გამოძიების დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს, წინასასამართლო პალატა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს პირის დაპატიმრების ორდერს, თუ შუამდგომლობისა და პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ან სხვა ინფორმაციის შესწავლის შემდეგ დარწმუნდება, რომ:

არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული; და

პირის დაპატიმრება აუცილებელია:

პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით;

იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირმა ხელი არ შეუშალოს ან საფრთხე არ შეუქმნას გამოძიებას ან სასამართლო პროცესს; ან

შესაბამის შემთხვევაში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ პირის მიერ ამ დანაშაულის ან ამ დანაშაულთან დაკავშირებული, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი და იმავე გარემოებებიდან წარმოშობილი დანაშაულის ჩადენის გაგრძელება.

პროკურორის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:

პირის სახელს და ნებისმიერ სხვა შესაბამის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;

კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება პირს;

ფაქტების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებს წარმოადგენს;

მტკიცებულებებისა და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შეჯამებას, რომელიც ქმნის გონივრულ საფუძვლებს ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ეს დანაშაულები; და

დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნევს პროკურორი, რომ აუცილებელია პირის დაკავება.

დაპატიმრების ორდერი უნდა შეიცავდეს:

პირის სახელს და ნებისმიერი სხვა შესაბამისი საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;

კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა გამო მოთხოვნილია პირის დაპატიმრება; და

ფაქტების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებს წარმოადგენს.

დაპატიმრების ორდერი ძალაში რჩება მანამ, სანამ სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს პირის დროებითი დაპატიმრება ან დაპატიმრება და გადაცემა მე-9 ნაწილის შესაბამისად.

პროკურორს შეუძლია წინასასამართლო პალატისგან მოითხოვოს, რომ შეიტანოს ცვლილება დაპატიმრების ორდერში მასში მითითებული დანაშაულების შეცვლით ან დამატებით. წინასასამართლო პალატამ ცვლილება უნდა შეიტანოს ორდერში, თუ დარწმუნდება, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა შეცვლილი ან დამატებული დანაშაულები.

დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის ალტერნატივად პროკურორს შეუძლია წარადგინოს შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვს, რომ წინასასამართლო პალატამ გასცეს გამოძახების უწყება პირის გამოცხადების მიზნით. თუ წინასასამართლო პალატა დარწმუნდება, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული და რომ გამოძახების უწყება საკმარისია პირის გამოცხადებისთვის, იგი, პირის სასამართლოში გამოცხადების მიზნით, გამოსცემს გამოძახების უწყებას, თავისუფლების შეზღუდვის პირობებით (გარდა დაკავებისა) ან მათ გარეშე, თუ ეს გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. გამოძახების უწყება უნდა შეიცავდეს:

პირის სახელს და ნებისმიერ სხვა შესაბამის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;

კონკრეტულ თარიღს, როდესაც პირი უნდა გამოცხადდეს;

კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება პირს; და

ფაქტების მოკლე აღწერას, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს დანაშაულს.

გამოძახების უწყება უნდა ჩაჰბარდესპირ