წინამდებარე მუხლი გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ინფორმაციის ან დოკუმენტების გამჟღავნება, ამ სახელმწიფოს შეფასებით, ზიანს მიაყენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ასეთად ჩაითვლება შემთხვევები, რომლებიც ექცევა 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 87-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 93-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში, ასევე – სამართალწარმოების ნებისმიერ სხვა ეტაპზე წარმოშობილი შემთხვევები, როდესაც შეიძლება წამოიჭრას ასეთი გამჟღავნების საკითხი.
წინამდებარე მუხლი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც მოსთხოვეს ინფორმაციის ან მტკიცებულების მიწოდება, უარს ამბობს ამის გაკეთებაზე, ან საკითხი გადასცა სახელმწიფოს იმ საფუძვლით, რომ გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და შესაბამისი სახელმწიფო ადასტურებს, რომ მისი შეფასებით, გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
წინამდებარე მუხლში არაფერი ახდენს გავლენას 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის (e) და (f) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის მოთხოვნებზე ან 73-ე მუხლის გამოყენებაზე.
თუ სახელმწიფო შეიტყობს, რომ სახელმწიფოს ინფორმაცია ან დოკუმენტები მჟღავნდება ან, სავარაუდოდ, გამჟღავნდება სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე და მას მიაჩნია, რომ გამჟღავნება ზიანს მიაყენებს თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ამ სახელმწიფოს უფლება აქვს, ჩაერთოს სამართალწარმოებაში საკითხის წინამდებარე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტის მიზნით.
თუ სახელმწიფოს შეფასებით, ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, სახელმწიფო გადადგამს ყველა გონივრულ ნაბიჯს პროკურორთან, დაცვის მხარესთან, წინასასამართლო პალატასთან ან სასამართლო პალატასთან კოორდინაციით, როგორც ამას მოითხოვს კონკრეტული შემთხვევა, რათა საკითხი გადაჭრას თანამშრომლობაზე დაფუძნებული საშუალებებით. ასეთი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს:
მოთხოვნის შეცვლას ან დაზუსტებას;
მოთხოვნილი ინფორმაციის ან მტკიცებულების რელევანტურობის დადგენას სასამართლოს მიერ, ან იმის დადგენას, შეიძლება თუ არა მტკიცებულება, მიუხედავად მისი რელევანტურობისა, მოპოვებული ყოფილიყო ან ხომ არ იყო მოპოვებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან განსხვავებული წყაროდან;
ინფორმაციის ან მტკიცებულების სხვა წყაროდან ან სხვა ფორმით მოპოვებას; ან
შეთანხმებას იმ პირობებზე, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია დახმარების გაწევა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის შეჯამებული ან რედაქტირებული ფორმით მიწოდება, შეზღუდვების დაწესება გამჟღავნებაზე, დახურული ან ex parte სამართალწარმოების გამოყენება ან სხვა დამცავი ზომები, რომლებიც ნებადართულია წესდებითა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“.
როგორც კი ყველა გონივრული ნაბიჯი გადაიდგმება საკითხის თანამშრომლობაზე დაფუძნებული საშუალებებით გადასაჭრელად და თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საშუალებები ან პირობები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება ან გამჟღავნება თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, იგი პროკურორს ან სასამართლოს აცნობებს თავისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზების შესახებ, თუ მიზეზების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია თავისთავად არ გამოიწვევს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ასეთი ზიანის მიყენებას.
შემდგომში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მტკიცებულებები რელევანტური და აუცილებელია ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დასადგენად, სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
როდესაც ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნება მოთხოვნილია მე-9 ნაწილის ფარგლებში თანამშრომლობის მოთხოვნის ან მე-2 პუნქტში აღწერილი გარემოებების შესაბამისად და სახელმწიფომ გამოიყენა 93-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი:
სასამართლოს შეუძლია, მე-7 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებული ნებისმიერი დასკვნის გამოტანამდე, მოითხოვოს დამატებითი კონსულტაციები სახელმწიფოს პოზიციების განხილვის მიზნით, რაც, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს დახურულ და ex parte მოსმენებს;
თუ სასამართლო დაასკვნის, რომ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლის გამოყენებით, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ მოქმედებს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საკითხი გადასცეს 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თავისი დასკვნის მიზეზების მითითებით; და
სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ გააკეთოს ისეთი დასკვნა, როგორიც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ასეთ გარემოებების გათვალისწინებით; ან
ყველა სხვა შემთხვევაში:
გასცეს გამჟღავნების ბრძანება; ან
იმდენად, რამდენადაც ის არ გასცემს გამჟღავნების ბრძანებას, ბრალდებულის სასამართლო პროცესზე გამოიტანოს ისეთი დასკვნა ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ, როგორიც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარემოებების გათვალისწინები