მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში არის 18 მოსამართლე.
სასამართლოს სახელით მოქმედ პრეზიდიუმს შეუძლია წარადგინოს მოსამართლეების პირველ პუნქტში მითითებული რაოდენობის გაზრდის წინადადება და მიუთითოს მიზეზები, თუ რატომ ითვლება ეს აუცილებლად და მიზანშეწონილად. რეგისტრატორმა ასეთი წინადადება დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს.
ამის შემდეგ, ნებისმიერი ასეთი წინადადება განიხილება 112-ე მუხლის შესაბამისად მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე. წინადადება ჩაითვლება დამტკიცებულად, თუ მას სხდომაზე მხარს დაუჭერს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედი და ძალაში შევა მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრულ დროს.
მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება დამტკიცდება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებითი მოსამართლეები აირჩევიან მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის შემდეგ სესიაზე, მე-3 – მე-8 პუნქტებისა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება დამტკიცდება და ძალაში შევა (b) ქვეპუნქტისა და (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეზიდიუმს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, თუ სასამართლოს სამუშაო დატვირთვა ამას ამართლებს, წარადგინოს წინადადება მოსამართლეთა რაოდენობის შემცირების თაობაზე იმ პირობით, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არ იქნება პირველ პუნქტში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები. წინადადება განიხილება (a) და (b) ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლეთა რაოდენობა ეტაპობრივად შემცირდება მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად, საჭირო რაოდენობის მიღწევამდე.
მოსამართლეები შეირჩევიან მაღალი მორალური თვისებების, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მქონე პირთაგან, რომლებიც ფლობენ თავიანთ სახელმწიფოებში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე დანიშვნისთვის საჭირო კვალიფიკაციას.
სასამართლოს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს:
უნდა ჰქონდეს აღიარებული კომპეტენცია მატერიალურ და საპროცესო სისხლის სამართალში და სისხლის სამართლის სამართალწარმოებისთვის საჭირო შესაბამისი გამოცდილება, როგორიცაა მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად ან სხვა მსგავსი უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობა; ან
უნდა ჰქონდეს აღიარებული კომპეტენცია საერთაშორისო სამართლის შესაბამის დარგებში, როგორიცაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი, და პროფესიული სამართლებრივი საქმიანობის ფართო გამოცდილება, რომელიც რელევანტურია სასამართლოს სამართლებრივი საქმიანობისთვის.
სასამართლოს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასამართლოს სამუშაო ენებიდან, სულ მცირე, ერთი ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად უნდა ფლობდეს მას.
სასამართლოს არჩევნებში კანდიდატების ნომინირება შეუძლია წინამდებარე წესდების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს და უნდა განხორციელდეს:
ან შესაბამის სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით კანდიდატების ნომინირების პროცედურის მიხედვით; ან
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრობის კანდიდატების წარდგენისათვის ამ სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
ნომინაციას თან უნდა ახლდეს განცხადება იმ აუცილებელი დეტალებით, რომელიც მიუთითებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში წარადგინოს ერთი კანდიდატი, რომელიც აუცილებელი არ არის, რომ იყოს ამ მხარე სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მხარე სახელმწიფოს მოქალაქე.
მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დააფუძნოს საკონსულტაციო კომიტეტი ნომინაციების შესახებ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის შემადგენლობას და მანდატს განსაზღვრავს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა.
არჩევნების მიზნებისათვის დგება კანდიდატთა ორი სია:
„A სია“, რომელიც შეიცავს მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების ვინაობებს; და
„B სია“, რომელიც შეიცავს მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების ვინაობებს.
ორივე სიისთვის საკმარისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატს შეუძლია აირჩიოს, რომელი სიით წარადგინოს კანდიდატურა. სასამართლოს პირველ არჩევნებზე, სულ მცირე, ცხრა მოსამართლე აირჩევა „A სიიდან“ და, სულ მცირე, ხუთი მოსამართლე „B სიიდან“. შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ სასამართლოში შენარჩუნდეს „A“ და „B“ სიებით კვალიფიცირებული მოსამართლეების ეკვივალენტური თანაფარდობა.
მოსამართლეები აირჩევიან ფარული კენჭისყრით, 112-ე მუხლის შესაბამისად, ამ მიზნით მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე. მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, სასამართლოში არჩეულ პირებად ჩაითვლება ის 18 კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობას.
იმ შემთხვევაში, თუ პირველივე კენჭისყრაზე ვერ აირჩა საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, შემდგომი კენჭისყრები ტარდება (a) ქვეპუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, დარჩენილი ადგილების შევსებამდე.
არ შეიძლება ორი მოსამართლე იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე. პირი, რომელიც სასამართლოს წევრობის მიზნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს ერთზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქედ, უნდა ჩაითვალოს იმ სახელმწიფოს მოქალაქედ, სადაც ეს პირი ჩვეულებრივ ახორციელებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.
მოსამართლეების არჩევისას, მხარე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ იმის საჭიროება, რომ სასამართლოს წევრების შემადგენლობაში უზრუნველყოფილი იყოს:
მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა;
სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა; და
ქალი და მამაკაცი მოსამართლეების სამართლიანი წარმომადგენლობა.
მხარე სახელმწიფოებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ კონკრეტულ საკითხებში, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ქალების ან ბავშვების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ექსპერტიზის მქონე მოსამართლეების მონაწილეობის აუცილებლობა.
(b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსამართლეები თანამდებობას იკავებენ ცხრა წლის ვადით და, (c) ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, არ აქვთ ხელახლა არჩევის უფლება.
პირველი არჩევნების დროს არჩეული მოსამართლეების ერთი მესამედი წილისყრით შეირჩევა სამი წლის ვადით განწესების მიზნით; არჩეული მოსამართლეების ერთი მესამედი წილისყრით შეირჩევა ექვსი წლის ვადით განწესების მიზნით; ხოლო დანარჩენი მოსამართლეები განწესდებიან ცხრა წლის ვადით.
მოსამართლე, რომელიც, (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, განწესდება სამი წლის ვადით, უფლებამოსილია, ხელახლა იქნეს არჩეული სრული ვადით.
მე-9 პუნქტის მიუხედავად, სასამართლო ან სააპელაციო პალატაში 39-ე მუხლის შესაბამისად განწესებული მოსამართლე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ნებისმიერი სასამართლო ან სააპელაციო პროცესის დასრულების მიზნით, რომლის განხილვაც უკვე დაიწყო ამ პალატაშ