონტაჟებულია მბრუნავი ბორბალი, რომლის მიზანია თერმული ენერგიის ჰაერის ერთი ნაკადიდან მეორეში გადატანა. ის მოიცავს მასალას, რომელიც იძლევა ლატენტური სითბოს გადატანის შესაძლებლობას, ძრავის მექანიზმის შეფუთვას ან შემოსაზღვრას და დალუქვას, რაც ამცირებს ჰაერის ერთი ნაკადიდან მეორეში გასვლას/შემოსვლას და გაჟონვას. ასეთი ტიპის სითბოს გადამყვანებს აქვთ სხვადასხვა ხარისხის ტენიანობის აღდგენის მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე;

5) ჰაერის ნაკადის მგრძნობელობა წნევის ცვლილებაზე – იმ საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით ნიშნავს თანაფარდობას +20 პასკალზე არსებული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მაქსიმალური ჰაერის ნაკადის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ გადახრას და -20 პასკალ გარე საერთო დიფერენციალურ წნევაზე არსებული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მაქსიმალური ჰაერის ნაკადის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ გადახრას შორის;

6) შიდა/გარე ჰერმეტულობა – იმ საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით ნიშნავს ნაკადს (გამოხატული მ3/სთ-ში) შიდა და გარე სივრცეს შორის, როდესაც ვენტილატორ(ებ)ი გამორთულია.

7) საჩვენებელი მოწყობილობა – ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის, სენსორული ეკრანი, ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის ინტერნეტკონტენტის საჩვენებლად;

8) ჩასმული ეკრანი – ვიზუალური ინტერფეისი, რა შემთხვევაშიც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;

9) სენსორული ეკრანი – ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;

10) ალტერნატიული ტექსტი – გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება არაგრაფიკული ფორმით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული გამოსახულების გახსნა საჩვენებლ მოწყობილობაზე შეუძლებელია. ის ასევე ნიშნავს ხელმისაწვდომობისთვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებას, მაგალითად როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები

1. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ა) თითოეული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეული მიწოდებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად. ეტიკეტი მიწოდებულია სულ მცირე მოწყობილობის შეფუთვაში. თითოეული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მოდელი დილერისთვის მიწოდებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი იყოს ხელმისაწვდომი. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია სულ მცირე მოწყობილობის შეფუთვაში. თითოეული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მოდელისთვის დილერისთვის მიწოდებულია და ამასთან ერთად თავისუფლად ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ხელმისაწვდომია სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) მოწყობილობის გამოყენების წესი იყოს ხელმისაწვდომი;

ე) სავენტილაციო ერთეულების კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში, რომელიც შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიეთითოს ამ მოდელის კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი;

ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, რომელიც აღწერს მის სპეციფიკურ ტექნიკურ პარამეტრებს, მიეთითოს ამ მოდელის კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი;

2. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ცალმხრივი საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეული ბაზარზე განთავსებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმატის ეტიკეტთან ერთად, ხოლო ორმხრივი საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის შემთხვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატის ეტიკეტთან ერთად.

მუხლი 4. დილერის ვალდებულებები

1. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის დილერი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ა) თითოეულ საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულს, რომელიც წარმოდგენილია გაყიდვის პუნქტში, დატანილი უნდა ჰქონდეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწყობილობის გარე წინა ან ზედა ნაწილში, ისე რომ ნათლად ჩანდეს;

ბ) „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეული შეთავაზებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართის შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის დანართის დებულებები;

გ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამა მოიცავდეს მითითებას მისი კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასის შესახებ, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

დ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავდეს მითითებას ამ მოდელის კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასის შესახებ და მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ გამოყენების ინსტრუქციას.

მუხლი 5. გაზომვის და გაანგარიშების მეთოდები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაციის მიზნებისთვის, კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასი უნდა განისაზღვროს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მოცემული ცხრილის შესაბამისად. კონკრეტული ენერგიის მოხმარება, ელექტროენერგიის წლიური მოხმარება, წლიური დაზოგილი გათბობა, ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე და ხმის სიმძლავრის დონე განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული ტექნიკური შემოწმებისა და გამოთვლის მეთოდების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის და გამოთვლის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს.

მუხლი 6. ბაზარზე ზედამხედველობა

  1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.

  2. უფლებამოსილი პირი შესაბამისობის შეფასებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებულ პროცედურას.

  3. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

  4. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის კონკრეტული მოდელის ონლაინვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

დანართი I. კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასები

საშუალო კლიმატისთვის გათვლილი საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასები:

ცხრილი 1

კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასიფიკაცია

კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასი კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) კვტსთ/.მ2. წელი
A + (ყველაზე ეფექტური) SEC < – 42
A – 42 ≤ SEC < – 34
B – 34 ≤ SEC < – 26
C – 26 ≤ SEC < – 23
D - 23 ≤ SEC < – 20
E – 20 ≤ SEC < – 10
F – 10 ≤ SEC < 0
G (ყველაზე ნაკლებად ეფექტური) 0 ≤ SEC

დანართი II. ეტიკეტი

1. ცალმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (dB), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V – ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ერთი ისარი, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

2. ორმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (dB), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V - ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ორი ისარი საპირისპირო მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

3. ეტიკეტის დიზაინი

ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 75 მმ-ის სიგანის და 150 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს – ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

ეტიკეტის კიდეები: 3.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00.

პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები; ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 62 მმ, სიმაღლე: 12 მმ.

ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 62 მმ.

A+ - G სკალა

  • ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1 მმ – ფერები:

  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,

  • მეორე კლასი: 70-00-X-00,

  • მესამე კლასი 30-00-X-00,

  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,

  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,

  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,

  • მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,

  • ბოლო კლასი: 00- X - X -00.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 13 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი.

კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი

  • ისარი: სიგანე: 17 მმ, სიმაღლე: 9 მმ, 100 % შავი.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 18.5 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი,შრიფტის ზომა 11 pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (dB):

  • კიდე: 1.5 pt - ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“ მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;

  • dB: „Calibri“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი.

ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში:

  • კიდე: 1.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, 100 % შავი;

  • 3/სთ: „Calibri“ მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;

  • ერთი ან ორი ისარი

  • თითოეულის სიგანე: 10 მმ, თითოეულის სიმაღლე: 10 მმ.

  • ფერი: ფირუზისფერი 100%.

ენერგია:

ტექსტი: „Calibri“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 6 pt, დიდი ლათინური ასოები, შავი.

რეგლამენტის ნომერი:

  • ტექსტი: „Calibri“ მუქი , შრიფტის ზომა 8 pt.

მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი

მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი

⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 62 X 10 მმ ფორმატში.

დანართი III. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი

1. საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით და ის თანდართული უნდა იყოს პროდუქტის ბროშურაში ან პროდუქტთან ერთად მოწოდებულ სხვა ლიტერატურაში:

ა) მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

ბ) მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და ციფრებისგან და განასხვავებს საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან;

გ) კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) კვტსთ/(მ2.წელი) თითოეული კლიმატური ზონისთვის და კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასი;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ტიპი (ცალმხრივი ან ორმხრივი);

ე) დაყენებული ან დასაყენებლად განკუთვნილი ამძრავის ტიპი (მრავალსიჩქარიანი ან ცვლადი სიჩქარის ამძრავი);

ვ) სითბოს აღმდგენი სისტემის ტიპი (რეკუპერაციული, რეგენერაციული, არცერთი);

ზ) სითბოს აღმდგენი სისტემის თერმული ეფექტურობა (გამოხატულია %-ში ან მიეთითება „არ გამოიყენება“ თუ პროდუქტს არ გააჩნია სითბოს აღმდგენი სისტემა);

თ) ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში;

ი) ვენტილატორის ძრავის სიმძლავრე, ძრავის რეგულირების ნებისმიერი აღჭურვილობის ჩათვლით, ნაკადის მაქიმალურ სიჩქარეზე (ვტ);

კ) ხმის სიმძლავრის დონე (LWA), დამრგვალებული მთელ რიცხვამდე;

ლ) ნაკადის საბაზისო მაჩვენებელი მ3/წმ-ში;

მ) წნევის საბაზისო სხვაობა პასკალში;

ნ) სპეციფიკური შემავალი სიმძლავრე (SPI) ვტ/(მ3/სთ)-ში;

ო) მართვის ელემენტი და რეგულირების ტიპი ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის პირველი ცხრილით გათვალისწინებული განმარტებებისა და კლასიფიკაციის შესაბამისად;

პ) ორმხრივი სავენტილაციო ერთეულისთვის დადგენილი მაქსიმალური შიდა და გარე გაჟონვის დონე (%) ან გადატანის მაჩვენებლი (მხოლოდ რეგენერაციული სითბოს გადამყვანისთვის) და გარე გაჟონვის დონე (%) ცალმხრივი სავენტილაციო ერთეულისთვის (UVU), რომელიც აღჭურვილია მილით;

ჟ) შერევის მაჩვენებელი იმ ორმხრივი სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით და არ არის განკუთვნილი ერთი დამაკავშირებელი მილით აღჭურვისთვის როგორც ჰაერის შემოსვლის, ისე გასვლის მხარეს;

რ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულისთვის, რომელიც განკუთვნილია ფილტრთან ერთად გამოსაყენებლად, ვიზუალური ფილტრის შესახებ გაფრთხილების მდებარეობა და აღწერა, მათ შორის, ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორი მნიშნელოვანია ფილტრის რეგულარულად გამოცვლა მოწყობილობის მუშაობისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით;

ს) ცალმხრივი სავენტილაციო ერთეულისთვის, ჰაერის ბუნებრივად შემოსვლის/გასვლის მიზნით რეგულირებადი სავენტილაციო გისოსების დაყენების შესახებ ინსტრუქცია;

ტ) ინტერნეტ მისამართი, სადაც განთავსებულია წინასწარი მონტაჟის/დემონტაჟის შესახებ ინსტრუქცია;

უ) მხოლოდ იმ ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით: ჰაერის ნაკადის მგრძნობელობა + 20 პასკალსა და - 20 პასკალს შორის წნევის ცვალებადობასთან მიმართებით;

ფ) მხოლოდ იმ ერთეულისთვის, რომელიც არ არის აღჭურვილი მილით: შიდა/გარე

ჰაერის ჰერმეტულობა მ3/სთ-ში;

ქ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარება (AEC) (კვტსთ ელექტროენერგია/წელში);

ღ) წლიური დაზოგილი გათბობა (AHS) (კვტსთ ძირითადი ენერგია/წელში) თითოეული ტიპის კლიმატისთვის („საშუალო“, „თბილი“, „ცივი“).

დანართი IV. ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი;

ბ) მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და ციფრებისგან და განასხვავებს საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან;

გ) მითითება სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამოყენებული მოცემული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მითითება სხვა გამოყენებული გამოთვლის მეთოდების, გაზომვის სტანდარტებისა და სპეციფიკაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ხელმოწერა;

ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული ტექნიკური შემოწმებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრები;

ზ) საერთო ზომები;

თ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ტიპის სპეციფიკაცია;

ი) ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის მოდელის კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) კლასი;

კ) კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) თითოეული კლიმატური ზონისთვის;

ლ) ხმის სიმძლავრის დონე (LWA);

მ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად განხორციელებული ტექნიკური შემოწმების შედეგები.

2. მიმწოდებელს შეუძლია დამატებითი ინფორმაცია განათავსოს ზემოაღნიშნული სიის ბოლოს.

დანართი V. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი პროდუქტის დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით

1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით ქართულ ენაზე:

ა) მოდელის კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;

ბ) კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) კვტსთ/(მ2.წელი)-ში თითოეული კლიმატური ზონისთვის;

გ) ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში;

დ) ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (dB(A)), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.

2. თუკი ტექნიკური რეგლამენტის ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე მოცემულია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, ის წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული ფორმატითა და თანმიმდევრობით;

ტექნიკური რეგლამენტის ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ყველა ინფორმაციის ზომა და შრიფტი, ბეჭდური თუ საჩვენებელი ვერსიის შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.

დანართი VI. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობის ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოების შემთხვევაში.

  2. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;

ბ) პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს თეთრ ფერში შრიფტის იმავე ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული; და

გ) გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს:

  1. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს;

ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს;

გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;

დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;

ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორულ ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;

ვ) ეტიკეტი უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით;

ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იგივე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი იყოს ვიზუალურად მკაფიოდ აღქმადი და შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას - „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.

დანართი VII. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი

  1. კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

SEC=ta • pef  • qnet • MISC CTRL* • SPI – th • ΔTh • ηh-1 •  cair (qref – qnet CTRL MISC (1 – ηt)) + Qdefr

სადაც:

  • SEC არის საცხოვრებელი სახლის ან შენობის გამთბარი იატაკის თითოეული მ2 ფართობის ვენტილაციისთვის კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) [კვტსთ/მ2.წელი];

  • ta - არის წლიური სამუშაო საათები [სთ/წელი];

  • Pef არის ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების ენერგიის ძირითადი ელემენტი [-];

  • qnet არის გამთბარი იატაკის თითოეულ მ2 ფართობზე მოთხოვნილი ვენტილაციის სუფთა მაჩვენებელი [მ3/სთ.მ2];

  • MISC არის ერთიანი ზოგადი ტიპოლოგიის ელემენტი, რომელიც მოიცავს ვენტილაციის ეფექტურობასთან, მილებიდან გაჟონვასა და დამატებით ინფილტრაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებს [-];

  • CTRL არის ვენტილაციის მართვის ელემენტი [-];

  • X არის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს თერმულ ენერგიასა და ელექტროენერგიის დაზოგვას შორის არასწორხაზოვნებას, რაც დამოკიდებულია ამძრავისა და ძრავის მახასიათებლებზე [-];

  • SPI ენერგიის სპეციფიკური სიმძლავრე [კვტ/(მ3/სთ)];

  • th გათბობის სეზონის საათების საერთო რაოდენობა [სთ];

  • ΔTh არის გათბობის სეზონზე შიდა (19°C) და გარე ტემპერატურას შორის საშუალო სხვაობა, გამოკლებული 3 K კორექტირება მზისა და შიდა მატებისთვის [K];

  • ηh არის სივრცის გათბობის საშუალო ეფექტურობა [-];

  • Cair ჰაერის სპეციფიკური სითბოტევადობა მუდმივ წნევასა და სიმკვრივეზე [კვტსთ/მ3 K)];

  • qref გამთბარი იატაკის თითოეული მ2 ფართობის ბუნებრივი ვენტილაციის მაჩვენებელი [მ3/სთ.მ2];

  • ηt არის სითბოს აღდგენის თერმული ეფექტურობა [-];

  • Qdefr გამთბარი იატაკის თითოეული მ2 ფართობის გათბობის წლიური ენერგია [კვტსთ/მ2.წელი], რაც გამოყენებულია გასალღობად და ეფუძნება ცვლადი ელექტროწინაღობის გათბობას და გამოითვლება შემდეგნაირად:

Qdefr = tdefr   ΔTdefr cair qnet pef

სადაც:

  • Tdefr არის გალღობის ხანგრძლივობა, ე.ი. როდესაც გარე ტემპერატურა ნაკლებია - 4 °C - ზე [სთ/წელი] და

  • ΔTdefr არის საშუალო სხვაობა K, გალღობის პერიოდში გარე ტემეპრატურასა და - 4 °C-ს შორის.

Qdefr ეხება მხოლოდ ორმხრივ ერთეულს, რომლებსაც გააჩნია რეკუპერაციული სითბოს გადამყვანი; ცალმხრივი ერთეულებისთვის ან იმ ერთეულებისთვის, რომლებსაც გააჩნია რეგენერაციული სითბოს გადამყვანი Qdefr = 0.

SPI და ηt არის მონაცემები, რომლებიც მიიღება გამოცდისა და გაანგარიშების მეთოდის საფუძველზე.

სხვა პარამეტრები და მათი მნიშვნელობები მოცემულია პირველ ცხრილში. კონკრეტული ენერგიის მოხმარება (SEC) ეტიკეტის კლასიფიკაციისთვის ეფუძნება „საშუალო“ კლიმატს.

  1. წლიური ენერგიის მოხმარება 100 მ2 ფართობზე (AEC) კვტსთ/წელში და წლიური დაზოგილი გათბობა (AHS), რაც გულისხმობს გათბობისთვის მოხმარებული ენერგიის წლიურ დანაზოგს (კვტსთ საწვავის თბური მაჩვენებელი წელში) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

AEC = ta qnet MISC CTRLx SPI + Qdefr

AHS = th ΔTh ηh-1   cair   (qref – qnet   CTRL   MISC   (1 – ηt))

ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმულისთვის გამოიყენება პირველი პუნქტით გათვალისწინებული განმარტებები და პირველ ცხრილში მითითებული მაჩვენებლები კლიმატის თითოეული ტიპისთვის (საშუალო, თბილი და ცივი).

ცხრილი 1

კონკრეტული ენერგიის მოხმარების (SEC) გამოსათვლელი პარამეტრები

ზოგადი ტიპოლოგია MISC
სავენტილაციო ერთეული მილით 1,1
სავენტილაციო ერთეული მილის გარეშე 1,21
ვენტილაციის რეგულირება CTRL
მექანიკური მართვა (არ აქვს სავენტილაციო ერთეული მოთხოვნის მართვით (DCV)) 1
საათობრივი მართვა (არ აქვს სავენტილაციო ერთეული მოთხოვნის მართვით (DCV)) 0,95
მოთხოვნის ცენტრალური მართვა 0,85
მოთხოვნის ადგილობრივი მართვა 0,65
ძრავა და მართვა x-მნიშვნელობა
ჩართვა/გამორთვა და მხოლოდ ერთი სიჩქარე 1
2-სიჩქარე 1,2
3-სიჩქარე 1,5
ცვლადი სიჩქარე 2
კლიმატი

th

სთ-ში

ΔTh

K-ში

tdefr

სთ-ში

ΔTdefr

K-ში

Qdefr1

კვტსთ/(მ2.წელი)

ცივი 6 552 14.5 1 003 5.2 5,82
საშუალო 5 112 9.5 168 2.4 0,45
თბილი 4 392 5 - - -
დაშვებული მნიშვნელობები მნიშვნელობა
ჰაერის სპეციფიკური სითბოტევადობა, Cair კვტსთ/(მ3K) 0,000344
გამთბარი იატაკის თითოეული მ2 ფართობის ვენტილაციის სუფთა მაჩვენებელი, qnet3/სთ.მ2-ში 1,3
გამთბარი იატაკის თითოეული მ2 ფართობის ბუნებრივი ვენტილაციის მაჩვენებელი, qref3/სთ.მ2-ში 2,2
წლიური საოპერაციო საათები, ta სთ-ში; 8 760
ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების ენერგიის ძირითადი ელემენტი, Pef 2,5
სივრცის გათბობის ეფექტურობა ηh 75 %

დანართი VIII. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა

1. ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას უფლებამოსილი პირის მიერ და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიმწოდებლის მიერ, როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა. ეტიკეტზე და როგორც ბეჭდური ისე ელექტრონულ პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები და კლასები არ უნდა იყოს მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:

ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განახორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;

ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:

ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე ტესტირების ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და

ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და

ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება დანართი VIII-ის ცხრილი 1-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა ეკვივალენტური მოდელი მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული ეკვივალენტური მოდელის;

ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის ცხრილი 1-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის, მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.

3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს VII დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.

4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ცხრილ 1-ში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.

ცხრილი 1

დასაშვები გადახრა

გაზომილი პარამეტრები დასაშვები გადახრები
სპეციფიკური შემავალი სიმძლავრე (SPI) გაზომილი მნიშვნელობა არ აღემატება 1.07-ჯერ აღებულ დეკლალირებულ მნიშვნელობას
თერმული ეფექტურობა RVU გაზომილი მნიშვნელობა არ უნდა იყოს 0.93-ჯერ აღებულ დეკლარირებულ მნიშვნელობაზე ნაკლები
ხმის სიმძლავრის დონე გაზომილი მნიშვნელობა არ აღემატება ნომინალურ მნიშვნელობას დამატებულ 2 დეციბელს (dB)