1. საზღვაო ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალებით ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით გამოწვეულ ზარალზე გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მგზავრთან მიმართებაში თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამდგარი ზარალის მოცულობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250,000 საანგარიშო ერთეულს, თუ გადამყვან-გადამზიდველი არ დაამტკიცებს, რომ ეს ინციდენტი:
(a) წარმოადგენს ომის, საბრძოლო მოქმედებების, სამოქალაქო ომის, ამბოხების ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი ხასიათის სტიქიური მოვლენის შედეგს; ან
(b) მთლიანად გამოწვეულია მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვასაც წარმოადგენდა აღნიშნული ინციდენტის გამოწვევა.
თუ, და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ზარალი გადააჭარბებს ზემოთ დადგენილ ზღვარს, გადამყვან-გადამზიდველს ასევე დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, არ ყოფილა გამოწვეული გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით.
2. იმ ზარალისთვის, რომელიც დადგა მგზავრის გარდაცვალების ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად, რომელიც არ არის გამოწვეული საზღვაო ინციდენტით, გადამყვან-გადამზიდველს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, გამოწვეულია გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. ბრალის ან გაუფრთხილებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
3. იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია კაიუტის ბარგის დაკარგვამ ან დაზიანებამ, გადამყვან-გადამზიდველს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, გამოწვეულია გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. გადამყვან-გადამზიდველის ბრალი ან გაუფრთხილებლობა ივარაუდება საზღვაო ინციდენტით გამოწვეული ზარალის შემთხვევაში.
4. იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია ბარგის, გარდა კაიუტის ბარგისა, დაკარგვამ ან დაზიანებამ, პასუხისმგებლობა დაეკისრება გადამყვან-გადამზიდველს, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, არ არის გამოწვეული გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
(a) „საზღვაო ინციდენტი“ ნიშნავს გემის ჩაძირვას, გადაყირავებას, შეჯახებას ან მეჩეჩზე დაჯდომას, გემზე მომხდარ აფეთქებას ან ხანძარს, ან გემის რაიმე ხარვეზს;
(b) „გადამყვან-გადამზიდველის ბრალი ან გაუფრთხილებლობა“ მოიცავს გადამყვან-გადამზიდველის მოხელეთა ბრალს ან გაუფრთხილებლობას, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში“;
(c) „გემის ხარვეზი“ ნიშნავს გემის ან მისი აღჭურვილობის ნებისმიერი ნაწილის ნებისმიერ გაუმართაობას, შეფერხებულ ფუნქციონირებას ან უსაფრთხოების მოქმედ წესებთან შეუსაბამობას, როდესაც ის გამოიყენება საავარიო გაღწევის, ევაკუაციის, მგზავრების ჩასხმის ან გადმოსხმის; ან მოძრაობაში მოყვანის, მართვის, უსაფრთხო ნავიგაციის, გემსაბმელებით მიბმის, ღუზაზე დადგომის, ნავმისადგომზე ან ღუზასადგომზე შესვლის ან იქიდან გამოსვლის, დატბორვის შემდეგ ზიანის შედეგების ლიკვიდაციის; ან მაშველი საშუალებების წყალში გაშვების მიზნით; და
(d) „ზარალი“ არ მოიცავს ფინანსური სანქციებით ან ჯარიმებით მიყენებულ ზარალს.
6. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა, წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ვრცელდება მხოლოდ იმ ზარალზე, რომელიც წარმოიშვა გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში მომხდარი ინციდენტების შედეგად. მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, რომ ზარალის გამომწვევ ინციდენტს ადგილი ჰქონდა გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში, ასევე მიყენებული ზარალის მოცულობა.
7. წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ნებისმიერ მესამე მხარესთან მიმართებაში გადამყვან-გადამზიდველის რეგრესის უფლებას, ან დაცვის არგუმენტად მგზავრის დაუდევრობის მოყვანას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლით. წინამდებარე კონვენციის არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის პასუხისმგებლობის შეზღუდვის უფლების გამოყენებას წინამდებარე კონვენციის მე-7 ან მე-8 მუხლების შესაბამისად.
8. რომელიმე მხარის ბრალის, ან გაუფრთხილებლობის ვარაუდი, ან რომელიმე მხარისთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება ხელს არ უნდა უშლიდეს ამ მხარის სასარგებლოდ მტკიცებულებათა განხილვა