1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;
ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
გ) უსაფრთხოების საერთო ინდიკატორები ((Common safety indicators) CSI) – ამ წესით დადგენილი ინდიკატორების ერთობლიობა, რომლებსაც აგროვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, წლიური ანგარიშების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევების შეფასება და სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელება;
დ) უსაფრთხოების საერთო მიზნები ((Common safety targets) CST) – უსაფრთხოების დონეები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს რკინიგზის სისტემის ცალკეულმა ნაწილმა და მთლიანად სისტემამ;
ე) უსაფრთხოების საერთო მეთოდები ((Common safety methods) CSM) – მეთოდები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ფასდება უსაფრთხოების დონეები, უსაფრთხოების მიზნების მიღწევა და უსაფრთხოების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ვ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – ორგანიზაციული მოწყობა, ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხო მართვა;
ზ) მსუბუქი სარელსო სისტემა – საქალაქო და/ან საგარეუბნო სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემა C-III ან C-IV კატეგორიის დარტყმაგამძლეობით (EN 15227:2011-ის შესაბამისად) და სატრანსპორტო საშუალების ძალით მაქსიმუმ 800 კნ. (კილონიუტონი) (გრძივი მკუმშავი ძალა შეერთების/გადაბმის მონაკვეთზე); მსუბუქ სარელსო სისტემებს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ან საგზაო მოძრაობასთან თანაზიარი მოძრაობის წესები. ჩვეულებრივ, მსუბუქ სარელსო სისტემაში არ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებების გაცვლა შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანაში ან ტვირთების გადაზიდვაში;
თ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანო, რომელიც ახორციელებს რკინიგზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ წესის შესაბამისად;
ი) სატრანსპორტო საშუალება – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ვარგისია სარკინიგზო ხაზებზე თვლებით გადაადგილებისათვის, წევით ან მის გარეშე. სატრანსპორტო საშუალება შედგება ერთი ან მეტი სტრუქტურული და ფუნქციური ქვესისტემისაგან;
კ) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პროდუქტს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ან სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი კომპონენტებისა და ქვესისტემების სახით, ან აპროექტებს და ამზადებს მას თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;
ლ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;
მ) მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან აქვს მისი გამოყენების უფლება სატრანსპორტო საშუალების სახით;
ნ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად;
ო) ტვირთმიმღები – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი;
პ) დამტვირთავი – საწარმო, რომელიც ტვირთავს შეფუთულ ტვირთს, მცირე კონტეინერებს ან გადასატან ცისტერნებს ვაგონში ან ვაგონზე, ან კონტეინერში, ან რომელიც ტვირთავს კონტეინერს, ნაყარი ტვირთების კონტეინერს, მრავალელემენტიან გაზის კონტეინერს, ცისტერნა-კონტეინერს ან/და გადასატან ცისტერნას ვაგონზე;
ჟ) გადმომტვირთავი – საწარმო, რომელსაც გადმოაქვს კონტეინერი, ნაყარი ტვირთების კონტეინერი, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი, ცისტერნა-კონტეინერი ან გადასატანი ცისტერნა ვაგონიდან, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს შეფუთული ტვირთის, მცირე კონტეინერების ან გადასატანი ცისტერნების გადმოტვირთვას ვაგონიდან ან კონტეინერიდან, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის დაცლას ცისტერნიდან (ვაგონ-ცისტერნა, მოსახსნელი ცისტერნა, გადასატანი ცისტერნა ან ცისტერნა-კონტეინერი), ვაგონ-ბატარეიდან, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, ნაყარი ტვირთის გადასაზიდი დიდი ან მცირე კონტეინერიდან ან ნაყარი ტვირთების კონტეინერიდან;
რ) შემვსები – საწარმო, რომელიც ტვირთავს ტვირთს ცისტერნაში (მათ შორის, ვაგონ-ცისტერნაში, მოსახსნელი ცისტერნის მქონე ვაგონში, გადასატან ცისტერნაში ან ცისტერნა-კონტეინერში), ვაგონში, ნაყარი ტვირთის გადასაზიდ დიდ ან მცირე კონტეინერში, ვაგონ-ბატარეაში ან მრავალელემენტიან აირის კონტეინერში;
ს) დამცლელი – საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის დაცლას ცისტერნიდან (მათ შორის, ვაგონ-ცისტერნიდან, მოსახსნელი ცისტერნის მქონე ვაგონიდან, გადასატანი ცისტერნიდან ან ცისტერნა-კონტეინერიდან), ვაგონიდან, ნაყარი ტვირთის გადასაზიდი დიდი ან მცირე კონტეინერიდან, ვაგონ-ბატარეიდან ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან;
ტ) დამკვეთი საწარმო – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უკვეთს ქვესისტემის პროექტს და/ან მშენებლობას, განახლებას ან მოდერნიზაციას;
უ) სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტები – სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სხვა სუბიექტები, რომლებსაც პოტენციური გავლენა აქვთ რკინიგზის სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, მათ შორის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, მწარმოებელი, მფლობელი, დამკვეთი საწარმო, გადამზიდველი, ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები, დამტვირთავი, გადმომტვირთავი, შემვსები და დამცლელი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყო