მოსამართლეების არჩევის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, სასამართლო ორგანიზებული უნდა იქნეს 34-ე მუხლის (b) პუნქტში მითითებულ განყოფილებებად. სააპელაციო პალატა შედგება პრეზიდენტისგან და ოთხი სხვა მოსამართლისგან, სასამართლო განყოფილება შედგება არანაკლებ ექვსი მოსამართლისგან, ხოლო წინასასამართლო განყოფილება – არანაკლებ ექვსი მოსამართლისგან. მოსამართლეების განყოფილებებში განაწილება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული განყოფილების მიერ შესასრულებელი ფუნქციების ხასიათს და სასამართლოში არჩეული მოსამართლეების კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ისე, რომ თითოეულ განყოფილებაში წარმოდგენილი იყოს მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტიზის შესაბამისი კომბინაცია. სასამართლო და წინასასამართლო განყოფილებები ძირითადად დაკომპლექტდება იმ მოსამართლეებით, რომლებსაც აქვთ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება.

სასამართლოს სამართლებრივ ფუნქციებს თითოეულ განყოფილებაში ახორციელებენ პალატები.

მოსამართლის ჩანაცვლების საკითხისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“,სააპელაციო პალატა შედგება სააპელაციო განყოფილების ყველა მოსამართლისგან;

სასამართლო პალატის ფუნქციებს ასრულებს სასამართლო განყოფილების სამი მოსამართლე;

წინასასამართლო პალატის ფუნქციებს ასრულებს წინასასამართლო განყოფილების სამი მოსამართლე, ან ამ განყოფილების ერთი მოსამართლე, წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად;

წინამდებარე პუნქტში არაფერი უშლის ხელს ერთზე მეტი სასამართლო პალატის ან წინასასამართლო პალატის ერთდროულად შექმნას, როდესაც სასამართლოს სამუშაო დატვირთვის ეფექტიანი მართვა ამას მოითხოვს.

სასამართლო და წინასასამართლო განყოფილებებში განაწილებულმა მოსამართლეებმა ამ განყოფილებებში უნდა იმსახურონ სამი წლის ვადით და ამის შემდეგ იმ საქმის დასრულებამდე, რომლის განხილვაც უკვე დაწყებულია შესაბამის განყოფილებაში.

სააპელაციო განყოფილებაში განაწილებულმა მოსამართლეებმა ამ განყოფილებაში უნდა იმსახურონ თავიანთი უფლებამოსილების სრული ვადით.

სააპელაციო განყოფილებაში განაწილებულმა მოსამართლეებმა უნდა იმსახურონ მხოლოდ ამ პალატაში. თუმცა, წინამდებარე მუხლის არცერთი დებულება ხელს არ უშლის სასამართლო პალატიდან მოსამართლეების დროებით გადაყვანას წინასასამართლო პალატაში ან პირიქით, თუ პრეზიდიუმი მიიჩნევს, რომ ამას მოითხოვს სასამართლოს სამუშაო დატვირთვის ეფექტიანი მართვა, იმ პირობით, რომ მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინასასამართლო ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ იქნება უფლებამოსილი, იყოს ამ საქმის განმხილველი სასამართლო პალატის წევრ