ჩვენების მიცემამდე, თითოეული მოწმე, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, იღებს ვალდებულებას მის მიერ მისაცემი ჩვენების სისწორესთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესზე მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს პირადად, გარდა იმ შემთხვევებისა, როგორც ეს გათვალისწინებულია 68-ე მუხლით ან „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. სასამართლოს ასევე შეუძლია გასცეს ნებართვა მოწმის მიერ viva voce (ზეპირი) ან ჩაწერილი ჩვენების ვიდეო ან აუდიო ტექნოლოგიის საშუალებით მიცემის, ასევე – დოკუმენტების ან წერილობითი ჩანაწერების წარდგენის თაობაზე, წინამდებარე წესდების მიხედვით და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. ეს ზომები არ უნდა იყოს ბრალდებულის უფლებების საზიანო ან მათთან შეუსაბამო.

მხარეებს შეუძლიათ, 64-ე მუხლის შესაბამისად, წარადგინონ საქმისთვის რელევანტური მტკიცებულებები. სასამართლოს უფლება აქვს, მოითხოვოს ყველა იმ მტკიცებულების წარდგენა, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს სიმართლის დასადგენად.

სასამართლოს შეუძლია, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი მტკიცებულების რელევანტურობის ან დასაშვებობის შესახებ, inter alia, მტკიცებულებების მტკიცებითი ღირებულებისა და ნებისმიერი ზიანის გათვალისწინებით, რომელიც ასეთმა მტკიცებულებებმა შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლო პროცესის ან მოწმის ჩვენების სამართლიანი შეფასების მიმართ.

სასამართლომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას კონფიდენციალობის პრივილეგიები, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“.

სასამართლომ არ უნდა მოითხოვოს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების მტკიცებულება, თუმცა შეუძლია, რომ პრეიუდიციულად დადგენილად მიიჩნიოს ისინი.

წინამდებარე წესდების ან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები არ იქნება დასაშვები, თუ:

დარღვევა არსებითად ეჭვქვეშ აყენებს მტკიცებულებების სანდოობას; ან

მტკიცებულებების დაშვება შეეწინააღმდეგებოდა სამართალწარმოების მთლიანობას და სერიოზულ ზიანს მიაყენებდა მას.

სახელმწიფოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების რელევანტურობის ან დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენების თაობაზ