სავალდებულო დაზღვევა
1. თუ მგზავრები გადაჰყავს მხარე-სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემს, რომელსაც გააჩნია თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანის ნებართვა და თუ გამოიყენება წინამდებარე კონვენცია, ნებისმიერი გადამყვან-გადამზიდველი, რომელიც ფაქტობრივად ასრულებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას ან მის ნაწილს, ვალდებულია განახორციელოს დაზღვევა, ან წარმოადგინოს სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, როგორიცაა ბანკის ან ანალოგიური ფინანსური დაწესებულების გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობას, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მგზავრების გარდაცვალებასთან ან ფიზიკურ დაზიანებასთან მიმართებაში. სავალდებულო დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის ზღვრული თანხა არ უნდა იყოს 250,000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები ერთ მგზავრზე, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის არსებობას, რომელიც ძალაშია წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, გაიცემა თითოეულ გემზე მას შემდეგ, რაც მხარე-სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო დაადგენს, შესრულდა თუ არა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მხარე-სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემზე ამგვარი სერტიფიკატი გაიცემა ან მოწმდება რეგისტრაციის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ; ხოლო იმ გემთან მიმართებაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული მხარე-სახელმწიფოში, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს ან დამოწმდეს ნებისმიერი მხარე-სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ. სერტიფიკატი შედგენილ უნდა იქნეს წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
(a) გემის სახელწოდება, ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი განმასხვავებელი ნიშნები და რეგისტრაციის ნავსადგური;
(b) გადამყვან-გადამზიდველის ძირითადი საწარმოს სახელწოდება და მისამართი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას ან მის ნაწილს;
(c) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიდენტიფიკაციო ნომერი;
(d) უზრუნველყოფის ტიპი და მოქმედების ვადა;
(e) დამზღვევის ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენი სხვა პირის ძირითადი საწარმოს სახელწოდება და მისამართი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – იმ საწარმოს მისამართი, რომელმაც განახორციელა დაზღვევა ან წარადგინა სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა; და
(f) სერტიფიკატის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის მოქმედების ვადას;
3. (а) მხარე-სახელმწიფომ შეიძლება მის მიერ აღიარებულ დაწესებულებას ან ორგანიზაციას მიანიჭოს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება. ამგვარი დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ სახელმწიფოს აცნობებს თითოეული სერტიფიკატის გაცემის შესახებ. ყველა შემთხვევაში, მხარე-სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამგვარად გაცემული სერტიფიკატის სისრულესა და სიზუსტეს და მიიღებს აუცილებელ ზომებს ამ ვალდებულების შესრულების მიზნით.
(b) მხარე-სახელმწიფო გენერალურ მდივანს აცნობებს:
i) მის მიერ აღიარებული დაწესებულების ან ორგანიზაციის კონკრეტული ვალდებულებებისა და მათთვის გადაცემული უფლებამოსილების შესახებ;
ii) ამგვარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; და
iii) ამგვარი უფლებამოსილების, ან მისი შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
მინიჭებული უფლებამოსილება ძალაში შევა არა უადრეს სამი თვისა გენერალური მდივნისთვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდების დღიდან.
(c) დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც, წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატები, უნდა სარგებლობდეს ამგვარი სერტიფიკატების სულ მცირე უკან გამოხმობის უფლებამოსილებით, თუ არ სრულდება მათი გაცემის პირობები. ნებისმიერ შემთხვევაში, დაწესებულება ან ორგანიზაცია, ამგვარი უკან გამოხმობის შესახებ აცნობებს იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც გაიცა სერტიფიკატი.
4. სერტიფიკატი შედგენილ უნდა იქნეს მისი გამცემი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე. თუ ამ ენას არ წარმოადგენს ინგლისური, ფრანგული ან ესპანური, ტექსტს თან დაერთვის თარგმანი ერთ-ერთ ამ ენაზე, ხოლო თუ სახელმწიფო ასე გადაწყვეტს, ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენა შეიძლება საერთოდ არ იქნეს გამოყენებული.
5. სერტიფიკატი განთავსდება გემის ბორტზე, ხოლო მისი ასლი შესანახად გადაეცემა იმ ორგანოს, რომელიც აწარმოებს გემის რეესტრს, ან, თუ გემი რეგისტრირებული არაა მხარე-სახელმწიფოში – იმ სახელმწიფოს ორგანოს, სადაც გაიცემა ან მოწმდება სერტიფიკატი.
6. დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, თუ მას შეიძლება მოქმედება შეუწყდეს რაიმე სხვა მიზეზით, გარდა სერტიფიკატში მითითებული დაზღვევის ან უზრუნველყოფის ვადის გასვლისა, სამი თვის ამოწურვამდე იმ დღიდან, როდესაც მოქმედების შეწყვეტის შესახებ ეცნობა მე-5 პუნქტში მითითებულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატი ჩაჰბარდა ამ ორგანოს, ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაიცა ახალი სერტიფიკატი. წინა დებულებები ანალოგიური წესით გამოიყენება ნებისმიერი ცვლილების მიმართ, რომლის შედეგადაც დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა ვეღარ აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს.
7. გემის რეგისტრაციის სახელმწიფო განსაზღვრავს სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების პირობებს, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად.
8. წინამდებარე კონვენციის არც ერთი პუნქტი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს მხარე-სახელმწიფოს დაეყრდნოს სხვა სახელმწიფოების, ან ორგანიზაციის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებულ ინფორმაციას იმ პირთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებმაც წარადგინეს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის. ამგვარ შემთხვევებში, მხარე-სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა ამგვარ ინფორმაციას, არ თავისუფლდება თავისი პასუხისმგებლობისგან, როგორც სახელმწიფო, რომელმაც გასცა სერტიფიკატი.
9. სერტიფიკატები, რომლებიც გაიცა ან დამოწმდა მხარე-სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებში, აღიარებულ იქნება სხვა მხარე-სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის და სხვა მხარე-სახელმწიფოების მიერ ჩაითვლება იმავე ძალის მქონედ, როგორიც აქვს მათ მიერ გაცემულ ან დამოწმებულ სერტიფიკატებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი გაცემული ან დამოწმებულია იმ გემთან მიმართებაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული მხარე-სახელმწიფოში. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს კონსულტაციისთვის მიმართოს სახელმწიფოს, რომელმაც გასცა ან დაამოწმა სერტიფიკატი, თუ ის თვლის, რომ სადაზღვევო სერტიფიკატში მითითებულ დამზღვევს ან გარანტორს არ გააჩნია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფინანსური შესაძლებლობა.
10. ნებისმიერი მოთხოვნა კომპენსაციაზე, რომელსაც, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ითვალისწინებს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა შეიძლება პირდაპირ წარედგინოს დამზღვევს ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენ ნებისმიერ სხვა პირს. ამ შემთხვევაში პირველ პუნქტში მითითებული თანხა გამოიყენება როგორც დამზღვევის ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენი ნებისმიერი სხვა პირის ზღვრული პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადამყვან-გადამზიდველს ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს არ გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობის შეზღუდვის უფლება. მოპასუხეს ასევე შეუძლია წარმოადგინოს დაცვის იგივე არგუმენტები (გარდა გაკოტრების ან ლიკვიდაციისა), რომელთა წარმოდგენის უფლებაც ექნებოდა პირველ პუნქტში მითითებულ გადამყვან-გადამზიდველს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. გარდა ამისა, მოპასუხის დაცვის არგუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ ზარალი დადგა დაზღვეული პირის განზრახ არამართლზომიერი ქცევის შედეგად, მაგრამ მას არ შეუძლია გამოიყენოს დაცვის რაიმე სხვა საშუალება, რომლის გამოყენების უფლებაც მას ექნებოდა დაზღვეული პირის მიერ მის წინააღმდეგ აღძრულ პროცესში. მოპასუხეს ნებისმიერ შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს პროცესში გადამყვან-გადამზიდველისა და ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის ჩართვა.
11. დაზღვევით ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფით გათვალისწინებული ნებისმიერი თანხა, როგორც ეს მითითებულია პირველ პუნქტში, ექსკლუზიურად გამოიყენება წინამდებარე კონვენციის ფარგლებში წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, და ამ თანხიდან განხორციელებული ნებისმიერი გადახდა ფარავს წინამდებარე კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებას გადახდილი თანხის მოცულობით.
12. მხარე-სახელმწიფო არ გასცემს ნებართვას მისი დროშის ქვეშ მცურავი იმ გემის ექსპლუატაციაზე, რომლის მიმართაც გამოიყენება წინამდებარე მუხლი, თუ მასზე გაცემული არ არის სერტიფიკატი მე-2 ან მე-15 მუხლების შესაბამისად.
13. წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, პირველ პუნქტში მითითებული მოცულობით, მოქმედებდეს ნებისმიერ იმ გემთან მიმართებაში, რომელსაც გააჩნია თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანის ნებართვა, სადაც არ უნდა იყოს ის რეგისტრირებული, მის ტერიტორიაზე მოქმედ ნავსადგურში შესვლისას ან იქიდან გასვლისას.
14. მე-5 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მხარე-სახელმწიფოს შეუძლია გენერალურ მდივანს აცნობოს, რომ, მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, იმ გემებისთვის, რომლებიც შედიან მის ტერიტორიაზე მოქმედ ნავსადგურში ან ტოვებენ მათ, სავალდებულო არ არის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის ბორტზე ქონა ან მისი წარმოდგენა, იმ პირობით, თუ სერტიფიკატის გამცემმა მხარე-სახელმწიფომ გენერალურ მდივანს აცნობა იმის შესახებ, რომ ის რეესტრს აწარმოებს ელექტრონული ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მხარე-სახელმწიფოსთვის და რომელიც ადასტურებს ასეთი სერტიფიკატის არსებობას და შესაძლებლობას აძლევს მხარე-სახელმწიფოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მე-13 პუნქტის შესაბამისად.
15. თუ მხარე-სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გემთან მიმართებაში არ მოქმედებს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, ამ მუხლის შესაბამისი დებულებები არ გავრცელდება ამ გემზე, მაგრამ ამ გემს უნდა გააჩნდეს სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია გემის რეგისტრაციის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ და რომელიც ადასტურებს, რომ გემი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საკუთრებას და რომ პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში. ამგვარი სერტიფიკატი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული მე-2 მუხლში აღწერილ მოდელთა