1. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინადადებით.
2. კონკურსანტებს განცხადების შესატანად ეძლევათ 2 კვირა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა იმართება არა უადრეს 3 კვირისა კონკურსის გამოცხადების დღიდან.
4. კონკურსი ტარდება გასაუბრების (ინტერვიუს) ან/და წერილობითი ტესტირების ფორმით, რომლის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითi განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა დანართითურთ;
დ) შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში;)
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული ანკეტა (დანართი №1);
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თ) უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
ი) არანაკლებ 2 რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. აკრძალულია სამდივნოს მიერ არასრულყოფილი დოკუმენტების მიღება.
7. სამდივნოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების მიღების შემდგომ კონკურსანტზე გაიცემა სარეგისტრაციო ბარათი, რომელზეც მიეთითება კონკურსანტის სახელი და გვარი, სარეგისტრაციო ნომერი (კონკურსანტის ინდივიდუალური ნომერი), ვაკანტური თანამდებობის სრული დასახელება, წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი, საგამოცდო ფურცლის გაცემის ვადა და დადასტურდება სამდივნოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
8. სამდივნო სარეგისტრაციო ბარათის წარდგენის საფუძველზე გასცემს კონკურსანტის ფოტოსურათიან საგამოცდო ფურცელს, რომელზეც აღინიშნება: კონკურსანტის სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული ნომერი (კონკურსანტის ინდივიდუალური ნომერი), კონკურსანტის სახელი და გვარი, ვაკანტური თანამდებობის სრული დასახელება, ტესტირების ჩატარების თარიღი და ადგილი, ტესტირებაზე გამოცხადების დრო, ტესტირების პირობები და აკრძალვები. საგამოცდო ფურცელი დასტურდება სამდივნოს უფლებამოსილი წევრის ხელმოწერით