თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო პალატამ დაადგინოს:
ესმის თუ არა ბრალდებულს დანაშაულის აღიარების ხასიათი და შედეგები;
აღიარა თუ არა დანაშაული ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატთან საკმარისი კონსულტაციის შემდეგ; და
ამყარებს თუ არა დანაშაულის აღიარებას საქმის ფაქტები, რომლებიც მოცემულია:
პროკურორის მიერ წაყენებული და ბრალდებულის მიერ აღიარებულ ბრალდებებში;
პროკურორის მიერ წარდგენილ ნებისმიერ მასალაში, რომელიც ავსებს ბრალდებებს და რომელსაც ეთანხმება ბრალდებული; და
ნებისმიერ სხვა მტკიცებულებაში, როგორიცაა პროკურორის ან ბრალდებულის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები.
თუ სასამართლო პალატა დარწმუნდება, რომ პირველ პუნქტში მითითებული საკითხები დადასტურებულია, ის დანაშაულის აღიარებას, წარდგენილ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებასთან ერთად, განიხილავს, როგორც ყველა არსებითი ფაქტის დადგენას, რომელიც საჭიროა იმ დანაშაულის დასამტკიცებლად, რომელსაც უკავშირდება დანაშაულის აღიარება, და შეუძლია ბრალდებული მსჯავრდებულად ცნოს ამ დანაშაულში.
თუ სასამართლო პალატა არ არის დარწმუნებული, რომ პირველ პუნქტში მითითებული საკითხები დადასტურებულია, იგი ჩათვლის, რომ არ არსებობს დანაშაულის აღიარება, რა შემთხვევაშიც იგი გასცემს ბრძანებას სასამართლო პროცესის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის პროცედურების მიხედვით გაგრძელების შესახებ და შეუძლია, რომ საქმე გადასცეს სხვა სასამართლო პალატას.
თუ სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან, განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა საქმის ფაქტების უფრო სრულყოფილი წარდგენა, სასამართლო პალატას შეუძლია:
მოითხოვოს პროკურორისგან დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების წარდგენა; ან
გასცეს ბრძანება სასამართლო პროცესის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის პროცედურების მიხედვით გაგრძელების შესახებ, რა შემთხვევაშიც იგი ჩათვლის, რომ არ არსებობს დანაშაულის აღიარება და შეუძლია, რომ საქმე გადასცეს სხვა სასამართლო პალატას.
პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის ნებისმიერი განხილვა, რომელიც ეხება ბრალდებებში ცვლილების შეტანას, დანაშაულის აღიარებას ან შესაფარდებელ სასჯელს, სავალდებულო არ არის სასამართლოსთვი