1. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/ავტორიზაციის მინიჭების/ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების ამ წესის III, IV ან VI დანართებთან ფორმალურ შესაბამისობას.
2. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერტიფიცირების/ავტორიზაციის უწყვეტობა. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს უსაფრთხოების ახალ სერტიფიკატს ან ანიჭებს უსაფრთხოების ახალ ავტორიზაციას ამ წესით განსაზღვრული მოქმედების ვადით.
3. უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენისას, განმცხადებელი წარადგენს ამ წესის III დანართით გათვალისწინებულ განცხადებას და აღწერს ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის შემდგომ.
4. უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენისას, განმცხადებელი წარადგენს ამ წესის IV დანართით გათვალისწინებულ განცხადებას და აღწერს ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის შემდგომ.
5. ამ წესის III, IV ან VI დანართებთან განცხადების ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და 30 დღის ვადაში ამოწმებს შემდეგ გარემოებებს:
ა) განცხადება და თანდართული დოკუმენტები მოიცავს თუ არა საკმარის ინფორმაციასა და მტკიცებულებას და არის თუ არა იმგვარად სტრუქტურირებული და ურთიერთდაკავშირებული, რომ შესაძლებელი იყოს მათი შესაბამისობის სათანადოდ შეფასება უსაფრთხოების მართვის სისტემისა და ამ წესის მოთხოვნებთან. სააგენტო ახორციელებს განცხადებაში შემავალი მტკიცებულების ფაქტობრივი შინაარსის წინასწარ შეფასებას უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარისხის, საკმარისობის და ადეკვატურობის შესახებ პირველადი მოსაზრების ჩამოყალიბების მიზნით;
ბ) ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარდგენილია თუ არა მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულია განმცხადებლის მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მიღების მიზნით წინა შეფასების ან უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მიღების შემდგომ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის გადაჭრისთვის;
გ) რამდენად მკაფიოდ ასახავს განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულება მისი საქმიანობის სახეს/ხასიათს, მასშტაბსა და წინასწარ განსაზღვრულ არეალს.
6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემაზე/ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო 4 თვის ვადაში ამოწმებს აქვს თუ არა განმცხადებელს დანერგილი უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფილია თუ არა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებლის ინსპექტირება განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტით.
9. სააგენტო უფლებამოსილია უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/ავტორიზაციის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადა განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, რა დროსაც ჩერდება ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემაზე/ავტორიზაციის მინიჭებაზე, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ ავტორიზაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა განმცხადებლის მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელება, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების გზა შეთავაზებული უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ და შეთანხმდეს სააგენტოსთან. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გასცეს/მიანიჭოს უსაფრთხოების სერტიფიკატი/ ავტორიზაცია.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა განცხადების ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების შეტანა ან განმცხადებლის მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელება, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემაზე/ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის ან უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეზღუდულად/განსაზღვრული პირობებით გაცემის/მინიჭების თაობაზე.
13. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში, სააგენტო დეტალურად ამოწმებს წინა განცხადებაში ასახულ მტკიცებულებაში შესულ ცვლილებებს და ითვალისწინებს წარსულში განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ან განსაზღვროს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც შეფასდება ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება.
14. განცხადების განხილვის შედეგად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/ავტორიზაციის მინიჭების ან უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეზღუდულად/ პირობებით გაცემის/მინიჭების/ვადის გაგრძელების თაობაზე;
გ) უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემაზე/ავტორიზაციის მინიჭებაზე ან უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
15. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მიღების/მინიჭების/ ვადის გაგრძელების დამატებითი წესები შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს ნორმატიული აქტი