წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ სხვა საფუძვლებზე დამატებით, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ამ პირის ქმედების დროს:

პირი დაავადებულია მენტალური აშლილობით ან დარღვევით, რომელიც ამ პირს ართმევს უნარს, გააცნობიეროს თავისი ქმედების უკანონობა ან ხასიათი, ან უნარს, გააკონტროლოს თავისი ქმედება, რათა შეუსაბამოს სამართლის მოთხოვნებს;

პირი იმყოფება ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, რომელიც ანადგურებს მის უნარს, გააცნობიეროს თავისი ქმედების უკანონობა ან ხასიათი, ან უნარს, გააკონტროლოს თავისი ქმედება, რათა შეუსაბამოს სამართლის მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ნებაყოფლობით ჩაიყენა თავი ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ისეთ გარემოებებში, როდესაც პირმა იცოდა ან უგულებელყო რისკი, რომ ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ყოფნის შედეგად იგი სავარაუდოდ ჩაერთვებოდა ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს;

პირი მოქმედებს გონივრულად საკუთარი თავის ან სხვა პირის, ან, ომის დანაშაულის შემთხვევაში, ამ პირის ან სხვა პირისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის ქონების ან სამხედრო მისიის შესრულებისთვის აუცილებელი ქონების წინააღმდეგ მიმართული გარდაუვალი და უკანონო ძალის გამოყენებისგან დასაცავად, რაც პროპორციულია ამ პირის ან სხვა პირის ან დაცული ქონებისთვის საფრთხის ხარისხისა. ის ფაქტი, რომ პირი მონაწილეობდა ძალების მიერ ჩატარებულ თავდაცვით ოპერაციაში, თავისთავად არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ საფუძველს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად;

ქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს წარმოადგენს, ჩადენილია იძულებით, რაც გამოწვეულია ამ პირის ან სხვა პირის მიმართ გარდაუვალი სიკვდილის ან სხეულის განგრძობადი ან გარდაუვალი სერიოზული დაზიანების მუქარით და პირი მოქმედებს აუცილებლობით და გონივრულად ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ პირი არ აპირებს უფრო დიდი ზიანის გამოწვევას, ვიდრე ის, რომლის თავიდან აცილებაც სურდა. ასეთი საფრთხე შეიძლება:

მომდინარეობდეს სხვა პირებისგან; ან

გამოწვეული იყოს პირის კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით.

სასამართლო განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გამომრიცხველი საფუძვლების მის წინაშე არსებული საქმის მიმართ გამოყენების საკითხს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოს შეუძლია, რომ იმსჯელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამომრიცხველი საფუძვლისგან განსხვავებულ საფუძველზე, როდესაც ასეთი საფუძველი გამომდინარეობს 21-ე მუხლით გათვალისწინებული გამოსაყენებელი სამართლიდან. ასეთი საფუძვლის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით