ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2024 ბოლო ცვლილება 14.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამ ტექნიკურ რეგლამენტში ქართულ ენაზე წარმოსადგენი ინფორმაციისა.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს  2025 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
დანართი.docx

ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

  1. ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესი (შემდგომ – „ტექნიკური რეგლამენტი“) ადგენს პროდუქტის ეტიკეტირების და პროდუქტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს ელექტროენერგიაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის, რაც ასევე მოიცავს ჩაშენებულ და დამატებით ელემენტების მეშვეობით მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანებს.

  2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ელემენტების მეშვეობით მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე, რომლებიც შეიძლება ქსელს დაუკავშირდეს ცალკე შეძენილი AC/DC გადამყვანით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ქსელი“ ან „ელექტრო ქსელი“ – ელექტროენერგიის მიწოდება 230 (± 10 %) ვოლტი ქსელიდან ცვლადი დენით 50 ჰც სიხშირეზე;

ბ) „საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანა“ – მანქანა, რომელიც ასუფთავებს და რეცხავს ჭურჭელს და რომლის „რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან და „ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობის თაობაზე, მწარმოებლის მიერ მითითებულია შესაბამისობის დეკლარაციაში;

გ) „ჩაშენებული საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც დაპროექტებულია, შემოწმებულია და ბაზარზე განთავსებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ:

გ.ა) დამონტაჟდეს კარადაში ან მოექცეს პანელებში (ზემოთ, ქვემოთ და გვერდებზე);

გ.ბ) საიმედოდ დამაგრდეს კარადის ან პანელების გვერდებზე, ზედა ან ქვედა მხარეს; და

გ.გ) აღიჭურვოს ქარხნულად დასრულებული განუყოფელი ზედაპირით ან მორგებული წინა პანელით;

დ) „გასაყიდი პუნქტი“ – ადგილი, სადაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები არის განთავსებული ან შეთავაზებული გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით შესაძენად.

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართების მიზნებისთვის ასევე გამოიყენება ტერმინთა შემდეგი განმარტებები:

ა) „ენერგოეფექტურობის ინდექსი“ (EEI) – ეკოპროგრამის ენერგომოხმარების თანაფარდობა სტანდარტული პროგრამის ენერგომოხმარებასთან;

ბ) „ეკოპროგრამის ენერგომოხმარება“ (EPEC) – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგომოხმარება ეკოპროგრამის დროს, გამოხატული კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე;

გ) „სტანდარტული პროგრამის ენერგომოხმარება“ (SPEC) – ენერგომოხმარება, რომელიც მიიჩნევა მითითებად, როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის გათვლილი ტევადობის ფუნქცია, გამოხატული კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე;

დ) „პროგრამა“ – წინასწარ განსაზღვრული მოქმედებების სერია, რომელიც მიმწოდებლის მიერ მიჩნეულია შესაფერისად ჭუჭყის განსაზღვრული დონეებისთვის ან დატვირთვის ტიპებისთვის, ან ორივესთვის;

ე) „ციკლი“ – გაწმენდის, გამორეცხვისა და გაშრობის სრული პროცესი, რომელიც განსაზღვრულია შერჩეული პროგრამისთვის და მოიცავს მოქმედებების სერიას, სანამ ყველა აქტივობა არ შეწყდება;

ვ) „სწრაფი რეაგირების“ (QR) კოდი – შტრიხკოდი, რომელიც დატანილია პროდუქტის მოდელის ენერგოეტიკეტზე და უკავშირდება ამ მოდელის ინფორმაციას პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში;

ზ) „ნაკრები“ (ps) – ერთი ადამიანის მიერ გამოსაყენებელი ჭურჭლის ერთობლიობა, რაც არ მოიცავს სერვირების ჭურჭელს;

თ) „სერვირების ჭურჭელი“ – ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად და სერვირებისთვის და მოიცავს ქვაბებს, თასებს, სერვირების დანა-ჩანგალს და კოვზებს და ლანგარს;

ი) „გათვლილი ტევადობა“ – ნაკრების მაქსიმალური ოდენობა სერვირების ჭურჭელთან ერთად, რომელიც შეიძლება გაიწმინდოს, გაირეცხოს და გაშრეს საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ერთი ციკლის განმავლობაში, როდესაც მოთავსებულია მიმწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად;

კ) „ეკოპროგრამის წყლის მოხმარება“ (EPWC) – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის წყლის მოხმარება ეკოპროგრამის დროს, გამოხატული ლიტრებში თითოეულ ციკლზე;

ლ) „რეცხვის ეფექტურობის ინდექსი“ (Ic) – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეცხვის ეფექტურობის თანაფარდობა სტანდარტული საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეცხვის ეფექტურობასთან;

მ) „გაშრობის ეფექტურობის ინდექსი“ (ID) – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაშრობის ეფექტურობის თანაფარდობა სტანდარტული საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაშრობის ეფექტურობასთან;

ნ) „პროგრამის ხანგრძლივობა“ (Tt) – დროის ხანგრძლივობა, რომელიც აითვლება არჩეული პროგრამის დაწყებიდან, მომხმარებლის მიერ დაპროგრამებული შეფერხების გამოკლებით, იმ მომენტამდე, სანამ არ მიეთითება პროგრამის დასრულების შესახებ და მომხმარებელს არ გაუჩნდება წვდომა ტვირთზე;

ო) „ეკო“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის პროგრამის დასახელება, რომელსაც მწარმოებლის თანახმად, შეუძლია გაასუფთავოს ჩვეულებრივ დაბინძურებული ჭურჭელი და რომელსაც უკავშირდება ენერგოეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი;

პ) „გამორთული რეჟიმი“ – მდგომარეობა, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაკავშირებულია ქსელთან და არ ახორციელებს რამე ფუნქციას; გამორთულ რეჟიმად უნდა ჩაითვალოს ასევე შემდეგი:

პ.ა) მდგომარეობა, როდესაც მოცემულია მხოლოდ მითითება გამორთულ რეჟიმზე;

პ.ბ) მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველმყოფ ფუნქციონალებს;

ჟ) „ლოდინის რეჟიმი“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაკავშირებულია ქსელთან და უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ ფუნქციებს, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს განუსაზღვრელი დროით:

ჟ.ა) რეაქტივაციის ფუნქცია, ან რეაქტივაციის ფუნქცია და მხოლოდ მითითება ჩართული რეაქტივაციის ფუნქციაზე; ან/და

ჟ.ბ) რეაქტივაციის ფუნქცია ქსელთან კავშირის მეშვეობით; ან/და

ჟ.გ) ინფორმაციის ან სტატუსის ჩვენება, ან/და

ჟ.დ) გადაუდებელი ზომების გამოვლენის ფუნქცია;

რ) „ქსელი“ – საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ბმულების ტოპოლოგიით და არქიტექტურით, რომელიც მოიცავს ფიზიკურ კომპონენტებს, ორგანიზაციულ პრინციპებს, კომუნიკაციის პროცედურებსა და ფორმატებს (პროტოკოლებს);

ს) „დაგვიანებით დაწყება“ – მდგომარეობა, როდესაც მომხმარებელმა აირჩია შესაბამისი პროგრამის ციკლის დაწყების დაყოვნება;

ტ) „გარანტია“ – საცალო მოვაჭრისა დ მიმწოდებლის ნებისმიერი ვალდებულება მომხმარებლის მიმართ:

ტ.ა) გადახდილი ფასის ანაზღაურების შესახებ; ან

ტ.ბ) შეცვალოს, შეაკეთოს ან დაამუშაოს საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნებისმიერი ფორმით, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ გარანტიის განცხადებაში ან შესაბამის რეკლამაში მითითებულ მახასიათებლებს;

უ) „საჩვენებელი მექანიზმი“ – ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის, სენსორული ეკრანი ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლებისთვის ინტერნეტის კონტენტის საჩვენებლად;

ფ) „ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობა“ – ვიზუალური ინტერფეისი, სადაც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა გამოსახულების ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;

ქ) „სენსორული ეკრანი“ – ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიც არის ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;

ღ) „ალტერნატიული ტექსტი“ – ტექსტი, რომელიც წარმოადგენს გრაფიკის ალტერნატივას და იძლევა შესაძლებლობას ინფორმაცია მოწოდებული იქნეს არაგრაფიკული ფორმით, როდესაც გრაფიკის გახსნა საჩვენებელ მოწყობილობაზე შეუძლებელია ან არის ხელმისაწვდომობისთვის დამხმარე საშუალება, მაგალითად, როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები;

ყ) „დეკლარირებული მნიშვნელობები“ – შესაბამისობის შემოწმების მიზნით „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მითითებული, განსაზღვრული, გამოთვლილი ან გაზომილი ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და დანართი V -ს.

მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები

  1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

ა) თითოეულ საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანას მისი მიწოდებისას თან ახლავს ბეჭდური ეტიკეტი II დანართში მოცემულ ფორმატში;

ბ) IV დანართში მოცემული პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია უსასყიდლოდ, ელექტრონულ ფორმატში;

გ) დილერის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია ბეჭდურ ფორმატში, უსასყიდლოდ;

დ) V დანართში მოცემული ტექნიკური დოკუმენტაციის შინაარსი ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის;

ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა მოიცავს ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასს და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI და VII დანართების შესაბამისად;

ვ) ნებისმიერი, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც ეხება საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტულ მოდელს და აღწერს მის ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის ელექტრონული ეტიკეტი, მიწოდებულია დილერებისთვის საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის თითოეული მოდელისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში; იმ მოდელებისათვის, რომლებიც მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ბაზრებზე არის განთავსებული და არ არის რეგისტრირებული ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში, ეტიკეტი წარმოიქმნება ევროკავშირის ლოგოს გარეშე, ხოლო QR კოდი უნდა იყოს მიბმული ვებსაიტზე მოდელის ინფორმაციით, რომელსაც ინახავს მწარმოებელი;

თ) IV დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია დილერებისთვის საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის თითოეული მოდელისთვის.

  1. ენერგოეფექტურობის კლასი და აკუსტიკური ხმაურის ემისიების კლასი განსაზღვრულია I დანართში და გამოითვლება III დანართის შესაბამისად.

მუხლი 4. დილერის ვალდებულებები

დილერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

ა) გასაყიდ პუნქტში, მათ შორის, სავაჭრო ბაზრობებზე, თითოეულ საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს მიმწოდებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელიც ჩაშენებულ საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე დატანილია იმგვარად, რომ იყოს მკაფიოდ ხილვადი, ხოლო ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე იმგვარად, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის წინა ან ზედა ნაწილზე იყოს მკაფიოდ ხილვადი;

ბ) დისტანციურად გაყიდვის შემთხვევაში, ეტიკეტი და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი წარმოდგენილია VI და VII დანართების შესაბამისად;

გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა მოიცავს ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად;

დ) ნებისმიერი, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც ეხება საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტულ მოდელს და აღწერს მის ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად.

მუხლი 5. ინტერნეტჰოსტინგის პლატფორმების ვალდებულებები

როდესაც ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელი უშვებს ვებგვერდის მეშვეობით საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების პირდაპირ გაყიდვას, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერის მიერ მოწოდებული ელექტრონული ეტიკეტის და პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ფურცლის ჩვენება საჩვენებელი მექანიზმით, VI დანართის შესაბამისად და დილერს მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჩვენების ვალდებულების შესახებ.

მუხლი 6. გაზომვის მეთოდები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სანდო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის და გამოთვლის მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს გაზომვის და გამოთვლის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, როგორც განსაზღვრულია III დანართში.

მუხლი 7. ბაზარზე ზედამხედველობა

  1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.

  2. უფლებამოსილი პირი შესაბამისობის შემოწმებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით განსაზღვრულ პროცედურას.

  3. საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

  4. საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელის ონლაინვაჭრობაზე ზედამხედველობა არ წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

დანართი I. საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ენერგოეფექტურობის კლასები

  1. საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ენერგოეფექტურობის კლასები

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) მიხედვით, როგორც გაწერილია ცხრილ 1-ში.

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობის ინდექსი გამოითვლება III დანართის შესაბამისად.

ცხრილი 1

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ენერგოეფექტურობის კლასები

ენერგოეფექტურობის კლასი ენერგოეფექტურობის ინდექსი
A EEI < 32
B 32 ≤ EEI < 38
C 38 ≤ EEI < 44
D 44 ≤ EEI < 50
E 50 ≤ EEI < 56
F 56 ≤ EEI < 62
G EEI ≥ 62
  1. აკუსტიკური ჰაერის ხმაურის ემისიის კლასები

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის აკუსტიკური ჰაერის ხმაურის ემისიის კლასი განისაზღვრება აკუსტიკური ხმაურის ემისიების საფუძველზე, როგორც გაწერილია 24-ე ცხრილში.

ცხრილი 2

აკუსტიკური ჰაერის ხმაურის ემისიის კლასები

აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი ხმაური (დეციბელი(A))
A n < 39
B 39 ≤ n < 45
C 45 ≤ n < 51
D 51 ≤ n

დანართი II. ეტიკეტი

  1. ეტიკეტი

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

I. QR კოდი (თუ პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;

V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;

VI. ეკოპროგრამის ენერგომოხმარება (EPEC) ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

VII. სტანდარტული ნაკრების გათვლილი ტევადობა ეკოპროგრამისთვის;

VIII. ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) თითოეულ ციკლზე ლიტრებში, დამრგვალებული მეათედამდე;

IX. ეკოპროგრამის ხანგრძლივობა სთ/წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;

X. აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში(A) 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

XI. რეგლამენტის ნომერი ‘#’.

  1. ეტიკეტის დიზაინი

ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:

სადაც:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;

ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;

გ) ფონტი უნდა იყოს Verdana და Calibri;

დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;

ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მაგენტა (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მაგენტა, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):

  • ვარსკვლავები: 0,0,100,0;

❶ ენერგიის შესახებ ლოგოს ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;

❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt;

❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, 9 pt;

❺ A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:

– ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით;

– A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:

– A-კლასი: 100,0,100,0;

– B-კლასი: 70,0,100,0;

– C-კლასი: 30,0,100,0;

– D-კლასი: 0,0,100,0;

– E-კლასი: 0,30,100,0;

– F-კლასი: 0,70,100,0;

– G-კლასი: 0,100,100,0;

❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს მოცულობა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;

❽ 100 ციკლზე ეკოპროგრამის ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 28 pt; კვტ.სთ უნდა იყოს Verdana, 18 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს, უნდა იყოს Verdana, 14 pt; მაჩვენებელი და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;

❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:

  • პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;

– ტექსტები პიქტოგრამების ქვეშ უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები – Verdana, 12 pt, ისინი უნდა იყოს ცენტრში პიქტოგრამების ქვემოთ;

აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘dB’ Verdana, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშვნელი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt;

❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.

დანართი III. გაზომვის მეთოდები და გამოთვლები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შესაბამისობის შემოწმების მიზნით, გაზომვები და გამოთვლები უნდა განხორციელდეს სტანდარტების გამოყენებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე, ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და შეესაბამება შემდეგ დებულებებს.

როდესაც პარამეტრი დეკლარირებულია V დანართის მე-4 ცხრილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მისი დეკლარირებული მნიშვნელობა გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ამ დანართში მოცემული გამოთვლებისთვის.

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის ენერგომოხმარება, ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI), წყლის მოხმარება, პროგრამის ხანგრძლივობა, რეცხვის და გაშრობის ეფექტურობა და აკუსტიკური ხმაურის ემისიები უნდა გაიზომოს ან/და გამოითვალოს ეკოპროგრამის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის გათვლილი ტევადობით დატვირთვით. ენერგომოხმარება, წყლის მოხმარება, პროგრამის ხანგრძლივობა, რეცხვის და გაშრობის ეფექტურობა უნდა გაიზომოს ერთდროულად.

ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) გამოიხატება ლიტრებში თითოეული ციკლისთვის და მრგვალდება მეათედამდე.

ეკოპროგრამის ხანგრძლივობა (Tt) გამოიხატება საათებსა და წუთებში და მრგვალდება უახლოეს წუთამდე.

აკუსტიკური ხმაურის ემისიები იზომება დეციბელში (A) 1 პიკოვატთან მიმართებით და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.

  1. ენერგოეფექტურობის ინდექსი

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის ენერგოეფექტურობის ინდექსის გამოსათვლელად, საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის EPEC უნდა შეედაროს მის SPEC-ს.

ა) ენერგოეფექტურობის ინდექსი გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათედამდე:

EEI = (EPEC/SPEC) X 100

სადაც:

EPEC არის საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკოპროგრამის ენერგომოხმარება, რაც იზომება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე და მრგვალდება მეათასედამდე;

SPEC საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის სტანდარტული პროგრამის ენერგომოხმარება.

ბ) SPEC იზომება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე და მრგვალდება მეათასედამდე შემდეგნარად:

ბ.ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის, რომლის გათვლილი ტევადობაა ps ≥ 10 და სიგანე > 50 სმ:

SPEC = 0,025 x ps + 1,350;

ბ.ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის, რომლის გათვლილი ტევადობაა ps ≤ 9 ან სიგანე ≤ 50 სმ:

SPEC = 0,090 X ps + 0,450 .

სადაც ps არის ნაკრების რაოდენობა.

  1. რეცხვის ეფექტურობის ინდექსი

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის რეცხვის ეფექტურობის ინდექსის (Ic) გამოსათვლელად, ეკოპროგრამის რეცხვის ეფექტურობა უნდა შეედაროს სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეცხვის ეფექტურობას.

Ic გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათასედამდე:

Ic = exp (ln IC)

და

ln IC = (1/n) x Σn i = 1 ln (CT,i/CR,i) ,

სადაც:

CT,i არის შესამოწმებელი საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკოპროგრამის რეცხვის ეფექტურობა ერთი სატესტო გაშვებისთვის (i), დამგვრალებული მეათასედამდე;

CR,i არის სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეცხვის ეფექტურობა ერთი სატესტო გაშვებისთვის (i), დამგვრალებული მეათასედამდე;

n არის სატესტო გაშვების რაოდენობა.

  1. გაშრობის ეფექტურობის ინდექსი

საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის გაშრობის ეფექტურობის ინდექსის (ID) გამოსათვლელად ეკოპროგრამის გაშრობის ეფექტურობა უნდა შეედაროს სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაშრობის ეფექტურობას.

ID გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათასედამდე:

ID = exp (ln ID)

და

ln ID = (1/n) x Σn i = 1 ln(ID,i),

სადაც:

ID,i არის შესამოწმებელი საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკოპროგრამის გაშრობის ეფექტურობის ინდექსი ერთი სატესტო გაშვებისთვის (i);

n არის კომბინირებული რეცხვის და გაშრობის სატესტო გაშვების რაოდენობა.

ID,i გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათასედამდე:

ln ID,i = ln (DT,i/DR,t),

სადაც:

DT,i არის შესამოწმებელი საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკოპროგრამის გაშრობის ეფექტურობის საშუალო ქულა ერთი სატესტო გაშვებისთვის (i), დამგვრალებული მეათასედამდე;

DR,t არის სტანდარტული სარეცხი მანქანის სამიზნე გაშრობის ქულა, დამგვრალებული მეათასედამდე;

4. დაბალი სიმძლავრის რეჟიმი

საჭიროების შემთხვევაში იზომება გამორთული რეჟიმის (Po), ლოდინის რეჟიმის (Psm) და დაგვიანებით დაწყების (Pds) ენერგიის მოხმარება, გამოიხატება ვტ-ში და მრგვალდება მეასედამდე.

დაბალი სიმძლავრის რეჟიმის დროს ენერგიის მოხმარების გაზომვისას მოწმდება და აღირიცხება შემდეგი:

— ინფორმაცია არის თუ არა ნაჩვენები;

— ქსელთან კავშირი არის თუ არა გააქტიურებული.

დანართი IV. პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი

  1. საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების საინფორმაციო ცხრილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქართულ ენაზე ცხრილი 3-ის შესაბამისად.

ცხრილი 3

პროდუქტის საინფორმაციო ცხრილის შინაარსი, თანმიმდევრობა და ფორმატი

მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი:
მიმწოდებლის მისამართი:
მოდელის იდენტიფიკატორი:
პროდუქტის ზოგადი პარამეტრები:
პარამეტრი მაჩვენებელი პარამეტრი მაჩვენებელი
გათვლილი ტევადობა(ა) (ps) X ზომები სმ-ში სიმაღლე x
სიგანე x
სიღრმე x
ენერგოეფექტურობის ინდექსი(ა) (EEI) x,x ენერგოეფექტურობის კლასი(ა) [A/B/C/D/E/F/G]
რეცხვის ეფექტურობის ინდექსი(ა) x,xxx გაშრობის ეფექტურობის ინდექსი(ა) x,xxx
ენერგომოხმარება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე ეკოპროგრამის და ცივი წყლის გამოყენებით. ფაქტობრივი ენერგომოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული. x,xxx წყლის მოხმარება ლიტრებში თითოეულ ციკლზე ეკოპროგრამის საფუძველზე. ფაქტობრივი წყლის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული, ასევე წყლის სიმტკიცეზე. x,x
პროგრამის ხანგრძლივობა(ა) (სთ:წთ) x:xx ტიპი

[ჩაშენებული/

თავისუფლად მდგარი]

აკუსტიკური ხმაურის ემისიები(ა) (დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით) X აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი(ა) [A/B/C/D]
გამორთული რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) x,xx ლოდინის რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) x,xx
დაგვიანებით დაწყება (W) (საჭიროების შემთხვევაში) x,xx ქსელური ლოდინი (W) (საჭიროების შემთხვევაში) x,xx
მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული გარანტიის მინიმალური ხანგრძლივობა:
დამატებითი ინფორმაცია:
მიმწოდებლის ვებგვერდის ბმული:
() ეკოპროგრამისთვის.

დანართი V. ტექნიკური დოკუმენტაცია

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) მოდელის ზოგად აღწერას, რაც შესაძლებელს ხდის მის ცხადად და ადვილად იდენტიფიცირებას;

ბ) მითითებებს გამოყენებულ სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე მოცემულ სტანდარტებზე ან სხვა გაზომვის სტანდარტებზე;

გ) კონკრეტულ სიფრთხილის ზომებს, რაც მიღებული უნდა იქნეს მოდელის აწყობის, დამონტაჟების, შენახვის ან შემოწმების დროს;

დ) ტექნიკური პარამეტრების მაჩვენებლებს, რაც მითითებულია მე-4 ცხრილში; ეს მაჩვენებლები მიიჩნევა დეკლარირებულ მნიშვნელობად VIII დანართით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურის მიზნებისთვის;

ე) III დანართის შესაბამისად განხორციელებული გამოთვლების დეტალებსა და შედეგებს;

ვ) შემოწმების პირობებს, თუ საკმარისად არ არის აღწერილი ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში;

ზ) არსებობის შემთხვევაში, ეკვივალენტურ მოდელებს, მათ შორის, მოდელის იდენტიფიკატორებს.

ცხრილი 4

მოდელის ტექნიკური პარამეტრები და მათი დეკლარირებული მნიშვნელობები საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის

პარამეტრი დეკლარირებული მნიშვნელობა ერთეული
ნაკრების გათვლილი ტევადობა X
ეკოპროგრამის ენერგომოხმარება (EPEC) დამრგვალებული მეათასედამდე
X,XXX კვტ.სთ/ციკლი
სტანდარტული პროგრამის ენერგომოხმარება (SPEC) დამრგვალებული მეათასედამდე X,XXX კვტ.სთ/ციკლი
ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) X,X
ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) დამრგვალებული მეათედამდე X,X 1/ციკლი
რეცხვის ეფექტურობის ინდექსი (Ic) X,XXX
გაშრობის ეფექტურობის ინდექსი (ID) X,XXX
ეკოპროგრამის ხანგრძლივობა (Tt) დამრგვალებული უახლოეს წუთამდე X:XX სთ:წთ
ენერგომოხმარება გამორთული რეჟიმის დროს (Po) დამრგვალებული მეასედამდე (საჭიროების შემთხვევაში) X,XX ვტ
ენერგომოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) დამრგვალებული მეასედამდე (საჭიროების შემთხვევაში) X,XX ვტ
„ლოდინის რეჟიმი“ მოიცავს თუ არა ინფორმაციის ჩვენებას? დიახ/არა
ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) ქსელური ლოდინის მდგომარეობაში (საჭიროების შემთხვევაში) დამრგვალებული მეასედამდე X,XX ვტ
ენერგიის მოხმარება დაგვიანებით დაწყებისას (Pds) (საჭიროების შემთხვევაში) დამრგვალებული მეასედამდე X,XX ვტ
აკუსტიკური ხმაურის ემისიები X დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით
  1. თუკი ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია კონკრეტული საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის შესახებ მოპოვებულია ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი ან ორივე მეთოდით:

  • იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელიდან, რაც რელევანტურია წარმოსადგენი ტექნიკური ინფორმაციისთვის, მაგრამ წარმოებულია სხვა მიმწოდებლის მიერ;

  • იმავე ან განსხვავებული მიმწოდებლის სხვა მოდელის დიზაინის ან ექსტრაპოლაციის საფუძველზე გამოთვლით,

ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ამგვარი გამოთვლის დეტალებს, მიმწოდებლების მიერ განხორციელებულ შეფასებას გამოთვლის სიზუსტის დასადასტურებლად და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა მიმწოდებლის მოდელების იდენტურობის დეკლარაციას.

დანართი VI. ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითოს ვიზუალურ რეკლამებში, ტექნიკურ სარეკლამო მასალაში დისტანციური გაყიდვის და ტელემარკეტინგის დროს, გარდა ინტერნეტში დისტანციური გაყიდვის შემთხვევებისა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ვიზუალურ რეკლამებში ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკურ სარეკლამო მასალაში ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ქაღალდზე დაფუძნებული დისტანციური გაყიდვის დროს უნდა მიეთითოს ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს სურათი 1-ის შესაბამისად შემდეგი წესების დაცვით:

ა) ისარი უნდა შეიცავდეს ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ასოს, რაც უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი და ფონტის ზომა უნდა იყოს სულ მცირე ფასის ზომის ეკვივალენტური, თუკი ფასი მითითებულია;

ბ) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ენერგოეფექტურობის კლასის ფერს;

გ) ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა იყოს 100 % შავი; და

დ) ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ისარი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ხოლო 0.5 პტ, 100 % შავი საზღვრები უნდა იყოს ისრის და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს გარშემო.

გამონაკლისის სახით, თუკი ვიზუალური რეკლამა, ტექნიკური სარეკლამო მასალა ან ქაღალდზე დაფუძნებული დისტანციური გაყიდვა დაბეჭდილია ერთ ფერში, ისარი შეიძლება იყოს მონოქრომული.

სურათი 1

ფერადი/მონოქრომული მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის მითითებით

5. ტელემარკეტინგზე დაფუძნებულმა დისტანციურმა გაყიდვამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის აშკარა ინფორმირება პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასის და ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის შესახებ, ასევე კლიენტის წვდომა ეტიკეტსა და პროდუქტის საინფორმაციო ფურცელზე, ნაბეჭდი ასლის მოთხოვნის გზით.

6. ამ დანართის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში მითითებულ ყველა სიტუაციაში კლიენტს უნდა შეეძლოს, მოთხოვნის შემთხვევაში, ეტიკეტისა და პროდუქტის საინფორმაციო ფურცლის ნაბეჭდი ასლის მიღება.


დანართი VII. ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტით დისტანციური გაყიდვისას

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ეტიკეტი ნაჩვენები უნდა იყოს ეკრანზე პროდუქტის ფასთან ახლოს. ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ეტიკეტი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი და II დანართის მე-2 პუნქტში მითითებული ზომის პროპორციული იყოს. ეტიკეტი შესაძლოა ნაჩვენები იყოს ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ეტიკეტზე წვდომისთვის გამოყენებული გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ ინსტრუქციებს. თუ გამოყენებულია ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობა, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე პირველივე დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით.

2. ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობის შემთხვევაში, ეტიკეტზე წვდომისთვის გამოყენებული გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს მე-2 ფიგურას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;

(ბ) ისარზე უნდა მიეთითოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი, რომელიც უნდა იყოს 100 % თეთრი, გამოყენებულ უნდა იქნეს Calibri, მუქი შრიფტი, ხოლო ფონტის ზომა უნდა იყოს ფასის ზომის ეკვივალენტური;

გ) ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა იყოს 100 % შავი; და

დ) უნდა ჰქონდეს ქვემოთ მითითებული ორი ფორმატიდან ერთ-ერთი, ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ისარი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ხოლო ხილვადი 100 % შავი საზღვრები უნდა იყოს ისრის და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს გარშემო:

სურათი 2

ფერადი მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის მითითებით

  1. ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობის შემთხვევაში ეტიკეტის ჩვენების თანმიმდევრობა უნდა იყოს შემდეგი:

ა) ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებული გამოსახულება ნაჩვენები უნდა იყოს პროდუქტის ფასთან ახლოს;

ბ) გამოსახულება ბმულით უნდა უკავშირდებოდეს II დანართში მითითებულ ეტიკეტს;

გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით;

დ) ეტიკეტი უნდა დაუყოვნებლივ გამოჩნდეს ახალი ფანჯრის, ახალი გვერდის ან ჩასმული ეკრანის სახით;

ე) სენსორულ ეკრანებზე ეტიკეტის გადიდებისთვის გამოიყენება სტანდარტული მიდგომები სენსორული გადიდებისთვის;

ვ) ეტიკეტის ჩვენება უნდა შეწყდეს დახურვის ფუნქციით ან სხვა სტანდარტული დახურვის მექანიზმით;

ზ) გრაფიკის ალტერნატიული ტექსტი, რომელიც უნდა გამოისახოს ეტიკეტის ჩვენების წარუმატებლობის შემთხვევაში, უნდა იყოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი, რომლის ფონტის ზომა უნდა იყოს ფასის ზომის ეკვივალენტური.

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი ეკრანზე ნაჩვენები უნდა იყოს პროდუქტის ფასთან ახლოს. ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი შესაძლოა ნაჩვენები იყოს ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, პროდუქტის საინფორმაციო ფურცელზე წვდომისთვის გამოსაყენებელი ბმული ნათლად და გარკვევით უნდა უთითებდეს „პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი.“ თუ გამოყენებულია ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობა, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსზე პირველი დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით.

დანართი VIII. შემოწმების პროცედურა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით

1. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიმწოდებლის მიერ როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა ან ამ მნიშვნელობების იმ მიზნით ინტერპრეტირება, რომ მიღწეულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა ან უფრო მაღალი ეფექტურობის წარმოსაჩენად. ეტიკეტზე ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში (ფირფიტა) მოცემული მნიშვნელობები და კლასი არ შეიძლება მიმწოდებლისთვის იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

ნებისმიერი მოდელი და ეკვივალენტი მოდელი ჩაითვლება შეუსაბამოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოდელი შექმნილია იმგვარად, რომ მას შეუძლია დაადგინოს, რომ ის გადის ტესტირებას (მაგალითად, ტესტის პირობების ან ტესტის ციკლის იდენტიფიცირებით) და შესაბამისი რეაგირების გზით მისი მუშაობის შესრულებას ავტომატურად შეცვლის მთელი ტესტის განმავლობაში, რათა მიაღწიოს უფრო ხელსაყრელ დონეს ამ რეგლამენტში აღნიშნულ ან ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან ნებისმიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებთან დასაახლოებლად.

2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:

ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;

ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:

ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში ენერგოეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე ტესტირების ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები;

ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი და აკუსტიკური ჰაერის ხმაურის ემისიის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და

ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება ცხრილ 5-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ასევე ყველა ის მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;

ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის ცხრილი 5-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა ის მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის პირველი პუნქტის მე-2 აბზაცის ან მე-2 პუნქტის „გ" და „ვ" ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.

3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის სტანდარტები, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს III დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.

4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ცხრილ 5-ში მითითებული დასაშვები გადახრები და ამ დანართის მე-2 პუნქტის „ა-ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.

ცხრილი 5

დასაშვები გადახრები

პარამეტრი დასაშვები გადახრები
ეკოპროგრამის ენერგომოხმარება (EPEC) გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს EPEC-ის დეკლარირებულ მნიშვნელობას 5%-ზე მეტით.
ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს EPWC-ის დეკლარირებულ მნიშვნელობას 5%-ზე მეტით.
რეცხვის ეფექტურობის ინდექსი (Ic) გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა იყოს ნაკლები Ic-ის დეკლარირებულ მნიშვნელობაზე 14%-ზე მეტით.
გაშრობის ეფექტურობის ინდექსი (ID) გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა იყოს ნაკლები ID-ის დეკლარირებულ მნიშვნელობაზე 12%-ზე მეტით.
პროგრამის ხანგრძლივობა (Tt) გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს Tt-ის დეკლარირებულ მნიშვნელობას 5%-ზე ან 10 წთ-ზე მეტით, რომელიც უფრო ხანგრძლივია.
ენერგიის მოხმარება გამორთული რეჟიმის დროს (Po) ენერგიის მოხმარების Po გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 0,10 ვტ-ზე მეტით.
ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) ენერგიის მოხმარების Psm გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 10%-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა 1,00 ვტ-ს აღემატება, ან 0,10 ვტ-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა ტოლია 1,00 ვტ-ს ან ნაკლებია.
ენერგიის მოხმარება დაგვიანებით დაწყებისას (Pds) ენერგიის მოხმარების Pds გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 10%-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა 1,00 ვტ-ს აღემატება, ან 0,10 ვტ-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა ტოლია 1,00 ვტ-ს ან ნაკლებია.
აკუსტიკური ხმაურის ემისიები გაზომილი მნიშვნელობა (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 2 დეციბელზე (A) მეტით, 1 პიკოვატთან მიმართებით.
(*) თუკი დანართი VIII-ის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით სამი ერთეული შემოწმდება, გაზომილი მაჩვენებელი ნიშნავს ამ სამი დამატებითი ერთეულისთვის დადგენილი მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს.