1. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუტურის მენეჯერი მიმართავს სააგენტოს III, IV ან VI დანართებით გათვალისწინებული განცხადების ფორმით, წარუდგენს ცვლილებების აღწერას და შესაბამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
2. სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში/ავტორიზაციაში მითითებული მონაცემების შეცვლის (გარდა უსაფრთხოების სერტიფიკატში/ავტორიზაციაში მითითებული საქმიანობის სახის, ხასიათის, საქმიანობის მასშტაბის ან/და საქმიანობის არეალის მონაცემებისა) დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს განცხადება უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მონაცემების ცვლილებების შესახებ, მიუთითოს შეცვლილი მონაცემები და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო ახდენს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მონაცემების ცვლილებას განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
3. სააგენტო უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების შესახებ განცხადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას ამოწმებს განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში.
5. სააგენტო 2 თვის ვადაში ამოწმებს ცვლილებებს, რომლებიც შევიდა წინა განცხადების ფარგლებში წარდგენილ მტკიცებულებებში, რაც წარმოადგენდა უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის გაცემის/ავტორიზაციის მინიჭების საფუძველს და უზრუნველყოფილია თუ არა მოთხოვნილი ცვლილების ფარგლებში სარკინიგზო ქსელში უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა/ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება.
6. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებლის ინსპექტირება განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტით.
7. სააგენტო უფლებამოსილია უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების შესახებ განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადა განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, რა დროსაც ჩერდება ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან უსაფრთხოების სერტიფიკატის/ ავტორიზაციის განახლებაზე უარის თქმის შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა განმცხადებლის მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელება, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების გზა შეთავაზებული უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ და შეთანხმდეს სააგენტოსთან. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განაახლოს უსაფრთხოების სერტიფიკატი/ავტორიზაცია.
10. განცხადების განხილვის შედეგად, სააგენტოს იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების შესახებ;
ბ) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეზღუდულად/ პირობებით განახლების თაობაზე;
გ) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლებაზე უარის თქმის შესახებ.
11. სააგენტოსათვის უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება არ გულისხმობს მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას.
12. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის განახლების დამატებითი წესები შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს ნორმატიული აქტით.
საერთო მეთოდები სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგისათვის სარკინიგზო საწარმოსა და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მხრიდ