[საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან]

სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე მე-13 მუხლის (a) და (c) პუნქტების შესაბამისად, წინამდებარე მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ოცდაათი მხარე სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილებების რატიფიცირებიდან ან მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

სასამართლომ აგრესიის დანაშაულზე იურისდიქცია უნდა განახორციელოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წესდების ცვლილების დასამტკიცებლად საჭირო რაოდენობის მხარე სახელმწიფოების მიერ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

სასამართლოს, მე-12 მუხლის შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, რომელიც გამომდინარეობს მხარე სახელმწიფოს მიერ ჩადენილი აგრესიის აქტიდან, თუ ამ მხარე სახელმწიფომ, რეგისტრატორთან განცხადების წარდგენით, მანამდე არ განაცხადა, რომ არ აღიარებს ასეთ იურისდიქციას. ასეთი დეკლარაცია შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს და მისი გაუქმება მხარე სახელმწიფომ უნდა განიხილოს სამი წლის განმავლობაში.

იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე, სასამართლომ არ უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, როდესაც ის ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ან თავის ტერიტორიაზე.

როდესაც პროკურორი დაასკვნის, რომ აგრესიის დანაშაულის მიმართ არსებობს გამოძიების დაწყების გონივრული საფუძველი, იგი, პირველ რიგში, აფასებს, დაადგინა თუ არა უშიშროების საბჭომ შესაბამისი სახელმწიფოს მიერ აგრესიის აქტის ჩადენა. პროკურორი შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სასამართლოში არსებული სიტუაციის, მათ შორის, ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტის შესახებ.

თუ უშიშროების საბჭომ ამგვარად დაადგინა, პროკურორს შეუძლია გამოძიების დაწყება აგრესიის დანაშაულის მიმართ.

თუ ამგვარად არ დადგინდა შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში, პროკურორს შეუძლია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, იმ პირობით, რომ წინასასამართლო განყოფილებამ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით გასცა გამოძიების დაწყების ნებართვა მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და უშიშროების საბჭოს არ მიუღია სხვაგვარი გადაწყვეტილება მე-16 მუხლის შესაბამისად.

სასამართლოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ აგრესიის აქტის დადგენა გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ წინამდებარე წესდების შესაბამისად გაკეთებულ საკუთარ მიგნებებზე.

წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს მე-5 მუხლში მითითებულ სხვა დანაშაულებზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ დებულებებზ