სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, წინამდებარე წესდების შესაბამისად.

პირი, რომელიც ჩაიდენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს, პასუხისმგებელია ინდივიდუალურად და ექვემდებარება სასჯელს წინამდებარე წესდების შესაბამისად.

წინამდებარე წესდების შესაბამისად, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ექვემდებარება სასჯელს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის, თუ ეს პირი:

ჩაიდენს ასეთ დანაშაულს პირადად, სხვასთან ერთად თუ სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

გასცემს ბრძანებას, აქეზებს ან ახდენს ზეგავლენას ისეთი დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც ფაქტობრივად ხორციელდება ან რომლის ჩადენის მცდელობაც არსებობს;

ასეთი დანაშაულის ჩადენის ხელშეწყობის მიზნით, ეხმარება, ახალისებს ან სხვაგვარად უჭერს მხარს მის ჩადენას ან ჩადენის მცდელობას, მათ შორის, მისი ჩადენის საშუალებების უზრუნველყოფით;

ნებისმიერი სხვა ფორმით წვლილი შეაქვს საერთო მიზნით მოქმედ პირთა ჯგუფის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენაში ან ჩადენის მცდელობაში. ასეთი წვლილი უნდა იყოს განზრახი და უნდა განხორციელდეს:

ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის ან დანაშაულებრივი მიზნის ხელშეწყობის მიზნით, როდესაც ასეთი საქმიანობა ან მიზანი გულისხმობს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულის ჩადენას; ან

ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის განზრახვის შესახებ ცოდნით;

გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით, პირდაპირ და საჯაროდ აქეზებს სხვებს გენოციდის ჩადენისკენ;

ეცდება ასეთი დანაშაულის ჩადენას ისეთი მოქმედებით, რომლითაც არსებითად იწყება მისი აღსრულება, მაგრამ დანაშაული ვერ იქნა ჩადენილი პირის განზრახვისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო. თუმცა პირი, რომელიც უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად თავიდან აიცილებს დანაშაულის დასრულებას, არ დაეკისრება სასჯელი წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობისთვის, თუ ეს პირი სრულად და ნებაყოფლობით უარს იტყვის დანაშაულებრივ მიზანზე.

3bis. აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, წინამდებარე მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ისეთ პოზიციაში მყოფ პირთა მიმართ, რომლებიც ეფექტიანად ახორციელებენ კონტროლს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებაზე ან წარმართავენ მათ. [საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან]

წინამდებარე წესდების არცერთი დებულება, რომელიც ეხება ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ ახდენს გავლენას სახელმწიფოების პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვი