1. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას და ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნას, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე და მათ მემკვიდრე/ბენეფიციარებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას, ყველა სარგებლის დროული გადახდის პრინციპის დაცვით;

დ) ამზადებს და ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო ფონდის საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმას მიმდინარე წლისთვის;

ე) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის წლიურ არააუდირებულ ფინანსურ ანგარიშს;

ვ) კანონით განსაზღვრულ ვადაში, ყოველწლიურად, ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტისათვის მმართველობითი საბჭოს მიერ წარსადგენად ამზადებს საპენსიო ფონდის საქმიანობის წლიურ ანგარიშს;

ზ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მმართველობით საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტს შემოსავლების სამსახურთან ერთად;

თ) მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს მიერ განსახილველად და დასამტკიცებლად ამზადებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას;

ი) მონაწილეობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასების პროცესში. ასევე, აღნიშნული შეფასების პროცესში ახდენს კონსოლიდაციას სხვა აღმასრულებელი დირექტორების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასებებს, რის შემდეგაც ამზადებს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტისთვის წარსადგენად და განსახილიველად და შემდგომ მმართველობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებლად;

კ) მმართველობითი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს წინაშე წარადგენს ანგარიშებს;

ლ) მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს:

ლ.ა) საპენსიო ფონდის დეპარტამენტების დებულებებს;

ლ.ბ) საპენსიო ფონდის ეთიკის კოდექსს;

ლ.გ) სხვა საჭირო შიდა დოკუმენტებს;

მ) ახორციელებს ყველა დოკუმენტის შენახვასა და აღრიცხვას;

ნ) აფორმებს ხელშეკრულებებს:

ნ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასა (კომპანიებსა) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან;

ნ.ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ან დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარიზაციისა და წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან ან სხვა ნებისმიერ პირთან;

ნ.გ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისათვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;

ნ.დ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის/განკარგვის თაობაზე;

ო) ხსნის საბანკო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში საპენსიო ფონდის ადმინისტრირება-მართვის მიზნებისთვის, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევამდე ნომინალური მფლობელობის ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში, საპენსიო აქტივების განთავსებისა და მართვის მიზნით;

პ) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

ჟ) განიხილავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევის საკითხებზე.

2. გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მართვასთან დაკავშირებული ჩანაწერების აღრიცხვასა და შენახვას, რაც მოიცავს ყველა შემოსავლისა და გასავლის, საპენსიო განაცხადების და მათი განხილვის, განხორციელებული ინვესტიციების, მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმების და კორესპონდენციის ჩანაწერებს და სხვა. ჩანაწერის განადგურება შესაძლებელია მხოლოდ მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერის შექმნიდან გასულია არანაკლებ 10 (ათი) წელი. ამავდროულად, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებთან დაკავშირებული ჩანაწერები ან მათი ელექტრონული ასლები, რომლებიც ადასტურებს პენსიის გაცემის უფლებას ბენეფიციარისათვის (მონაწილე და მემკვიდრე) შენახული უნდა იქნეს განუსაზღვრელი ვადით.

3. გენერალურ დირექტორს ჰყავს არაუმეტეს 2 (ორი) მოადგილე, რომელთაც თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. გენერალური დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

4. თუ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი მმართველობითი საბჭოს მიერ, მოქმედი გენერალური დირექტორი აგრძელებს დროებით უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით.

5. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში,   ბრძანების საფუძველზე, საპენსიო ფონდის ფარგლებში, კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ შექმნას საკონსულტაციო საბჭო.

6. თუ კანონით, რეგულაციით, დებულებით ან მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტით (პოლიტიკით) სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს და გააფორმოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში გენერალური დირექტორი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს მმართველობით საბჭოსთან მის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტებ