მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, პირის სასამართლოსთვის გადაცემიდან ან სასამართლოში ნებაყოფლობით ან გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებიდან გონივრულ ვადაში, წინასასამართლო პალატამ უნდა ჩაატაროს მოსმენა იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს სასამართლო პროცესის დაწყებას. მოსმენა ტარდება პროკურორისა და ბრალდებული პირის, ასევე, მისი ადვოკატის თანდასწრებით.

წინასასამართლო პალატას, პროკურორის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლია, ბრალდებული პირის დაუსწრებლად ჩაატაროს მოსმენა იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს სასამართლო პროცესის დაწყებას, თუ პირმა:

უარი თქვა დასწრების უფლებაზე; ან

გაიქცა ან ვერ მიაკვლიეს და მიღებულია ყველა გონივრული ზომა სასამართლოში მისი გამოცხადების უზრუნველსაყოფად, პირის ინფორმირებისთვის ბრალდებებისა და იმის შესახებ, რომ ჩატარდება მოსმენა ამ ბრალდებების დადასტურების მიზნით.

ამ შემთხვევაში, პირს წარმოადგენს ადვოკატი, თუ წინასასამართლო პალატა დაადგენს, რომ ეს მართლმსაჯულების ინტერესებშია.

მოსმენამდე გონივრული ვადით ადრე, პირს:

უნდა გადაეცეს იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც შეიცავს ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს პირის სასამართლოში წარდგენას; და

უნდა ეცნობოს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც პროკურორი აპირებს მოსმენაზე.

წინასასამართლო პროცესის პალატას შეუძლია გასცეს ბრძანებები მოსმენის მიზნებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ.

მოსმენამდე პროკურორს შეუძლია გააგრძელოს გამოძიება და შეცვალოს ან გააუქმოს ნებისმიერი ბრალდება. პირს მოსმენამდე გონივრული ვადით ადრე უნდა ეცნობოს ბრალდებების ნებისმიერი ცვლილების ან გაუქმების შესახებ. ბრალდებების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი აცნობებს წინასასამართლო პალატას გაუქმების მიზეზების შესახებ.

მოსმენაზე პროკურორმა თითოეული ბრალდება უნდა გაამყაროს საკმარისი მტკიცებულებებით, რათა დადგინდეს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად წაყენებული დანაშაული. პროკურორს შეუძლია დაეყრდნოს დოკუმენტურ ან შემაჯამებელ მტკიცებულებებს და არ არის ვალდებული, გამოიძახოს მოწმეები, რომელთაგანაც მოსალოდნელია ჩვენების მიცემა სასამართლო პროცესზე.

მოსმენაზე პირს შეუძლია:

არ დაეთანხმოს ბრალდებებს;

სადავო გახადოს პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები; და

წარადგინოს მტკიცებულებები.

წინასასამართლო პალატა, მოსმენის საფუძველზე, ადგენს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დადგინდეს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად წაყენებული თითოეული დანაშაული. თავისი დასკვნის საფუძველზე, წინასასამართლო პალატა:

ადასტურებს იმ ბრალდებებს, რომლებთან დაკავშირებითაც დადგინდა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, და პირს გადასცემს სასამართლო პალატას, დადასტურებული ბრალდებების საფუძველზე გასამართლების მიზნით.

უარს ამბობს იმ ბრალდებების დადასტურებაზე, რომლებთან დაკავშირებითაც დადგინდა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები;

გადადებს სხდომას და მოსთხოვს პროკურორს, რომ განიხილოს:

კონკრეტული ბრალდების შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა ან შემდგომი გამოძიების ჩატარება; ან

ბრალდების შეცვლა იმის გამო, რომ წარდგენილი მტკიცებულებები, სავარაუდოდ, მიუთითებს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ სხვა დანაშაულზე.

თუ წინასასამართლო პალატა უარს იტყვის ბრალდების დადასტურებაზე, პროკურორს არ ეკრძალება შემდგომში მისი დადასტურების მოთხოვნა, თუ მოთხოვნას ამყარებს დამატებითი მტკიცებულებები.

ბრალდებების დადასტურების შემდეგ და სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორს შეუძლია, წინასასამართლო პალატის ნებართვით და ბრალდებულის შეტყობინების შემდეგ, ცვლილება შეიტანოს ბრალდებებში. თუ პროკურორი აპირებს დამატებითი ბრალდებების წარდგენას ან არსებულის უფრო მძიმე ბრალდებებით ჩანაცვლებას, ამ ბრალდებების დადასტურების მიზნით უნდა ჩატარდეს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მოსმენა. სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ, პროკურორს შეუძლია, სასამართლო პალატის ნებართვით გააუქმოს ბრალდებები.

ნებისმიერი ადრე გაცემული ორდერი კარგავს ძალას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ დადასტურდა წინასასამართლო პალატის მიერ ან რომლებიც გააუქმა პროკურორმა.

მას შემდეგ, რაც ბრალდებები დადასტურდება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, პრეზიდიუმი ქმნის სასამართლო პალატას, რომელიც, მე-9 პუნქტისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, პასუხისმგებელია შემდგომი სამართალწარმოების წარმართვაზე და შეუძლია განახორციელოს წინასასამართლო პალატის ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც შესაბამისია და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთ სამართალწარმოებაში.

ნაწილი 6. სასამართლო პროცე