სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დაზარალებულთა და მოწმეთა უსაფრთხოების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი ფაქტორი, მათ შორის, ასაკი, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენდერი, ჯანმრთელობა და დანაშაულის ხასიათი, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, როდესაც დანაშაული მოიცავს სქესობრივ ან გენდერულ ძალადობას ან ძალადობას ბავშვების მიმართ. პროკურორმა ასეთი ზომები განსაკუთრებით უნდა მიიღოს ასეთი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროს. ეს ზომები არ უნდა იყოს ზიანის მომტანი ან შეუსაბამო ბრალდებულის უფლებებთან და სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესთან.

67-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსმენების პრინციპიდან გამონაკლისის სახით, სასამართლოს პალატებს შეუძლიათ, დაზარალებულებისა და მოწმეების ან ბრალდებულის დასაცავად, სამართალწარმოების ნებისმიერი ნაწილი ჩაატაროს დახურულ სხდომაზე ან გასცეს მტკიცებულებების ელექტრონული ან სხვა სპეციალური საშუალებებით წარდგენის ნებართვა. ასეთი ზომები განსაკუთრებით უნდა იქნეს გამოყენებული სქესობრივი ძალადობის მსხვერპლის ან მსხვერპლი ან მოწმე ბავშვის შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარად არ დაადგენს ყველა გარემოების, განსაკუთრებით, დაზარალებულის ან მოწმის შეხედულებების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გავლენას ახდენს დაზარალებულთა პირად ინტერესებზე, სასამართლომ უნდა გასცეს ნებართვა, რომ მათი მოსაზრებები და პრეტენზიები წარდგენილ და განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად მიჩნეულ სამართალწარმოების ეტაპებზე, ისეთი ფორმით, რომ არ დაზიანდეს ბრალდებულის უფლებები და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი, ან ეს არ ეწინააღმდეგებოდეს მათ. ასეთი მოსაზრებები და პრეტენზიები შეიძლება წარადგინოს დაზარალებულთა კანონიერმა წარმომადგენლებმა, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.

დაზარალებულთა და მოწმეთა განყოფილებას შეუძლია, რომ პროკურორსა და სასამართლოს რეკომენდაციები მისცეს შესაბამისი დამცავი ზომების, უსაფრთხოების ზომების, სამართლებრივი წარმომადგენლობისა და დახმარების შესახებ, როგორც ეს მითითებულია 43-ე მუხლის მე-6 პუნქტში.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესდების შესაბამისად მტკიცებულებების ან ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოწმის ან მისი ოჯახის უსაფრთხოებას, პროკურორს შეუძლია, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩატარებული ნებისმიერი სამართალწარმოების მიზნებისთვის, არ გაამჟღავნოს ასეთი მტკიცებულებები ან ინფორმაცია და მათ ნაცვლად ისინი წარადგინოს შემაჯამებელი სახით. ასეთი ზომები ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ არ დაზიანდეს ბრალდებულის უფლებები და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი და არ ეწინააღმდეგებოდეს მათ.

სახელმწიფოს შეუძლია, მოითხოვოს აუცილებელი ზომების მიღება მისი თანამშრომლების ან წარმომადგენლების და კონფიდენციალური ან მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნი