1. ინფრასტრუქტურის მენეჯერს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა.
2. უსაფრთხოების ავტორიზაციით დასტურდება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება, რაც უზრუნველყოფს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარკინიგზო უსაფრთხოების მოთხოვნების, მათ შორის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას.
3. მისასვლელი ლიანდაგის მფლობელს, რომელიც მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონების მიწოდება-გამოტანის მიზნებისთვის საჭირო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების (წევის ერთეულების) გამოყენებით, უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღების შემთხვევაში, დამატებით, სარკინიგზო საწარმოსთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება არ გააჩნია. აღნიშნული საქმიანობა უნდა აისახოს უსაფრთხოების ავტორიზაციის განცხადებაში და თანდართულ დოკუმენტაციაში და რეგულირდებოდეს მისასვლელი ლიანდაგის უსაფრთხოების მართვის სისტემით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი მიერთების სადგურის ფარგლებში, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების (წევის ერთეულის) გამოყენებით მომსახურებას უწევს სხვა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგებს, აღნიშნული უნდა აისახოს უსაფრთხოების ავტორიზაციის განცხადებაში და გათვალისწინებული იყოს მისასვლელი ლიანდაგის უსაფრთხოების მართვის სისტემით.
5. ინფრასტრუქტურის მენეჯერს/სარკინიგზო საწარმოს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ან ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვს მხოლოდ იმ მისასვლელი ლიანდაგის მფლობელთან, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაცია.
6. უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების ვადაა 5 წელი.
7. ინფრასტრუქტურის მენეჯერი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღების მიზნით, ამ წესის IV დანართით დადგენილი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
8. უსაფრთხოების ავტორიზაციას ანიჭებს სააგენტო ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. უსაფრთხოების ავტორიზაცია ექვემდებარება განახლებას ან ახალი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღებას:
ა) როდესაც ინფრასტრუქტურა, სიგნალიზაციის ან ელექტროენერგიის ქვესისტემები, ან მათი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პრინციპები მნიშვნელოვნად იცვლება;
ბ) უსაფრთხოების ავტორიზაციაში მითითებული მონაცემები იცვლება;
გ) უსაფრთხოების მართვის სისტემაში ხორციელდება არსებითი ცვლილებები;
დ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
10. ინფრასტრუქტურის მენეჯერი საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილია უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების ვადის ამოწურვამდე განცხადებით მიმართოს სააგენტოს უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გაგრძელების მიზნით.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების თაობაზე.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ მოითხოვს უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლებას, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე 10 დღის ვადაში აცნობებს ინფრასტრუქტურის მენეჯერს.
13. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლების ან ახალი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღების ვალდებულების შესახებ აცნობებს ინფრასტრუქტურის მენეჯერს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
14. უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია:
ა) საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში;
ბ) უზრუნველყოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობა ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებისა და II დანართის მოთხოვნებთან და უსაფრთხოების მართვის სისტემაში დადგენილი ზომების გამოყენება;
გ) უსაფრთხოების მართვის სისტემაში დაგეგმილი არსებითი ცვლილებების მომზადების შესახებ წინასწარ აცნობოს სააგენტოს და შეათანხმოს ცვლილებების ჩამონათვალი;
დ) განახორციელოს ზომები, რომლებიც აუცილებელია ინფრასტრუქტურის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის, სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით;
ე) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს უსაფრთხოების ავტორიზაციის განსაახლებლად;
ვ) არ გადასცეს უსაფრთხოების ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოყენებისათვის მესამე პირს;
ზ) უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ყველა საჭირო მონაცემისა და დოკუმენტის წარდგენა და დაშვება შესაბამის ობიექტებზე.
15. მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღების მიზნით, ამ წესის VI დანართით დადგენილი განცხადების ფორმით, მიმართავს სააგენტოს.
16. უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა, უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება და უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელე