1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 3 კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის წესით, კანდიდატების დაუსწრებლად.
6. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
7. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კომისია წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს მის წარდგენაზე.
8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მათ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.
9. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე