1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელო-სახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად;
ბ) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ გაწეული ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო (სატელეფონო) კავშირით მომსახურება;
გ) ანგარიში – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით მიწოდებული ანგარიში გასულ საანგარიშო თვეს მის და/ან სხვა მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების სახის (მათ შორის სააბონენტო გადასახდელი, წუთობრივი მომსახურების საფასური ან/და სხვა გაწეული მომსახურების) საფასურის, მისი გადახდის ვადისა და საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) მითითებით.
დ) განვადება – წერილობითი შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიმდინარე მომსახურების ანგარიშის გადახდის გადავადებისა და შეთანხმებული გრაფიკით გადახდის შესახებ;
ე) გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ძირითადი მომსახურების გარდა შეთავაზებული სხვა მომსახურება;
ვ) დეპოზიტი – მომხმარებლის მიერ მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხული განსაზღვრული თანხა;
ზ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ადგილობრივი, საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო კავშირითა და ინტერნეტით მომსახურება, ასევე გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
თ) მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
ი) მომსახურების შეზღუდვა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდული პირობებით მიწოდება (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირთან დაშვების შეზღუდვა, შემომავალი ზარის შეზღუდვა, გამავალი ზარის შეზღუდვა და სხვ.), რა დროსაც დაუშვებელია საგანგებო ნომრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
კ) მომსახურების შეწყვეტა – მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, ამ რეგლამენტის შესაბამისად, რა დროსაც მომხმარებელს ერთმევა საშუალება ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნომრით;
ლ) მომხმარებელი – ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე;
მ) პერსონალური ინფორმაცია – ინფორმაცია მომხმარებლის ვინაობის, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართის, ტელეფონის ნომრის, მიღებული მომსახურებისა და გადახდის შესახებ;
ნ) სააბონენტო გადასახდელი – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სატელეფონო (სააბონენტო) ხაზით უზრუნველყოფის ყოველთვიური ერთჯერადი გადასახდელი;
ო) საგანგებო ნომრები – სახანძრო დახმარების, პოლიციის, სასწრაფო დახმარების, გაზის საავარიო დახმარების სატელეფონო ნომრები;
პ) სადავო ანგარიში – ანგარიში, რომლის გადახდაზეც უარს აცხადებს მომხმარებელი და სადავოს ხდის მას;
ჟ) სადემარკაციო წერტილი – წერტილი, სადაც ხდება მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ვალდებულებების გამიჯვნა;
რ) საჩივარი – მომხმარებლის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის, კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის წარდგენილი წერილობითი განცხადება მომსახურების გაწევისას დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით;
ს) სატარიფო გეგმა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ დამტკიცებული ტარიფების ნუსხა;
ტ) ტარიფი – მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეზე დადგენილი საფასური;
უ) უნებართვო ჩართვა – მესამე პირის მიერ მომხმარებლისათვის გამოყოფილი სააბონენტო ხაზით მისი ნებართვის გარეშე სარგებლობა;
ფ) შეტყობინება – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის წერილობითი, სატელეფონო (ტელეფონოგრამა) ან საჯაროდ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ქ) შეღავათი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისათვის დადგენილი შეღავათები მომსახურების მიწოდების ან საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
ღ) ხარისხიანი მომსახურება – მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
ყ) ხელშეკრულება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება მომსახურების შესახებ) – შეთანხმება (ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების თაობაზე – ყოველთვის წერილობითი ფორმის შეთანხმება) მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე, მის ხარისხზე, მომსახურების ტარიფზე და სხვა პირობებზე;
შ) წუთობრივი მომსახურების საფასური – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული წუთობრივი მომსახურების საფასური.
თავი II
ინფორმაცი