1. უფლებამოსილი პირი ინსპექტირებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებითა და პირობებით, ამ წესითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ინსპექტირების პროცესში, უფლებამოსილმა პირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი.
2. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს მატარებლის მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) შესაბამისი პირებისგან და ორგანოსაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინსპექტირების განხორციელებისთვის;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით, ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება;
დ) შევიდეს ინსპექტირების ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს მატარებლის მემანქანის საქმიანობას, სასერტიფიკატო სწავლების/გამოცდის მიმდინარეობას ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი;
ე) გაეცნოს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს;
ვ) ინსპექტირების ობიექტს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების მიცემა ან გაესაუბროს მათ მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე;
ზ) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები;
თ) ინსპექტირების პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ი) ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ვიდეოაუდიო ფიქსაცია;
კ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ლ) ისეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სარკინიგზო უსაფრთხოებას, დაუყონებლივ მოსთხოვოს მყისიერი რეაგირება ინსპექტირების ობიექტს;
მ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები;
ბ) ინსპექტირება განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით;
გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება;
დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს, მისი სახელით გასაგზავნ კორესპონდენციას, მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათ