განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენა ტერმინები, რომელთაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოფიციალური (ოფიციალური) დასახელება − სურსათის სახელწოდება, რომლითაც იგი განთავსებულია ბაზარზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელი დასახელებითაც იგი მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს;

ბ) შედგენილი ტერმინი − ალკოჰოლიანი სასმელების აღნიშვნის, წარდგენისა და ეტიკეტირების დროს დანართ №1-ით − „სპირტიანი სასმელების კატეგორიები“ განსაზღვრული ოფიციალური დასახელების ან სპირტიანი სასმლის გეოგრაფიული აღნიშვნის (საიდანაც წარმოშობილია საბოლოო/მზა პროდუქტის მთლიანი ალკოჰოლი) კომბინაცია ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ დასახელებასთან:

ბ.ა) ერთი ან რამდენიმე სასურსათო პროდუქტის დასახელებასთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ალკოჰოლიან სასმელებს და არც სასურსათო პროდუქტებს, რომლებიც, დანართ №1-ის შესაბამისად, გამოიყენება ამ სპირტიანი სასმლის წარმოებისათვის ან ზედსართავ სახელებთან, რომლებიც წარმოქმნილია ამ დასახელებებიდან;

ბ.ბ) ტერმინები − „ლიქიორი“ ან „ნაღები“/“კრემი“ („cream”);

გ) მითითება/მინიშნება − აღწერაში, წარდგენაში ან ეტიკეტზე პირდაპირი ან ირიბი (არაპირდაპირი) მინიშნება დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიების ერთ ან რამდენიმე ოფიციალურ დასახელებაზე ან სპირტიანი სასმელების ერთ ან რამდენიმე გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, გარდა შედგენილ ტერმინში ან ინგრედიენტების ჩამონათვალში მინიშნებებისა, როგორც ეს განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 − მე-6 პუნქტებით:

გ.ა) სასურსათო პროდუქტზე, გარდა სპირტიანი სასმლისა;

გ.ბ) სპირტიან სასმელზე, რომელიც შეესაბამება დანართ №1-ის 32-ე − 39-ე პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ.გ) სპირტიან სასმელზე, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

დ) გეოგრაფიული აღნიშვნა − აღნიშვნა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელს ან სხვა აღნიშვნას, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ სპირტიანი სასმლის მოსანიშნად, რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი და რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, მისი გეოგრაფიული წარმოშობითაა განპირობებული, რომლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში;

ე) პროდუქტის სპეციფიკაციები − „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთიანი დოკუმენტი, რომელიც თან უნდა ახლდეს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადს;

ვ) ხედვის არეალი − შეფუთვის მთელი ზედაპირი, რომელზედაც განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია ხედვის ერთი წერტილიდან;

ზ) შერევა − დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორი(ებ)ის ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული სასმელების კომბინაცია ჩამოთვლილთაგან ერთთან ან რამდენიმესთან:

ზ.ა) სხვა სპირტიან სასმელ(ებ)თან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დანართ №1-ით განსაზღვრულ იმავე კატეგორიის სპირტიან სასმელს;

ზ.ბ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატ(ებ)თან;

ზ.გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტთან;

თ) ნარევი − სპირტიანი სასმელი, რომელიც დაექვემდებარა შერევას;

ი) კუპაჟირება − შემადგენლობაში უმნიშვნელო განსხვავებების მქონე, ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სპირტიანი სასმლის კომბინაცია. ამგვარად წარმოებული სპირტიანი სასმელი მიეკუთვნება სპირტიანი სასმელების იმავე კატეგორიას, რასაც ორიგინალი სპირტიანი სასმელები შერევამდე. საწყისი სპირტიანი სასმელების უმნიშვნელო განსხვავებები შესაძლებელია, გამოწვეულ იქნეს შემდეგი ერთი ან რამდენიმე ფაქტორის გამო:

ი.ა) წარმოების მეთოდი;

ი.ბ) გამოყენებული გამოსახდელი აპარატები;

ი.გ) დავარგების ან დაძველების პერიოდი;

ი.დ) წარმოების გეოგრაფიული არეალი;

კ) კუპაჟი − სპირტიანი სასმელი, რომელიც მიღებულია კუპაჟირებით;

ლ) ჩვეული დასახელება − სურსათის სახელწოდება, რომელსაც მომხმარებელი სურსათის შეძენისას აღიქვამს, როგორც სურსათის სახეობას და აღარ საჭიროებს შემდგომ დამატებით ახსნა-განმარტებას;

მ) დეკლარირებული სტანდარტი − სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტი;

ნ) აღწერა − ტერმინები, რომლებიც გამოიყენება სპირტიანი სასმლის ეტიკეტზე, წარდგენისას და შეფუთვაზე, სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირებისას თანმხლებ დოკუმენტებში, კომერციულ დოკუმენტებში, კერძოდ, ინვოისებსა და ზედდებულებში და ასევე სპირტიანი სასმლის რეკლამაში;

ო) წარდგენა/პრეზენტაცია − ტერმინები, რომლებიც გამოიყენება ეტიკეტსა და შეფუთვაზე, ასევე პროდუქტის რეკლამასა და გაყიდვების რეკლამაში, სურათებში ან მსგავს საშუალებებში, ასევე ტარაზე, მათ შორის, ბოთლზე ან ბოთლის სახურავზე;

პ) ეტიკეტირება − ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი/მარკა, სასაქონლო ნიშანი/ბრენდი, ბრენდის დასახელება, გამოსახულება ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტთან და განთავსებულია ან მოცემულია ნებისმიერ შეფუთვაზე, დოკუმენტში, შეტყობინებაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე, რომელიც თან ახლავს ამ პროდუქტს ან მიუთითებს მასზე;

ჟ) ეტიკეტი − ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული გამოსახულება ან სხვა აღწერილობითი მასალა, რომელიც სპირტიანი სასმლის შეფუთვაზე ან ტარაზე/კონტეინერზე წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით არის განთავსებული ან მიმაგრებული;

რ) შეფუთვა – დამცავი შეფუთვა, ყუთ(ებ)ი, ტარა/კონტეინერები და ბოთლები, რომლებიც გამოიყენება სპირტიანი სასმლის ტრანსპორტირების და/ან რეალიზაციის დროს;

ს) დისტილაცია − თერმული სეპარაციის პროცესი, რომელიც მოიცავს დაყოფის ერთ ან რამდენიმე ეტაპს და გამიზნულია განსაზღვრული ორგანოლეპტიკური თვისებების ან ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციის ან ორივეს მისაღწევად, მიუხედავად იმისა, გამოყენებული დისტილაციის მოწყობილობის მიხედვით, ეს ეტაპები ხორციელდება ნორმალური წნევის პირობებში თუ ვაკუუმში. დისტილაცია შეიძლება, იყოს ერთჯერადი, მრავალჯერადი ან განმეორებითი;

ტ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი − ალკოჰოლური სითხე, რომელიც მიღებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნედლეულის სპირტული დუღილის/ალკოჰოლური ფერმენტაციის პროდუქტ(ებ)ის შემდგომი დისტილაციით, რომელსაც არ ახასიათებს უშუალოდ ეთილის სპირტის ან სპირტიანი სასმელ(ებ)ის თვისებები, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;

უ) დატკბობა − სპირტიანი სასმელების წარმოებაში ერთი ან რამდენიმე დამატკბობელი პროდუქტის გამოყენება;

ფ) დამატკბობელი პროდუქტები − პროდუქტები, რომლებიც მიეკუთვნება ერთ-ერთს:

ფ.ა) ნახევრად თეთრი შაქარი (შაქრის ფხვნილი), თეთრი შაქარი, ექსტრა-თეთრი შაქარი, დექსტროზა, ფრუქტოზა, გლუკოზის სიროფი, შაქრის ხსნარი, ინვერსიული შაქრის ხსნარი, ინვერსიული შაქრის სიროფი;

ფ.ბ) ყურძნის ტკბილი რექტიფიცირებული კონცენტრირებული, ყურძნის ტკბილი კონცენტრირებული, ყურძნის ტკბილი ახალი;

ფ.გ) დამწვარი შაქარი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საქაროზას კონტროლირებადი გაცხელების შედეგად მიღებულ პროდუქტს, ფუძეების, არაორგანული მჟავებისა და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე;

ფ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თაფლი;

ფ.ე) მცენარე კერატის (Ceratonia siliqua L.) ნაყოფის სიროფი;

ფ.ვ) ნებისმიერი, ბუნებრივი წარმოშობის სხვა ნახშირწყლები, რომელთაც ამ ქვეპუნქტის „ფ.ა“ – „ფ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების მსგავსი ეფექტი აქვთ;

ქ) ალკოჰოლის დამატება − სპირტიან სასმელში სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატების ან ორივეს დამატება; ასეთი დამატება არ მოიცავს იმ ალკოჰოლს, რომელიც გამოიყენება საღებავების, არომატიზატორების ან სპირტიანი სასმელების წარმოებაში გამოყენებული სხვა დაშვებული ინგრედიენტების გასახსნელად ან განზავებისათვის;

ღ) დავარგება ან დაძველება – გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპირტიანი სასმლის შენახვა შესაბამის ჭურჭელში იმ მიზნით, რომ ალკოჰოლურმა სასმელმა განიცადოს ბუნებრივი რეაქციები, რომლებიც მას სპეციფიკურ მახასიათებლებს ანიჭებენ;

ყ) არომატიზება − სპირტიანი სასმელების წარმოების პროცესში არომატიზატორების ან არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის დამატება ერთი ან რამდენიმე პროცესით − დამატება, დაყოვნება, მაცერაცია, სპირტული დუღილი/ალკოჰოლური ფერმენტაცია ან ალკოჰოლის დისტილაცია არომატიზატორების ან არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის თანაობისას;

შ) არომატიზატორები − პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და რომლის დამატება ხდება სურსათისათვის არომატის ან/და გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით. არომატიზატორი მზადდება ან შედგება არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორების, შესაბოლი არომატიზატორების, არომატიზატორების პრეკურსორების ან სხვა არომატიზატორების ან მათი ნარევებისაგან;

ჩ) არომატული ნივთიერება − განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებები დამახასიათებელი გემოთი და არომატით;

ც) ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები – არომატული ნივთიერებები, რომლებიც მიიღება შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული, მიკრობიოლოგიური პროცესებით მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან, ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის ერთი ან მეტი ტრადიციული პროცესით მომზადებისას. ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები შეესაბამებიან ბუნებაში ბუნებრივად არსებულ ან გამოვლენილ ნივთიერებებს;

ძ) არომატული პრეპარატი – პროდუქტი, გარდა არომატიზატორისა, რომელიც მიღებულია:

ძ.ა) სურსათისაგან, სათანადო ფიზიკური, ფერმენტული ან მიკრობიოლოგიური პროცესებით, ან ნედლეულიდან ან ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის მომზადების ერთი ან მეტი ტრადიციული პროცესის გამოყენების შედეგად;

ძ.ბ) მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან, გარდა სურსათისა, სათანადო ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური პროცესებით, რომლის დროსაც მასალა აღებულია არსებული ფორმით ან დამზადებულია ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის მომზადების ერთი ან მეტი ტრადიციული პროცესის გამოყენებით;

წ) სხვა არომატიზატორები – დანამატები, რომლებიც ემატება ან განკუთვნილია სურსათში დასამატებლად გემოს ან/და სუნის მიცემისთვის და რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ნ“ − „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საშუალებებს;

ჭ) არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათი – სურსათის ინგრედიენტი, გარდა არომატიზატორებისა, რომელიც შესაძლოა სურსათს დაემატოს ძირითადად გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით და რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს სურსათში ბუნებრივი, არასასურველი ნივთიერებების არსებობას;

ხ) შეფერვა/შეღებვა – სპირტიანი სასმლის წარმოების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საღებავის გამოყენება;

ჯ) საღებავი – ნივთიერება, რომელიც აძლევს ფერს ან აღადგენს სურსათის შეფერილობას და მოიცავს სურსათის ბუნებრივ კომპონენტებს ან ბუნებრივ წყაროებს, რომლებიც, როგორც წესი, არ გამოიყენება სურსათად და სურსათის ტიპურ ინგრედიენტად. პრეპარატები, რომლებიც მიიღება სურსათიდან და სურსათის სხვა საკვებად ვარგისი ბუნებრივი წყაროებიდან ფიზიკური და/ან ქიმიური ექსტრაქციით, რასაც თან ახლავს საკვებ ან არომატულ კომპონენტებთან დაკავშირებული პიგმენტების სელექტიური ექსტრაქცია, ასევე წარმოადგენენ საღებავებს;

ჰ) კარამელი − საკვებდანამატები E 150a, E 150b, E 150c ან E 150d, რომლებიც განსაზღვრულია „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით დამტკიცებული „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დანართ №1-ის − „სურსათში გამოსაყენებლად დაშვებული საკვებდანამატები და მათი გამოყენების პირობები“ − „ბ“ ნაწილით და წამოადგენენ მეტნაკლებად ინტენსიური ყავისფერი შეფერილობის პროდუქტებს, რომლებიც განკუთვნილია შეღებვისათვის. კარამელი არ წარმოადგენს შაქრიან არომატულ პროდუქტს, რომელიც მიიღება შაქრის გაცხელებით და გამოიყენება არომატიზაციისათვის;

ჰ1) სხვა დაშვებული ინგრედიენტები − არომატული თვისებების მქონე სხვა ინგრედიენტები, რომლებიც დაშვებულია „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 დადგენილებით და საკვებდანამატები, გარდა „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით დაშვებული საღებავებისა;

ჰ2) მოცულობითი სპირტშემცველობა/ფაქტობრივი სპირტშემცველობა − ეთილის სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე;

ჰ3) აქროლადი ნივთიერებების შემცველობა − სპირტიან სასმელში აქროლადი ნივთიერებების ის რაოდენობა, გარდა ეთილის სპირტისა (ეთანოლი) და მეთილის სპირტისა (მეთანოლი), რომელიც მიიღება მხოლოდ დისტილაციის გზით;

ჰ4) მაცერაცია − მცენარეული წარმოშობის ქსოვილების (მთლიანი მცენარე ან/და მცენარის ნაწილები) დაყოვნება თხევად გამხსნელში (წყალი, ზეთ(ებ)ი, ეთილის სპირტი ან/და სპირტის წყალხსნარი) ხსნადი ნივთიერებების ექსტრაქციის მიზნით;

ჰ5) ნარჩენების მაქსიმალური რაოდენობა − ქიმიური ნივთიერებ(ებ)ის მაქსიმალური კონცენტრაციის ზედა დასაშვები დონე, რომელიც შეიძლება არსებობდეს მზა სპირტიან სასმელში წარმოების, გადამუშავების ან/და დამუშავების ეტაპების შემდეგ და რომელიც რისკს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს;

ჰ6) ბაზარზე განთავსება − ბიზნესოპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სპირტიანი სასმლის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინებ