პრეამბულის მე-10 პუნქტისა და პირველი მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო დაადგენს, რომ საქმე დაუშვებელია, თუ:

საქმეს იძიებს ან სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს მასზე იურისდიქცია, თუ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია რეალურად განახორციელოს გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა;

საქმე გამოიძია სახელმწიფომ, რომელსაც აქვს მასზე იურისდიქცია და ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება გამოწვეული არ იყო სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურად განხორციელების სურვილის არქონით ან შეუძლებლობით;

შესაბამისი პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც არის საჩივრის საგანი, და სასამართლოს მიერ მისი გასამართლება არ არის ნებადართული მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით;

საქმე არ არის საკმარისი სიმძიმის, რათა გაამართლოს სასამართლოს შემდგომი რეაგირება.

კონკრეტულ საქმეში სურვილის არქონის დასადგენად, სასამართლო, სათანადო სასამართლო პროცესის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, განიხილავს, შესაბამის შემთხვევაში, არსებობს თუ არა შემდეგი პირობებიდან ერთი ან მეტი:

სამართალწარმოება მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს, ან ეროვნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი პირის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი მე-5 მუხლში მითითებული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვის მიზნით;

სამართალწარმოებაში ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც, კონკრეტულ გარემოებებში, შეუსაბამოა შესაბამისი პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის განზრახვასთან;

სამართალწარმოება არ მიმდინარეობდა ან არ მიმდინარეობს დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად და ის მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს იმგვარად, რომ, კონკრეტულ გარემოებებში. შეუსაბამოა შესაბამისი პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის განზრახვასთან.

კონკრეტულ საქმეში შეუძლებლობის დასადგენად, სასამართლო განიხილავს, ეროვნული სასამართლო სისტემის სრული ან არსებითი კოლაფსის ან მისი მიუწვდომლობის გამო, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ბრალდებულის დაკავება ან საჭირო მტკიცებულებებისა და ჩვენებების მოპოვება, ან სხვაგვარად ხომ არ არის მოკლებული საკუთარი სამართალწარმოების განხორციელების შესაძლებლობა