1. ნებისმიერ ეტაპზე მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სასარგებლო, დროული, სათანადო, ნათელი, სიმართლესთან შესაბამისი და უნდა იწვევდეს მოსახლეობის ნდობას.
2. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მათთვის გასაგებ ენაზე.
3. პასუხისმგებელმა სუბიექტებმა პერიოდულად უნდა განაახლონ მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ეფექტიანობის თვალსაზრისით.
4. მოსახლეობის ინფორმირება, ეფექტიანობის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოცემებით, სპეციალური ლიტერატურით, სარეკლამო პროდუქციით, თემატური გამოფენების, ჩვენებებისა და კონფერენციების მოწყობითა და მოსახლეობის ინფორმირების სხვა ფორმებით.
5. პასუხისმგებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების ხელმისაწვდომობა, ზემოხსენებული საშუალებების წყობიდან გამოსვლის ან რაიმე მიზეზით გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში.
6. პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია კოორდინირებული უნდა იყოს რეაგირებაში ჩართულ ყველა სუბიექტთან.
7. კომუნიკაციის ჩვეულებრივი და ალტერნატიული საშუალებების დამკვიდრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის საკითხი.
8. უნდა განხორციელდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისა და დამცავი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი. არასწორი ინფორმაციის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოსახლეობას უნდა მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია.
9. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისათვის.
10. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირებაზე პასუხისმგებელმა სუბიექტებმა შეიძლება მოითხოვონ მოსახლეობისაგან ინფორმაციის მიწოდება გარკვეულ გარემოებებში, საჭიროების შემთხვევაში.
11. მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირებისათვის, მათთვის ნაცნობი ტერმინების გამოყენებით, ბირთვული და რადიოლოგიური მოვლენების უსაფრთხოების მნიშვნელობის განსასაზღვრად გამოყენებული უნდა იქნეს ბირთვული და რადიოლოგიური მოვლენების საერთაშორისო შკალა International Nuclear Event Scale (შემდგომში − INES შკალა). INES შკალა არ უნდა იქნეს გამოყენებული ავარიული რეაგირების დაგეგმვისათვის. INES შკალის მიხედვით, მოვლენების კლასიფიცირება განსაზღვრულია დანართ №7-ით – „ბირთვული და რადიოლოგიური მოვლენების საერთაშორისო შკალა (International Nuclear Event Scale)